29-ივლისი-2011
ტერიტორიულ ერთეულებში სამუშაო გასვლები გრძელდება.
სოფელ ახალ ხიბულაში მოეწყო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სადაც განხილულ იქნა სოფლის მოსახლეობისათვის უმთავრესი საკითხები , როგორიცაა, მიწის შესყიდვისათვის დადგენილი ვადები და კრიტერიუმები, ასევე ჭანისწყლის ადიდების შედეგად დატბორილი ფართობების შესახებ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისა და შიდა გზებზე მოხრეშვითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. . მოსახლეობამ მოითხოვა ჭანისწყალზე ხიდ- ბოგირის მოწყობის გათვალისწინება 2012 წლისათვის, რაც პრივატიზებულ ტერიტორიებამდე მისვლას გაადვილებს . მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ განაცხადა, რომ უმთავრესი წინაპირობა ხელისუფლების სტრატეგიისა ის არის , რომ მაქსიმალურად იქნეს შესწავლილი მოსახლეობის მოთხოვნები, პრობლემები და ის რაც კეთდება 2011 წელს, იყოს ეფექტური, ხოლო ამთავითვე დაიწყოს ზრუნვა 2012 წლისათვის გასათვალისწინებელ საკითხებზე, რაც სოფელს გამოადგება. სოფელში ინვესტიციაც უნდა შემოვიდეს, რეალურად განვითარდეს და შეიქმნას დასაქმების დამატებითი კერა.
26-ივლისი-2011
მოსახლეობის არჩევანი და პროგრამის მიმდინარეობა
სოფელ ხეთაში ოხვამეკარის უბნამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც რკინიგზის ხიდს ქვეშ გადის წლების განმავლობაში სანიაღვრე არხების მოუწყობლობით შექმნილი პრობლემის გამო გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში ამოიწმინდა არსებული არხები, რომლის ირგვლივ მოეწყო მონოლითური ფილები, ასევე წყლის გადამყვანი ცხაური, წყალამრიდი ჯებირი და ბეტონის საფარი, რამაც გზის ამ მონაკვეთზე არსებული პრობლემა გადაჭრა. ამავე სოფელში მდინარე ოჩხომურზე-ახალი ხიდ- ბოგირი მოეწყო, სადაც ჩამაგრებულ იქნა სანაპირო ბურჯები, კეთილმოეწყო ხიდ- ბოგირის სავალი ნაწილი, ასევე ფოლადის ფურცლოვანი მასალით გაკეთდა მოაჯირი. სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ,რომელიც შეხვდა ამ უბნის მოსახლეობას. გამგებელმა შეხვედრისას განაცხადა., რომ მოსახლეობის არჩევანი და პროგრამის მიმდინარეობა ხარისხმა უნდა განაპირობოს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’’- სოფლის სხვა უბნებშიც აქტიურად განხორციელდება, გამგებელმა მოუწოდა მათ, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას იკონტაქტონ გამგეობის შესაბამის სამსახურებთან.
22-ივლისი-2011
დასრულდა ხობელი ჟურნალისტის გოგი ბუკიას სახელობის მემორიალური ტურნირი ნარდში
22 ივნისს დასრულდა ხობელი ჟურნალისტის გოგი ბუკიას სახელობის მემორიალური ტურნირი ნარდში, სადაც დარეგისტრირდა 64 ადგილობრივი მოთამაშე. შეჯიბრი რამდენიმე დღე გაგრძელდა, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-3 ადგილი დაიკავა სოფელ საჯიჯაოს მკვიდრმა კუკური ქაჯაიამ, მე-2 ადგილზე გავიდა ნუკრი ბუკია - ხეთა, ხოლო І ადგილს შარაშანდელი ტურნირის გამარჯვებული ხობელი ნოდარი ხურცია დაეუფლა. თითოეულ გამარჯვებულს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული ფასიანი საჩუქრები გამგებლის მოადგილემ ქალბატონმა რალა ჩემიამ გადასცა. პირველი ადგილზე გასული მოთამაშე მონაწილეობას მიიღებს ІV საერთაშორისო ნარდის ტურნირში, რომელიც აგვისტოს დასაწყისში ჩაქვში გაიმართება.
