26 მაისის ხეივანი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქუჩა ნებისმიერ ხობელს და მის სტუმრებს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოედანთან’’ მიიყვანს
საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს - 26 მაისს ხობის საზოგადოებამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პატივი მიაგო 9 აპრილსა და 8 აგვისტოს სამშობლოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა სახელებს, სადაც საერო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორის ფურცლები გააცოცხლეს და ხელისუფლებასთან, უფროს თაობასთან ერთად სანთლები დაანთეს გმირთა მემორიალთან.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რომელიც გამგეობის კულტურის სამსახურისა და მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო , საზოგადოებას მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ, რომელმაც მიულოცა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე, აღნიშნა, რომ ,,როგორც არასდროს, დღეს გვჭირდება, ერთად დგომა. 26 მაისმა მეოცე საუკუნის დასაწყისში განგვაცდევინა დაკარგული თავისუფლების აღდგენის სიხარული, რომ ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია, ეს მონაპოვარი ქართველმა ხალხმა ტკივილითა და მსხვერპლის ფასად დაიცვა, ის უნდა დავიცვათ დღესაც. ‘’
მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოვიდა ინიციატივით, რომ კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიას- ეწოდოს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოედანი’’, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ხეივანს- 26 მაისი ხეივანი, გადაერქვას ბერიასა და სტალინის ქუჩებს სახელები და ეწოდოთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ქუჩები. ,,და ეს კიდევ ერთი სიმბოლური შეხამება იქნება საქართველოს ისტორიასთან. განაცხადა მან. ,,ამიერიდან ცოტნე დადიანის ქუჩა, 26 მაისის ხეივანი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქუჩა ნებისმიერ ხობელს და მის სტუმრებს მიიყვანს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოედანთან’’.
,,ისე გვჭირდება დღეს ჩვენ ერთობა,’’ ამ დატვირთვით – გაგრძელდა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.