ხობში საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ისტორიული ძეგლის რესტავრაცია დაიწყო
19 აგვისტოს ხობის მონასტრის სამრეკლოს აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესასწავლად ჩამოვიდა სამუშაო ჯგუფი, საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსის პაატა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც შეხვდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს იგორ ტყებუჩავას. მათ ისაუბრეს ხობის მონასტრის მნიშვნელობაზე, ხელისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დარგში გამოჩენილ განსაკუთრებულ აქცენტზე და მიმდინარე პროექტზე, რომელმაც ეს ერთ-ერთ უდიდესი და არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო ისტორიული ნაგებობა დანგრევას გადაარჩინა. აღდგება გუმბათის სარტყელი, გადაიხურება და მოწესრიგდება წყალგამშვები სისტემა, რითაც დატენიანებისგან დაცულ იქნება სამრეკლოს კედლები, რადგანაც ეს არის ამჟამად არსებული ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. ასევე თავდაპირველი სახით აღდგება სამრეკლოს კიბეები და სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება სამრეკლოს ფასადი. ,,ქვეყანა სადაც წარსულს ასე უვლიან, საუკეთესო მომავალს ააშენებს’’ განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ხობის მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა ხელისუფლებასა და ეროვნულ სააგენტოს ამ უნიკალური მონასტრისადმი გამოჩენილი ყურადღების გამო.