21-ივლისი-2011
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფორმაციული სახის შეხვედრა გამართა. ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ნოდარ ჯიქია, სხვა წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ იგორ ტყებუჩავას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ინფორმაციული სახის იყო, სადაც სტუმრებმა ისაუბრეს ბოლო დროს საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიღეს რეკომენდაციები მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად.საინტერესო დისკუსია გაიმართა პოლიტიკურად რეპრასირებულთა თემაზე. დასასრულს საზოგადოების წევრებმა კითხვით მიმართეს სტუმრებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
20-ივლისი-2011
სტარტი აიღო გოგი ბუკიას სახელობის ტურნირმა ნარდში
20 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო ცნობილი ჟურნალისტისა და ღირსეული ხობელის გოგი ბუკიას სახელობის მემორიალურმა ტურნირმა ნარდში. მუნიციპალურ ტურნირში გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს გოგი ბუკიას სახელობის IV საერთაშორისო ნარდის ტურნირში, რომელიც წელს აგვისტოს დასაწყისში ჩაქვში ჩატარდება და ტრადიციულად შეხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. 20 ივნისს ტურნირში მონაწილედ დარეგისტრირდა 54 ადგილობრივი მონარდე.
20-ივლისი-2011
დროებით შეწყვეტილი წყალმომარაგება აღდგება
,, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია’’ ხობის მუნიციპალიტეტში განახორციელებს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას. შესაბამისად გადასაწყვეტია ის პრობლემატური საკითხები, რომელიც გარკვეულ სექტორში და უბნებზეა შექმნილი. მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა და კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ სოფელ ნოჯიხევის `საურიო`-ს უბნის მოსახლეობას, რომლის 80- მდე მოსახლეს აღუდგება შეწყვეტილი წყალმომარაგება. წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან განხილულ იქნა დადიანის ქუჩაზე საქსელო სისტემის გარკვეულ მონაკვეთზე შექმნილი პრობლემა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილისათვის წყლის მიწოდება შეწყვეტილია რაც მაქსიმალურად მცირე დროში უნდა გადაწყდეს.
19-ივლისი-2011
ხობში ჰიბრიდული სიმინდის ფართობებზე პირველი პროგნოზები კეთდება
სახელმწიფოს მიერ მარცვლეული კულტურის, კერძოდ სიმინდის მაღალმოსავლიანობის გარანტად შემოტანილ იქნა კლიმატმედეგი ჯიშის სიმინდის სათესლე მასალა, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტში აგროვადების სრული დაცვით დაითესა.
მიუხედავად არახელსაყრელი ამინდებისა-ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის ფართობებზე პირველი შედეგები სახეზეა. მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტერიტორიულ ერთეულებში სამუშაო გასვლისას ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამების’’ პარალელურად შეისწავლის მოსახლეობის სასოფლო- სამეურნეო ნაკვეთებზე არსებულ სიტუაციას. ძველი ხიბულის ტერიტორიაზე, სადაც ტრადიციული ჯიში ჰიბრიდული სახეობით ჩაანაცვლეს ადგილობრივებმა რუბენ ქავთარაძემ, რადიონ ღურწკაიამ უკვე შესაძლებელია სამეურნეო- საპროგნოზო მონაცემებზე საუბარი. ტრადიციულ ჯიშებთან შედარებით გაცილებით მაღალ მოსავალს ელოდებიან აღნიშნული ფართობების მესაკუთრეები.
,,პირველი წელი, ყოველგვარი ინოვაცია სარისკოა, ამიტომაც წელს აღებული მაღალი მოსავალი, სამომავლოდ გაზრდის ამ სახეობით ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებას”-განაცხადა ფერმერებთან შეხვედრისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ.
18-ივლისი-2011
ადიდებულმა ჭანისწყალმა ორი სოფელი დააზარალა
17 ივლისს ადიდებულმა ჭანისწყალმა ხობის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ძველი ხიბულისა და საჯიჯაოს ტერიტორიაზე გაარღვია დამბები და სოფელ ნარაზენისა და საჯიჯაოს დამაკავშირებელ ხიდთან მისასვლელი გზის პერიმეტრი. წყალდიდობის შედეგად ორივე სოფელში 14 ჰექტრამდე სასოფლო- სამეურნეო სავარგული დაიტბორა. სტიქიის ადგილზე გამგეობის სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდა მუნიპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, მიმდინარეობს სტიქიით მიყენებული ზარალის შესწავლა და ტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვა, რათა განმეორებითი წყალდიდობის შემთხვევაში თავიდან იქნეს აცილებული უფრო მძიმე ფორმის შედეგები.
