პირველი მაისის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება


სოფელ პირველ მაისში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სამონასტრო კომპლექსში  შიდა სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. დასრულდა ტაძრის მშენებლობა და დამონტაჟდა ტაძართან მისასვლელი კიბე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები: დასამთავრებელია კელიებისა და სამრეკლოს მშენებლობა, ეზოსა და პატრიარქის მოსასვენებელი ბაღის კეთილმოწყობის სამუშაოები. მონტაჟდება ეზოს გალავნისა და კიბეების მინათება-განათება.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ დაათვალიერა. „მშენებარე სამონასტრო  კომპლექსი, სადაც ახლო მომავალში უწმინდესისა და უნეტარესის რეზიდენცია განთავსდება, არის  და იქნება ხობისა და ხობელების ერთგვარი სავიზიტო ბარათი, გზა, რომელიც ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ტაძრამდე მიიყვანს. ჩვენი ქალაქი კიდევ ერთხელ ეზიარება იმ დიდ მადლს, რასაც პატრიარქის ხობში ჩამობრძანება ჰქვია, ამიტომ კომპლექსის დაჩქარებული ტემპით მუშაობა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა სამუშაოებთან ერთად ჩვენს პრიორიტეტად რჩება“ აღნიშნა გამგებელმა.