სამეგრელოში გუნდების გაძლიერებას აპირებენ


ფეხბურთით სახელმწიფოს დაინტერესების შედეგად ბევრი რეგიონი გამოცოცხლდა. ამის მაგალითი სამეგრელოა. ეს ყველაფერი ზუგდიდში მგლების ჩამოყალიბებითა და უმაღლეს ლიგაში გადასვლით დაიწყო. შემდეგ ფოთის კოლხეთიც გაცოცხლდა, ამ პროცესში ბაია თანამედროვე საფეხბურთო სკოლით ჩაერთო, გუნდების განვითარებაზე ზრუნვა სხვა რაიონებშიც დაიწყო...

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რეგიონში ფეხბურთის განვითარების გეგმა პრეზიდენტის რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ შეადგინა და რაიონის ხელმძღვანელებს კლუბების დაფინანსება დაავალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი სერგო კვარაცხელია ამბობს:
გოროზია ფეხბურთის განვითარებით მართლა დაინტერესდა. ამ მხრივ სამეგრელოს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და ბუნებრივია, ეს რეგიონის განვითარებას დაეტყობა, მათ შორის, სოციალური და ეკონომიკური კუთხითაც. მეც ასე ვიცი, რომ ბატონი ზაზა ფეხბურთით ძალიანაა დაინტერესებული და ყველა რაიონში ადგილობრივი გუნდების გაძლიერება სურს.
გეგმა ასეთია: ამ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში რეგიონს მინიმუმ 2 გუნდი უნდა ჰყავდეს - ზუგდიდის ბაია და ფოთის კოლხეთი. პირველი უმაღლეს ლიგაში თამაშობს, მეორე კი პირველში, თუმც ელიტაში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. ამას გარდა, გუბერნატორი პირველ ლიგაში სამი კლუბის დაფინანსების იმედადაა: მარტვილის მერანის, ხობის კოლხეთისა და წალენჯიხის სქურის. სამეგრელოს დანარჩენი რაიონების (აბაშა, სენაკი და ჩხოროწყუ) გუნდები კი რეგიონალლიგაში მაინც უნდა გამოდიოდნენ.
ამ ყველაფრის მიღმა ამბიციური გეგმებია - გოროზიას საჩემპიონო პრეტენზიის მქონე გუნდის ჩამოყალიბება სურს, და საერთოდაც, დაინტერესებულია, რომ უდავოდ დიდი პოტენციალის მქონე რეგიონმა ქართულ ფეხბურთში კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს. ბაიას საკმაოდ კარგად რომ აფინანსებენ, საიდუმლო არ არის. თანამედროვე საწვრთნელი ბაზა და ფინანსური უზრუნველყოფა კლუბის ამბიციებს ამტკიცებს. ბუნებრივია, პრობლემა რჩება - ზუგდიდში არ არის თანამედროვე ევროპული დონის სტადიონი, რომელიც უცხოურ კლუბს მიიღებდა. დღევანდელი სტადიონი დადიანების სასახლის ტერიტორიაზეა და ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ ვიცოდით, რომ ის უნდა აეღოთ. ახალი სტადიონის აშენებას ქაღალდკომბინატის ტერიტორიაზე აპირებენ...
კლუბს უკვე მომავალი წლისთვის აქვს ამბიცია - პირველი ოქრო სამეგრელოს რეგიონისთვის. თუ არ გჯერათ, გაიხსენეთ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავით კირკიტაძის ინტერვიუ ლელოში. აი, რას ამბობდა გუბერნატორი: სამეგრელოს რეგიონში ზაზა გოროზია დიდ საქმეს აკეთებს და არ არის გამორიცხული, მომავალ სეზონში ქვემო ქართლს საჩემპიონო ბრძოლაში სწორედ სამეგრელომ გაუწიოს კონკურენცია.
ამასობაში, ფოთის კოლხეთი უმაღლეს ლიგას მიუახლოვდა და ფაქტობრივად, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მომავალი სეზონიდან კვლავ საუკეთესოებში ვიხილავთ. კლუბი ბიზნესმენმა თემურ ბარქაიამ გადაარჩინა, შემდეგ ქალაქის მერია და პორტიც გვერდში დაუდგნენ და კოლხეთმაც ამოისუნთქა. კლუბის დაფინანსება საკმაოდ სოლიდურია და უმაღლესში გადასვლის შემთხვევაში, რეალურია, რომ კიდევ გაიზარდოს.
ამბიციური კლუბია მარტვილშიც - პირველი ლიგის ლიდერებში დამკვიდრებული მერანი (უბრალოდ მარტვილად რომ მოვიხსენიებთ ხოლმე ხშირად). ცნობილმა ბიზნესმენმა ფრიდონ ინჯიამ კლუბს სტადიონი მოუწყო, სტაბილურია დაფინანსებაც და როგორც ამბობენ, ანალოგიური პირობებით უმაღლესი ლიგის ბევრი კლუბის ვერ მოიწონებს თავს.
არ არის გამორიცხული, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდის შემთხვევაში, უმაღლეს ლიგაში მარტვილის მერანიც გადმოვიდეს, რადგან ლიცენზირების მოთხოვნებში საკმაოდ ბევრ პუნქტს აკმაყოფილებს (უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდზე უკეთაც კი). რაც მთავარია, კლუბს აქვს შანსი, მოხვდეს იმ ექვსეულში, რომელიც გაფართოების შემთხვევაში, უმაღლეს ლიგას დაემატება. თუმცა ბუნებრივია, ზუსტად ამის თქმა ჯერ შეუძლებელია.
