ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვიზიტი ხობში


15 ივლისს ხობს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის გაწეული სამუშაოს შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
კომისიის წარმომადგენლებმა  ჩამოაყალიბეს ცესკოს სამუშაო პრინციპები და სტრატეგიული მიზნები, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციას, მხარეთა პროაქტიურ თანამშრომლობას და საქართველოში ინფორმირებული ამომრჩევლის არსებობას.
საზოგადოებას გააცნეს  სამომავლო გეგმები, რომელიც  მომავალი არჩევნების ობიექტურად, გამჭვირვალედ, საჯაროდ და კანონის დაცვით ჩატარებას გულისხმობს. ასევე ყურადღება გაამახვილეს  დაინტერესებულ მხარეთა ურთიერთობებზე, რომელშიც მოიაზრებიან პოლიტიკური პარტიები, მედია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან იგორ ტყებუჩავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც  ესწრებოდნენ.
საუბარი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც დანსწრე საზოგადოებამ მათთვის საინტერესო კითხვებზე ცესკო -ს წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.