სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, წარმოშობით ხობელ სტუდენტებს შეხვდა დღეს პარლამენტის წევრი, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია. ახალგაზრდები მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, მამა მახარე ბუკიამ დალოცა, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, იგორ ტყებუჩავამ დეპუტატს და სტუდენტებს რაიონის სოციალური და ეკონომიკური განვითრების მიმართულებით განხორციელებული მიმდინარე და პერსპექტიული პროექტები გააცნო. ისაუბრა ამ პროექტებში ახალგაზრდობის ჩართულობაზე.
დეპუტატმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა, რომლებიც რაიონის მოსახლეობის და კონკრეტულად ახალგაზრდობის პრობლემებს შეეხებოდა. გოდერძი ბუკიამ ხელმოკლე ოჯახების სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისათვის საჭირო თანხების მოძიების საკითხებზე ისაუბრა. ასევე საუბარი შეეხო ახალგაზრდების დასაქმების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პერსპექტივებს. სტუდენტებმა რაიონში კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრების შექმნასთან დაკავშირებით საკუთრ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც შესაბამის მხარდაჭერას საჭიროებენ.
გოდერძი ბუკიამ ახალგაზრდებს მხარდაჭერა აღუთქვა პროექტების განხორციელებაში, რაც ხობის რაიონის სულიერ და კულტურულ განვითარებას შეუწყობს ხელს. დეპუტატის განცხადებით უახლოეს მომავალში რაიონში ახალი საწარმოები ამოქმედდება, რაც რაიონის მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას, მან მოუწოდა სტუდენტებს დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში და მიღებული ცოდნა მის განვითარებასა და წინსვლას მოახმარონ.