15-ივლისი-2011
დიდება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას
ყოველი წლის 2-15 ივლისს ხდება, ღვთისმშობლის კვართის გამობრძანება ზუგდიდის მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მორწმუნეებს ეძლევათ საშუალება ემთხვიონ და თაყვანი სცენ ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდეს სიწმინდეს. ქართლის ცხოვრების მიხედვით ``პერანგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა სასწაულმოქმედი ინახებოდა ხობის მონასტერში. ის ვერცხლის კიდობანში ყოფილა დაცული და საყდრის საკურთხეველთან დადგმული, მთავრის ლევან II- სა და კათალიკოსის ბეჭდით დალუქული.`` ღვთისმშობლის კვართთან უამრავი კურნებანი და სასწაულები აღესრულებოდა. ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
15-ივლისი-2011
სოფელ ქარიატაში არსებული საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია გაგრძელდება
სოფელ ქარიატაში საცალფეხო ხიდი, რომელიც სოფლის ორ ნაწილს აკავშირებდა და წყალდიდობების შედეგად სერიოზულად დაზიანდა, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით შეკეთდა. მზიდ ბაგირებზე მოეწყო საკიდები, ასევე დამონტაჟდა დამცავი მავრთულბადე, აღდგა დაზიანებული სავალი ნაწილი. მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით ჩატარებული სამუშაოები ხიდის დროებითი გამაგრებისათვის შესრულებული გადაუდებელი ღონისძიებაა. მიმდინარეობს თანხების მოძიება ხიდის სრული რეაბილიტებისათვის, რათა ძირეულად შეიცვალოს საყრდენი ნაწილები, რაც ხიდის მდგრადობის გარანტიაა.
15-ივლისი-2011
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვიზიტი ხობში
15 ივლისს ხობს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის გაწეული სამუშაოს შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
კომისიის წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს ცესკოს სამუშაო პრინციპები და სტრატეგიული მიზნები, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციას, მხარეთა პროაქტიურ თანამშრომლობას და საქართველოში ინფორმირებული ამომრჩევლის არსებობას.
საზოგადოებას გააცნეს სამომავლო გეგმები, რომელიც მომავალი არჩევნების ობიექტურად, გამჭვირვალედ, საჯაროდ და კანონის დაცვით ჩატარებას გულისხმობს. ასევე ყურადღება გაამახვილეს დაინტერესებულ მხარეთა ურთიერთობებზე, რომელშიც მოიაზრებიან პოლიტიკური პარტიები, მედია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან იგორ ტყებუჩავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საუბარი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც დანსწრე საზოგადოებამ მათთვის საინტერესო კითხვებზე ცესკო -ს წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
13-ივლისი-2011
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ მიმდინარეობა სოფელ ქვემო ქვალონში
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ სოფელ ქვემო ქვალონში დამთავრდა სანიაღვრე არხების ამოწმენდა, რომლის სახელშეკრებულო ღირებულებამ შეადგინა- 9614, 0 ლარი, არხების ამოწმენდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და ასევე შესრულების მონაკვეთის ფარგლებში არსებულ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის მნიშვნელოვანი მელიორაციული დანიშნულებისაა და ხელს შეუწყობს დაჭაობების ზონის ნაწილობრივ შემცირებას. გიმოზგონჯილის უბანში პროგრამის ფარგლებში შესრულდება ხიდის რეაბილიტაცია, ი.ვეკუას ქუჩასა და ბულიშის უბანში შეკეთდება შიდა გზები, ვაჟა- ფშაველას, ნ, დუმბაძის, გ.ქარჩავას ქუჩებზე და ჭითაუშქურის უბანში რეაბილიტებულ იქნება წყალსადენი სისტემა. სამუშაოთა მიმდინარეობა ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
13-ივლისი-2011
კოლხეთის მიწაზე დაფუძნებულ აჭარულ სოფელში ტრადიციულ დღესასწაულად დამკვიდრდება ,,შავღელეობა”
