უახლოეს დღეებში- სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდ- ბოგირის აღდგენით განახლდება მარშრუტი- ,,ზუგდიდი –ხამისქური’’
ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ტერიტორიულ ერთეულებში დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად ინტენსიურად მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. 26 სექტემბერს მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ დაათვალიერა სოფელ ხამისქურში, საკუკაოს უბანში ხიდ- ბოგირის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც რკინა- ბეტონის კონსტრუქციისაა და საკუკაოს უბნის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს, როგორც საფეხმავლო, ასევე ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. შესაბამისად აღდგება, ხიდ- ბოგირის დაზიანებით შეწყვეტილი მარშრუტი- ხამისქური- ზუგდიდი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებდა საქირიოსა და საკუკაოს უბნის მოსახლეობას. მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოფლისათვის აღმოჩენილი დროული დახმარებისა და ყურადღებისათვის. გამგებელი ასევე გაეცნო ხამისქურის საბავშვო ბაღში ფართის სიმცირით გამოწვეულ პრობლემას. მან განაცხადა, რომ ისეთ მრავალრიცხოვან სოფელს, როგორიც ხამისქურია, სჭირდება სკოლამდელი აღზრდის ობიექტი, ამიტომაც არსებული პრობლემა 2012 წელს დამატებითი ფართის მიშენებით გადაწყდება.