„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს, შეჩერდეს დევნილთა მასობრივი გამოსახლება კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებულია  დევნილთა მოსალოდნელი მასობრივი გამოსახლებით. თბილისის 24 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს ინფორმაციის სახით უკვე  ეცნობათ, რომ შენობები, რომელშიც ამჟამად ფაქტობრივად  იმყოფებიან  არ წარმოადგენს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტს და არ არის გამიზნული დევნილთა გრძელვადიან საცხოვრებლად.  

ამ შეტყობინების წერილობით მიღებიდან დევნილებს მიეცათ 10 დღის ვადა (2010 წლის 24 დეკემბრამდე) შენობების დასაცლელად.  თუ ამ პერიოდის განმავლობაში დევნილი არ გამოანთავისუფლებს შენობას, „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, პოლიცია იძულებითი აღსრულების ღონისძიებას განახორციელებს. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებული ადევნებს თვალს თბილისში არსებული კომპაქტური ჩასახლებებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლის აგვისტოში დაიწყო. გამოსახლებების პირველი ტალღა ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეს, მეორე კი - წინასაახალწლო პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც თბილისში სამოქალაქო აქტიურობა შემცირებულია. ამავე დროს, ზამთრისა და ზაფხულის არდადაგების გამო, ნაწილობრივ გამორიცხავს პროცესში ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურ ჩართულობას. როგორც ჩანს, ამ გარემოებების გათვალისწინება ხელისუფლების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევის შედეგად  მასობრივი გამოსახლებები სპეციალური პროცედურების შემუშავებამდე დროებით შეჩერდა.  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) აქტიური მონაწილეობით შემუშავდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გამოსახლების/სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები“. ეს დოკუმენტი დევნილთა და განსახლების სამინისტროში არსებულმა დევნილთა მართვის კომიტეტის სამეთვალყურეო საბჭომ 2010 წლის სექტემბერში დაამტკიცა, რაც  დადებით ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. თუმცა, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ფურცელზე გაწერილი პროცედურები როგორ ტარდება პრაქტიკაში.

გამოსახლებას დაქვემდებარებულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები პირები, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები, რეგისტრირებული არიან კერძო სექტორში. თუმცა, მათ უმრავლესობას არა აქვს შესაძლებლობა, საცხოვრებლად  რეგისტრაციის მისამართზე არსებულ ფართში დაბრუნდნენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ სახლებში ისინი მხოლოდ ფორმალურად იყვნენ მიწერილები.

სახელმწიფო, რომლის კომპეტენციაში შედის დევნილთა საცხოვრებელი  ფართებით უზრუნველყოფა, დევნილებს ალტერნატიულ ფართს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სთავაზობს. ესენია: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაკურციხე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლები: ზუმი, ლესიჭინე და ფოცხოეწერი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში და ნარაზენი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ნოჯიხევი და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი აბაშისპირი.

დევნილთათვის, რომლებიც უკვე წლებია, თბილისში ცხოვრობენ, რეგიონში წასვლა კიდევ ერთი „დევნილობის“ ტოლფასია, რის გამოც უმრავლესობა სამინისტროს შეთავაზებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. სამინისტროს დევნილთათვის სხვა შეთავაზება არ გააჩნია, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ ისინი ახალ წელს ღია ცის ქვეშ შეხვდებიან.

ამასთან, „ადამინის უფლებათა ცენტრის“ მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ გამოსახლების საკითხებთან დაკავშირებით დევნილთა შორის დღემდე არსებობს ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა. მაგალითისთვის, სამინისტროს საკონსულტაციო შეხვედრა დღემდე არ ჩატარებულა მიცკევიჩის ქ. #29-ში, რომელიც  14-15 დეკემბერს იყო დაგეგმილი.

გასათვალისწინებელია, ასევე, სხვადასხვა ჩასახლებებში მცხოვრებ მცირეწლოვანთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ავადმყოფთა მდგომარეობაც.  

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, შეაჩეროს დევნილების გამოსახლება და დაიწყოს მათთან დიალოგი ადეკვატური შეთავაზების მოფიქრების მიზნით; ყველაფერი იღონოს, რათა თავიდან იქნას აცილებული საახალწლოდ ასობით დევნილის ღია ცის ქვეშ დატოვება; ცენტრი  ასევე მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალყური ადევნოს დადგენილი პროცედურების პრაქტიკაში მართებულად გატარებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 
17.12.10.