სოფელ ჭალადიდში მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება

.
სოფელ ჭალადიდში დაიწყო მასშტაბური სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, ჭალადიდის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია. დაგეგმილია საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები, რითაც სოფელს თანამედროვე სტანდარტების მქონე მნიშვნელოვანი ობიექტები შეემატება. მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა აგრძელებს სამუშაო ფორმატის შეხვედრებს მოსახლეობასთან, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება სოფლის განვითარების მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებში. შეხვედრაზე საინფორმაციო მიმოხილვით გამოვიდა გამგეობის რწმუნებული სოფელ ჭალადიდში შორენა ბერაია. განხილულ იქნა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ შესრულებული სამუშაოები და სოფლის პირველი რიგის პრობლემები. ისაუბრეს კონკრეტულ საკითხებზე, რაც სოფელთან, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, აგრარულ პოტენციალთან, ბუნებრივ რესურსთან, მცირე საოჯახო მეურნეობების გაძლიერებასთანაა დაკავშირებული. გამოიკვეთა დადებითი დამოკიდებულება ხელისუფლების მიერ სოფელში განხორციელებული პროექტებისადმი, ხოლო შესასრულებელი სამუშაოების ეფექტური დაგეგმვისა და პროექტირების შესახებ გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები. ,,თქვენ უფრო მეტად უნდა ჩაერთოთ სახელმწიფო მნიშვნელობის მუნიციპალურ, რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში, რითაც ჩვენ მივიღებთ საკუთარი სოფლის განმავითარებელ სეგმენტს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა სპეციფიური და აუცილებელი სერვისების განვითარებას შეუწყობს ხელს’’ მუნიციპალიტეტის გამგებელმა რწმუნებულის აპარატსა და მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფს,ეკონომიკის სამსახურების სპეციალისტებთან კოორდინირებით დაავალა კონკრეტული წინადადების წარმოდგენა.