სამყაროს მზე ანათებს, ცხოვრებას — მასწავლებელიო — უთქვამს ბრძენს.
ბატონო ოთარ, თქვენ იმ მასწავლებელთა რიცხვს ეკუთვნით, ექვსი ათეული წელი რომ უნათებდა ნორჩებს ცხოვრების გზას და კარგი სახელითა და დიდი ღვაწლით დარჩა შთამომავლობის ხსოვნაში.
ჩვენი დროის უბრწყინვალესი შვილთაგანი ბრძანდებოდით, დიდად განათლებული, მაღალი ზნეობისა და ინტელექტის მქონე, უდრეკი, მებრძოლი სულის ადამიანი, ჭეშმარიტი მამულიშვილი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ მომავალი თაობის ზნეობრივი ფორმირებისათვის, მოქალაქედ მათი ჩამოყალიბებისათვის.
დიახ, მთელი სამოცი წელი ქმნიდით პედაგოგიური მოღვაწეობის მშვენიერ, გაუხუნარ ტილოს, სადაც ლამაზი ფერებით მისხალ-მისხალ იქარგებოდა ახალგაზრდობის სათუთი, ლამაზი სული, ნათელი მომავალი.
მთელი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში უმაღლეს მოვალეობად მიგაჩნდათ მინდობილი საქმისადმი პასუხისმგებლობა, მუდამ წინა პლანზე გქონდათ დაუოკებელი შრომისმოყვარეობა, პატიოსნება, სამართლიანობა, ადამიანის დანდობა.
ცხადია, სიკვდილამდე ყველა ცოცხლობს, სიკვდილის შემდეგ — ცოტა. თქვენ ისეთი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას.
ბრძენს უთქვამს: სახელი მარტო რა ბედენაა, სახელი სიკვდილსა ჰგავს, როცა საჭიროა, იგი თავად მოგაკითხავს. სახელი არ გაკლდათ და ამჯერად სიკვდილმა მოგაკითხათ. „უკანასკნელი მეაბჯრე“ თქვენთან არა საკუთარ სარეცელზე, არამედ საავადმყოფოში გეწვიათ. დიდი ადამიანის არ იყოს, სიკვდილშიაც ბედი არ გქონიათ. მუდამ სხვის მეხოტბეს, თავადაც არ დაგკლებიათ ხოტბა-დიდება თქვენი კოლეგებისა და მოწაფეებისაგან. შენს ძარღვიან ქართულს ნაზიარებებმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ჯეროვანი პატივი მოგაგეს და უკანასკნელ გზაზე გაგაცილეს. ალბათ, შენც ასე გერჩია „უბრალო დიაკვნის პუტუნი“ მოგენატრა და აგისრულდა კიდეც, ეს დიდი კაცი პატარა სკოლამ (შენობაში არ ვგულისხმობ) ღირსეულად გაგაცილათ.
კაცად კაცმა ისე უნდა განვლოს სავალი, ბოლოს არსად შერცხვეს და თავიდან რომ მოგიხდეს დაწყება, ისევ ის გზა აირჩიო, უჭველოდ, თქვენც ისევ იმ გზას აირჩევდით, ისე შინაარსიანად და სახელოვნად რომ განვლეთ.
ცნობილი ჭეშმარიტებაა, შემოქმედმა აღმოჩენილი მშვენიერება ხალხს უნდა დაუბრუნოს და ამსახუროს იგი ადამიანთა ბედნიერებას, — ყოველივე ჩინებულად შეასრულეთ, ქედუხრელად მოიხადეთ წმიდათაწმიდა ვალი თქვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
დიდი მადლობა ყველაფრისათვის შრომა-გარჯით მხრებდამძიმებულო მასწავლებელო. უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი სპეტაკი სული, რომელსაც ქ. ხობის №1 საჯარო სკოლის მრავალრიცხოვანი მასწავლებელთა და მოსწავლეთა კოლექტივი მუდამ სათუთად და მოკრძალებით მიაგებს პატივს.
მშვიდობით, ჩვენო ოთარ მასწავლებელო!
ქ. ხობის №1 საჯარო სკოლის მასწავლებლები.