გასული საუკუნის 90- იან წლებში შუახევისა და ხულოს რაიონებიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე დასახლდნენ და 20 წლის განმავლობაში შავღელეს უბნის სტატუსით ცხოვრობდნენ. უბანი, რომელიც 14 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს საავტომობილო გზიდან და 221 კომლითაა დასახლებული სტატუსის უქონლობის გამო ვერ სარგებლობდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი პროგრამებით. შავღელეს, როგორც ახალ ტერიტორიულ ერთეულს ესტუმრა მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, რომელმაც მიულოცა სოფლის მოსახლეობას პრეზიდენტის ბრძანებულებით სოფლის სტატუსის მინიჭება. ისაუბრა პატარა ფოთის ადგილობრივი და შავღელეს უბანში დასახლებული აჭარელი მოსახლეობის თბილ ურთიერთობებზე, ხაზი გაუსვა სამომავლოდ გასათვალისწინებელ სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების საკითხებს, რომელიც სოფლის მოსახლეობასთან ერთად უნდა დაიგეგმოს, ასევე ისაუბრა კულტურულ- საგანმანათლებლო კერების გაძლიერების პერსპექტივებზე. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად პირველ სამომავლო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. კოლხურ- აჭარული კულტურის საუკეთესო სინთეზისათვის ერთობლივი ყოველწლიური ფოლკლორული დღესასწაულის მოწყობა, რაც ქართული ფოლკლორის განვითარებას შეუწყობს ხელს. და უფრო მეტად დაახლოვებს ხობის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს. შეხვედრისას მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება პრეზიდენტის, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ სოფელი თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
12-ივლისი-2011
მართლმადიდებლური სამყარო პეტრე-პავლობას აღნიშნავს
12 ივლისს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ქრისტეს მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს. ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, წმინდა მოციქულთა ლოცვის მადლი გფარავდეთ.
12-ივლისი-2011
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შავღელეს სოფლის სტატუსი მიენიჭა
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და სოფელ პატარა ფოთის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 ივლისის №360 ბრძანებულებით სოფლის სტატუსი მიენიჭა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის შავღელეს უბანს.
08-ივლისი-2011
ხობის მუნიციპალიტეტში ამერიკული პეპელას საწინააღმდეგო ქიმიური ღონისძიებები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მავნებლის – ამერიკული პეპელას საწინააღმდეგო ქიმიური ღონისძიებები მიმდინარეობს, რაც ამ მავნებლის წინააღმდეგ გატარებული კომპლექსური დაცვითი ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია. მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე შესხურების მეთოდით მუშავდება საკარმიდამო და სასოფლო- სამეურნეო ნაკვეთები. ტექნიკურ ღონისძიებებს ახორციელებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.
08-ივლისი-2011
მოსახლეობის ჰიბრიდული ჯიშის სიმინდით დაინტერესების გარანტი მცენარის კლიმატმედეგობა და მაღალი მოსავალია
საქართველოს ხელისუფლების მიერ- აგრარულ პოლიტიკაში შეტანილი ინოვაცია, რომელიც კლიმატმედეგი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად- ხობის მუნიციპალიტეტში გაზაფხულიდან დაიწყო. დროულად იქნა მოწოდებული სათესლე მასალა ,რომელიც მუნიციპალიტეტში აგროვადების სრული დაცვით დაითესა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე- ივნისის წყალდიდობებმა და ხშირმა წვიმებმა მნიშვნელოვნად დააზარალა, ისე როგორც ადგილობრივი, ასევე ჰიბრიდული სიმინდის ჯიშის ფართობები. მიუხედავად სტიქიისა, მოსახლეობამ , ფერმერებმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადეს პირველი წლის მოსავლის მისაღები ღონისძიებების გასატარებლად. მუნიციპალიტეტის გამგებელი გაეცნო იმ ფართობებს, სადაც ჰიბრიდული სიმინდია დათესილი, რათა შეისწავლოს ისე , როგორც სანიმუშო ფართობები, ასევე – ნაკლებად შემოსავლიანი ნაწილები, რათა მოხდეს სამეურნეო- საპროგნოზო ანალიზი. გამგებელმა ისაუბრა მოსახლეობასთან, სადაც აღინიშნა, რომ მოსახლეობის მიერ უფრო ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული, სახელწიფოსგან შემოთავაზებული დაზღვევისა და იაფი საბანკო- საკრედიტო წინადადებები, რაც რეალურად გაზრდიდა ასეთი ჯიშის მარცვლეული კულტურით დათესვისა და აგროტექნიკის გამოყენებისათვის საჭირო მექანიზმს .წელს მიღებული მოსავალი, მოსახლეობისათვის იქნება სტიმული ამ ჯიშის მარცვლეული კულტურით დაინტერესებისა, ხოლო სახელწიფო - დახმარებისა და ხელშეწყობის ეფექტურ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, რის ნაკლებობა არც წელს არ იყო, უბრალოდ გლეხი, ჯერ შედეგს ელოდება. ეს არის სწორედ სოფლის მეურნეობის დარგში ინოვაციის შემოღებისას- გათვალისწინებული ფაქტორი, სადაც აუცილებელია მაღალი შედეგის ჩვენება.
