ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ჭალადიდის თემში „სოფლის სახლმა“ დაიწყო ფუნქციონირება



19 მარტს პრეზიდენტის რწმუნებულმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში,  გურამ მისაბიშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგა ღურწკაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძესთან ერთად,   მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ჭალადიდის თემში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.  მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა [MDF]  და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით   განხორციელდა.  შენობაში სოფლის რწმუნებულთან ერთად, სოფლის დეპუტატი და ადმინისტრაციული სამსახურის სხვა თანამშრომლები განთავსდებიან, რომლებიც სოფლის 3000-მდე  მკვიდრს სხვადასხვა სახის მომსახურებას გაუწევენ.
„აღნიშნულ შენობაში მოსახლეობას საშუალება ექნება უშუალოდ შეხვდეს სოფლის რწმუნებულს, მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელს და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს, ყოველივე ეს კი, ხელს შეუწყობს  უფრო მეტ კომუნიკაციას ხალხსა და ხელისუფლებას შორის.  რაც შეეხება სოფლის შიდა გზების შეკეთებას, წყლის პრობლემებსა და სხვა საკითხებს, სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და აუცილებლად შესრულდება, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა“ ასრულებს“  - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
გუბერნატორმა „სოფლის სახლის“ გარდა  დაათვალიერა ჭალადიდის საბავშვო ბაღი, რომელსაც  გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) „ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამისა“ (დამფინანსებელი-ნორვეგიის მთავრობა) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, ასევე,  ჭალადიდის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი, რომელიც  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.