ხობის მონასტრის რეაბილიტაცია

მიმდინარეობს ხობის მონასტრის სამრეკლოს რეაბილიტაციის მეორე, დასკვნითი ეტაპი. ამ დროისთვის აღდგენილია სამრეკლოს I სართული, მინაშენის ინტერიერი, სამრეკლოზე ასასვლელი კიბე, სამრეკლოს საყრდენი ბაქანი. გამაგრებული და განახლებულია ფანჩატურის მთლიანი კონსტრუქცია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ხობის მონასტრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2009-2010 წელს დაიწყო: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი, ტაძრის მინაშენებზე მთლიანად შეიცვალა გადახურვა და ნაწილობრივ შეკეთდა ნაგებობის ძირითი ნაწილი. ამ პერიოდში დაიგეგმა ურთულეს მდგომარეობაში არსებული სამრეკლოს რეაბილიტაციის I ეტაპი და განხორციელდა წინმსწრები გადაუდებელი სამუშაოები. 
2009-2010 წლებში განხორციელდა ტაძრის კედლის მოხატულობის გაწმენდა და კონსერვაცია. 
ხობის მონასტერი მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ხობიდან 3 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიზე მდებარეობს. ხობის სამონასტერო კომპლექსი აერთიანებს XIII საუკუნის ტაძარს, XIV საუკუნის სამრეკლოს, XVIII-XIX სს. სასახლეს, გალავანსა და დამხმარე ნაგებობათა ნაშთებს. უგუმბათო ტაძრის კამარები ინტერიერში ჯვაროვან სივრცეს ქმნის, გარეთ კი მათი სახურავები ჯვაროვან მოცულობას შემოწერენ. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა - ჯერ დასავლეთის კარიბჭე, შემდეგ კი იმავე ფასადის მთელი სიგრძის გაყოლებით, კარიბჭის მარჯვნივ და მარცხნივ ღია გალერეა აიგო. ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები თავდაპირველად ცალკე ეკვდერებად იყო გამოყოფილი, უფრო გვიან კედლები გამოიღეს და ეკვდერები მთავარ სივრცეს დაუკავშირეს. დასრულებული სახე ტაძარმა, სავარაუდოდ, XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე მიიღო. დღესდღეობით ტაძარს სამხრეთ და დასავლეთ ფასადის მთელს სიგრძეზე გასდევს ღია გალერეა, რომელიც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში დახურული ეკვდერით მთავრდება. ეკლესიის ინტერიერს ამშვენებს XIII-XIV-XVII საუკუნეების კედლის მხატვრობა. ქვისგან ნაგები, გუმბათიანი სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, მას შვიდი სარკმელი აქვს. 
ისტორიული წყაროების მიხედვით, ხობის მონასტერი სადადიანოს მთავართა საძვალეს წარმოადგენდა. აქ სხვადასხვა პერიოდებში დასვენებული ყოფილა: 
მარიამ ღვთიმშობლის კვართი, წმინდა გიორგის ბარძაყი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილები. წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, მრავალნაწილედი ხატი, რომელიც დაყოფილია 52 უჯრად, სადაც წმინდანთა ნაწილებია მოთავსებული.



http://www.heritagesites.ge/?lang=geo&page=207&news=889