საინტერესო კლუბია ხობის კოლხეთიც. რაიონში ყოველთვის იზრდებოდნენ ძლიერი ფეხბურთელები და ამის დასტურად ედიკ საჯაია და ლევან გვაზავაც იკმარებენ. საფეხბურთო სკოლები იქ დღემდე დიდი დატვირთვით მუშაობენ. ამჟამად, კოლხეთი პირველ ლიგაში გამოდის.
ოდესღაც საქართველოს ჩემპიონატის ელიტაში გამოდიოდა წალენჯიხის სქურიც, მაგრამ ომმა და გაჭირვებამ რაიონი წელში გატეხა და კლუბიც ჩამოქვეითდა. ამჟამად ის რეგიონალლიგის ბინადარია და მომავალი წლისთვის პირველ ლიგაში გადასვლას უმიზნებს.
ასევე მომავალი წლისთვის კლუბების ჩამოყალიბებას აპირებენ ჩხოროწყუში, აბაშასა და სენაკში. ისინი რეგიონალლიგაში გამოვლენ. ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, რომ ამ რაიონებში ფეხბურთი ჩაკვდა და გუნდებიც აღარ ჰყავთ.
ჩვენი ინფორმაციით, მალე რეგიონის ყველა საფეხბურთო სკოლა დაფინანსდება, რათა ადგილობრივი ფეხბურთი განვითარდეს და ტალანტები არ დაიკარგონ. ამ საჭიროებითვის ყველა რაიონში დაახლოებით 50-50 ათასი ლარი დაიხარჯება. რეგიონალლიგის კლუბებისთვის 100 ათას ლარამდეც უნდა დაიხარჯოს, პირველლიგელებისთვის კი დაახლოებით 300 ათასი ლარი. როცა ქვეყნის ფეხბურთი უმძიმეს კრიზისშია, რეგიონის გუბერნატორ ზაზა გოროზიას ეს ინიციატივა სხვებისთვის სამაგალითო უნდა გახდეს.
ისე კი, ამბობენ, მაგალითი გადამდებიაო - დავით კირკიტაძის მიერ ქვემო ქართლში დაწყებული პროცესები ზაზა გოროზიამ სამეგრელოში განავრცო. ორიოდე დღის წინ ვიუწყებოდით, რომ ქვემო ქართლის გუბერანტორი ლადო ვარძელაშვილი გორისა და ხაშურის გუნდების მიხედვას აპირებს. თბილისში სპორტულ ორგანიზაციებს მიწისა და ქონების გადასახადი შეუმცირეს.
იმერეთის რეგიონში ფეხბურთზე სახელმწიფო და კერძო სექტორი თანაბრად ზრუნავენ: ზესტაფონსა და საჩხერეში კლუბებს ბიზნესიდან აფინანსებენ, სამტრედიას, ქუთაისის ტორპედოს, ჭიათურასა და ტყიბულის მეშახტეს კი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუმცა პოტენციალი ჯერაც აუთვისებელია ვანში, ხონსა და ხარაგაულში.
გურიაში ფეხბურთი კი უყვართ ძველებურად, მაგრამ გუნდების მოღონიერებისთვის ფინანსური საშუალება ჯერ არ გააჩნიათ. თუმცა ლანჩხუთის გურია და ოზურგეთის მერცხალი არსებობას განაგრძობენ.
აჭარაში ბათუმის დინამო კი უმიზნებს უმაღლეს ლიგას, მაგრამ აჭარის მთავარ ქალაქში სტადიონი აღარ დარჩა და უმაღლესში გადმოსვლის შემთხვევაში, საინტერესოა სად ითამაშებს გუნდი? 3 წელია, გვესმის დაპირება, რომ ბულვარში ახალი სტადიონი აშენდება, მაგრამ როდისღა? ბოლო ინფორმაციით, ბათუმი მაისში სარაგბო ტურნირს უმასპინძლებს და ახალი სტადიონის მშენებლობა ამის მერე დაიწყება (თუმცა როცა დაიწყება, მერე დავიჯერებთ). დღესდღეობით კი დიდი საფეხბურთო პოტენციალის მქონე რეგიონი სასურველ დონეზე ვერ არის ათვისებული.
რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარებისთვის გაცილებით მეტია საჭირო. ჯერჯერობით, კახეთში ჩამი-ჩუმი არ ისმის, მძიმე მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმში, სამცხე-ჯავახეთში უმაღლესი ლიგის ორი გუნდიდან პირველ ლიგაში მოასპარეზე ახალციხის მესხეთიღა შემოგვრჩა, ბორჯომს კი უჭირს.
არადა, ძლიერი რეგიონების გარეშე ქართული ფეხბურთის წინსვლა უტოპიური ოცნებაა. პირველი ეროვნული ჩემპიონატის დროს, საქართველოში 160 კლუბი არსებობდა, დღეს კი მხოლოდ 56-ა. ევროპის 53 წევრს ქვეყანას შორის, კლუბებისა და ლიგების რაოდენობით, საქართველო 32-ე და 42-ე ადგილებს შორისაა. ბუნებრივია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციამაც ძლიერ გვაზარალა. განსაკუთრებით აფხაზეთში ფეხბურთი კარგად იყო განვითარებული.
ასეა თუ ისე, კლუბების სიმცირე კლასში, ხარისხსა და შედეგებში აისახება, რადგან ფეხბურთელები სწორედ კლუბებში იზრდებიან და არა - ტელევიზორში ვარსკვლავების ყურებით. სამეგრელოსა და ქვემო ქართლში დაწყებული საფეხბურთო ბუმი ამიტომაცაა აღსანიშნავი - ეს სხვა რეგიონების გუბერნატორებისთვისაც მაგალითი უნდა გახდეს.




ავტორი: მერაბ მამულაშვილი