ხობის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის პრეზენტაცია


24 თებერვალს  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში ხობის, სენაკისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმის  პრეზენტაცია გაიმართა. 
პრეზენტაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის 2012-2017 წლების განვითარების გეგმა გამგებლის მოადგილემ ბატონმა მურთაზ ბოკუჩავამ წარმოადგინა  და  დამსწრე საზოგადოებას  ამ გეგმის ძირითადი ნაწილები გააცნო, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი მოკლე ისტორია, ბუნებრივი კაპიტალი (რესურსები), ადამიანური და სოციალური კაპიტალი, ინფრასტრუქტურული კაპიტალი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა  და ბუნებრივი კატასტროფების რისკი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა  2012-2017 წლების მთავარი პრიორიტეტები,  კერძოდ: მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაზრდა, ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ბუნებრივი კატასტროფების რისკი და საგანგებო სიტუაციების მართვა.
აღსანიშნავია, რომ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას  გაეროს განვითარების პროგრამა და საერთაშორისო ესპანური ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ მიიღებენ.
პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რწმუნებული-გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი,  გაეროს განვითარების პროგრამების მენეჯერი ფლორიან დელონე და რეგიონის  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე და გამგებელი გოგა ღურწკაია ესწრებოდნენ.