საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მამუკა ქარდავა |
წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელად ძველი საკრებულოს თავმჯდომარე, ყოფილი ჟურნალისტი მამუკა ჭოხონელიძე აირჩია. ხობის საკრებულო 31 წევრისგან შედგება. აქედან 28 ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს უკავიათ, დარჩენილი სამი კი ოპოზიციის კანდიდატებმა მამუკა ქარდავამ (კონსერვატორები), თენგიზ აბაკელიამ (კონსერვატორები) და ბორის ბერაიამ (ქდმ) გადაინაწილეს. საკრებულოში 2 ფრაქციაა შექმნილი `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ფრაქციში 28 ფრაქციის წევრია გაწევრიანებული, ხოლო ოპოზიის კვოტით გასული სუბიექტების მიერ შექმნილ ფრაქცია `ხობი-დემოკრატები~ სამი წევრისგან შედგება. ხობის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი (სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისია, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია კომისია, საფინანსო-სარევიზიო კომისია, სოციალურ საკითხთა კომისია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისია) და ერთი დროებითი (საკუთრების უფლებების დამდგენი) კომისიაა შექმნილი.
საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა ჭოხონელიძის თქმით _ “ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს საქმიანობაში ძირითადი დატვირთვა აისახება საქართველოს კანონმდებლობით საკრებულოსთვის მინიჭებული გაზრდილი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უფრო ფართო სპექტრის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. გადაწყვეტილებები მიიღება ყველა იმ საკითხზე რაც ადრე გამგეობის კომპეტენციას მიეკუთვნებოდა და ყოველივე ეს დეტალურ განხილვას მოითხოვს, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი საკრებულოს კომისიები. მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე გააჩნია ის რესურსი და გამოცდილება, რომლითაც გაზრდილი უფლებამოსილებების ფარგლებში კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღება იქნეს შესაძლებელი და რაც წინა მოწვევის საკრებულოს ფუნქციონირებისას ვერ მოესწრო.”ჭოხონელიძე ამბობს, რომ მოქალაქეთა აქტიურობა საკრებულოს სხდომებზე გაზრდილია _ `მნიშვნელოვნად იმატა საკრებულოს საქმიანობისადმი მოქალაქეთა დაინტერესებამ, რაც აისახება საკრებულოს სხდომებზე დამსწრე საზოგადოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელთა ვიზიტების სიხშირეზე. ასევე, იმატა საკრებულოში მომართვებმა სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცემის თაობაზე. უკვე ხშირია მომართვები თუ სატელეფონო ზარები საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღისა და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.~ ხობის საკრებულო ნორმატიულ აქტებს ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს, ხოლო 2006 წლიდან საკრებულოს მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი საკრებულოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული – აცხადებს ჭოხონელიძე (www.khobi-sakrebulo.ge)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის 6 და 9 თვის ანგარიშები მამუკა ჭოხონელიძის თქმით გამგეობამ წარმოადგიანა - “საბოლოო შედეგები, საერთო გახარჯული თანხები, სამუშაოთა მოცულობა და სახეობები უნდა აისახოს გამგეობის მიერ წარმოსადგენ წლიურ ანგარიშებში, რომელიც მომავალი საანგარიშო წლის დასაწყისში იქნება განხილული”- ამბობს ჩვენთან საუბარში ხობის საკრებულოს თავმჯდომარე.
ოპოზიციური ფრაქცია “ხობი-დემოკრატების” ლიდერი მამუკა ქარდავა, ამბობს, რომ მმართველ ძალას ბევრ რამეში არ ეთანხმება, მაგრამ არის საკითხები, რომელშიც მხარს უჭერენ. _” დაუნახავები არ ვართ, ცენტრში ოპოზიცია, რომ იძახის რა ასფალტი ვჭამოთო, ასე არ ვფიქრობთ. ჩვენ უახლოეს მომავალში გვსურს საკრებულოს განსახილვევად წარვუდგინოთ ხობის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც 4 წელზე იქნება გაწერილი და მოახდენს ხობის რეაბილიტაციას. იმედია საკრებულო მხარს დაგვიჭერს.”
მამუკა ქარდავა აღნიშნავს, რომ რეალური თვითმმართველობა ხობში არ არსებობს. _ “ძირითადი საკითხების შეთანხმება ხდება ცენტრთან, გუბერნიასთან. ეს არ არის რეალური თვითმმართველობა, დასახვეწია კანონმდებლობაც. არ შეიძლება გუბერნიის მითითებებით ისაზღვრებობეს ადგილობრივი ბიუჯეტი... იცით რა, ხალხშია პრობლემა, უფრო უნდა გააქტიურდეს საზოგადოება, ყველაფერზე ხელი არ უნდა ჩაიქნიონ, პირიქით უნდა იაქტიურონ. თუ საზოგადოება იქნება აქტიური, არც არჩევნების გაყალბებას შეძლებენ და ვერც ვერაფერს.
პაატა ლაგვილავა
წყარო: http://www.ivote.ge/archevnebi/623-2011-01-20-13-02-08.html?lang=ka-GE