07-ივლისი-2011
ხობის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დახმარება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
ხობის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში სტიქიით დაზარებული ოჯახებისათვის დახმარების სახით გათვალისწინებულია 88.000 ლარი. რომლის საფუძველია მოქალაქეთა განცხადებები და შესაბამისი კომისიის დასკვნა. აღსანიშნავია , რომ განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები. 7 ივლისს მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა სოფელ ჭალადიდსა და ქვალონში ადგილზე გაეცნო ამ ტიპის ოჯახებში შექმნილ სიტუაციას, რომლებზეც დახმარების თანხები გაცემულია ამ ეტაპზე. შეხვედრისას დაკონკრეტდა თუ რა დონეზე აგვარებენ შექმნილ პრობლემებს გამოყოფილი თანხით და რა სახის პრობლემის წინაშე დგანან ამჟამად. გამგებელმა ასევე დაათვალიერა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში’’ მიმდინარე სამუშაოები საბაჟოსა და საღვამიჩაოს უბნებში. სოფლის კეთილდღეობა- თითოეული მაცხოვრებლისათვის შექმნილი პირობების გაუმჯობესებით და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით მიიღწევა, რისთვისაც „ყველა საჭირო რესურსი უნდა იქნეს გამოყენებული, განსაკუთრებით როცა მთელი სახელისუფლო მიმართულება ამ საკითხისკენაა აქცენტირებული“- განაცხადა გამგებელმა.
05-ივლისი-2011
სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა –ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით ხორციელდება
2011წლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ბიის მოსახლეობის მოთხოვნა, რომელიც სოფლის ორ უბანში წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციას,საშონიოს უბნის სასაფლაოს მისასვლელი გზის შეკეთებას, წისქვილის მოწყობას, სოფელ ნოჯიხევსა და სოფელ ბიის დამაკავშირებელ გზაზე მილ- ხიდისა და ცენტრის უბანში მოსაცდელის მოწყობას ითვალისწინებს . უახლოეს დღეებში სოფელს ახალი მოსაცდელი შეემატება. სამუშაოთა მიმდინარეობა ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, რომელიც ასევე გაეცნო მოსახლეობის მოსაზრებებს და პრობლემურ საკითხებს. ,,სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა’’ ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობის მიერ შერჩეულ საკითხებზე დაყრდნობით, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით ხორციელდება.
01-ივლისი-2011
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ მიმდინარეობა სოფელ ნოჯიხევში
სოფელ ნოჯიხევში მიმდინარეობს მილ- ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით ვერ ასრულებდა წყალგამშვებ ფუნქციას და შედეგად იტბორებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა ეზოები. ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ დაწყებულია სოფლის ცენტრში არსებული სკვერისათვის დეკორატიული ღობის სიმაღლის შესაბამისობაში მოყვანა. უახლოეს დღეებში დაიწყება შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ გამგეობის რწმუნებულთან და სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ადგილები, სოფლის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების გათვალისწინებით გამგეობის ეკომომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ შემუშავდება შესაბამისი ღონისძიებები.