ქალაქ ხობში ხობის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი 'სიმღერა სამეგრელოზე' გაიხსნა. პროგრამის ფარგლებში ხობის კულტურის სახლში მისასალმებელი საღამო გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ. ფესტივალი სამდღიანია და 18 სექტემბერს დაიხურება. სამი დღის განმავლობაში უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთა შორის არის ანსამბლ 'გორდელას' 50 წლისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის გახსნა. ასევე, ხვალ, მიწვეული სტუმრებისთვის იგეგმება ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება. 18 სექტემბერს გაიმართება გრანდიოზული გალა-კონცერტი ქართველი და უცხოელი მომღერლების შესრულებით. ფესტივალი 18 სექტემბერს ფოიერვერკით დასრულდება. დღევანდელ კონცერტზე კი, ფესტივალში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა გოდერძი ბუკიას, რომელიც ფესტივალის სულის ჩამდგმელია. ხობის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა ასევე ანზორ ერქომაიშვილს, ვახტანგ როდონაიას, სერგო კენჭაძეს, გომარ სიხარულიძეს, თეიმურაზ ბოჯგუას და მარინა მიქაძეს. ფესტივალი 'სიმღერა სამეგრელოზე' საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ 'ხობის' თაოსნობით 2003 წლიდან ტარდება.