5-იანვარს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკთა მონაწილეობით. სახელწოდებით: ,,მღერიან და ცეკვავენ საჯარო მოხელეები”. საღამო მიყავდა გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს ქალბატონ ჯულიეტა ქვარაიას და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს ბატონ კახა ბუკიას. კონცერტი გამგეობის ადმინისტრაციის სპეციალისტების გამოსვლით დაიწყო, მას ჩაენაცვლა ჯანდაცვის თანამშრომელთა შემოქმედება, რომელიც დასრულდა საკრებულოს მიერ შესრულებული ორიგინალური ნომრებით... კონცერტის კულმინაცია ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი გოდერძი ბუკიას გამოჩენას მოჰყვა. ბატონ გოდერძის თან ახლდა ყველასათვის საყვარელი მომღერლები ზურა დოიჯაშვილი, ნუგზარ ერგემლიძე,ტატო გოდერძიშვილი, ზურა კობეშავიძე. რომელთაც შეასრულეს ჰიტად ქცეული მეგრული სიმღერა ,,ჩქიმი ხეთა”, რომელსაც დარბაზი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა.მაჟორიტარი დეპუტატი მიესალმა ხობელებს: ,,საყვარელო ხალხო, ჩემო ხობელებო, გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი ყოფილიყოს 2011 წელი თქვენთვის, თითოეული ხობელისათვის. მიხარია, რომ დღეს ასეთი განწყობაა, როცა საჯარო მოხელეები ხელისუფლების ძარღვი ასეთ განწყობილებაზეა და ასეთ შემოქმედებითაა განსმჭვალული. სამწუხაროდ ძალიან მძიმე პერიოდი იყო 2009-2010 წლები, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით და საინტერესო პროგრამებს ჩავუყარეთ საფუძველი. ბევრი რამ 2011 დაიწყება და ბევრი 2012 წელს დასრულდება. 2011 წელი იქნება საიუბილეო წელი, როდესაც ჩატარდება მეგრული სიმღერების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი. ჩვენ გვექნება ამავე პერიოდში სამონასტრო კომპლექსი…და უწმინდესის რეზიდენციის გახსნა...’’ დასასრულს ბატონი გოდერძი ჩვეული სითბოთი მოეფერა ჩამოსულ სტუმრებს, ხობელების სახელით დიდი მადლობა გადაუხადა დარბაზსაც, რომ ასეთი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდნენ თბილისელ სტუმრებს.