ბერძენ-რომაელებიც თავისუფალთა გზაზე


გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრში გრძელდება საქართველოს პირველობა ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. გუშინ საქმეში ბერძენ-რომაელები ჩაებნენ, რომლებიც, თავისუფალთა მსგავსად, 3-8 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ნაკრებში მოხვედრის მსურველი აქაც ბევრია და ჩემპიონატშიც თითქმის ყველა რაიონის გუნდი მონაწილეობს.
თავისუფალთა დარად, ბოსნიაში წასვლამდე და ნაკრების საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე ესენიც რამდენიმე შესარჩევ ტურნირს ჩაატარებენ. იქამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოფიციალური შეჯიბრებაცაა - 21-23 მაისს პოლონურ პოზნანში ახალგაზრდობის პირველი მსოფლიო თამაშების ევროპის ზონის შესარჩევი ტურნირი ჩატარდება, სადაც ჩვენი ნაკრები 5 მონაწილით წარდგება (მეტის უფლებას საერთაშორისო ფედერაცია არ იძლევა და წონით კატეგორიებსაც თვითონ არჩევს), ახალგაზრდობის მსოფლიო თამაშებს კი 14-26 აგვისტოს სინგაპური უმასპინძლებს.
მიზეზთა გამო, ეს ჩემპიონატი სააღდგომო დღეებს დაემთხვა, რის გამოც გუშინ შეჯიბრებები ექვს წონით კატეგორიაში ჩატარდა, დღეისთვის კი ოთხი მოიტოვეს, ადრე რომ დაამთავრონ და გუნდებმა სააღდგომოდ შინ დაბრუნება მოასწრონ.

კვარცხლბეკი.
42 კგ. 1. ედნარ შავაძე (აჭარა); 2. ბაკურ გოგოლი (სენაკი); 3. ოთარ კორტავა (ხობი); ლევონ ხოზრევანიძე (აჭარა).
46 კგ. 1. მურთაზ ჩაბრავა (სენაკი); 2. გელა ბოლქვაძე (აჭარა); 3. გიორგი ხუჭუა, გიორგი ჩიქოვანი (ორივე - ოზურგეთი.
50 კგ. 1. შმაგი ბოლქვაძე; 2. გიგა ცეცხლაძე; 3. ბაჩანა ფუტკარაძე (სამივე - აჭარა), ნოდარ დოლიძე (ოზურგეთი).
54 კგ. 1. ამირან შავაძე (აჭარა); 2. ხვიჩა ჭითავა (სენაკი); 3. თემურ კვაჭაძე, ბადრი დათუნაშვილი (ორივე - ოზურგეთი).
58 კგ. 1. რამაზ სურმანიძე (აჭარა); 2. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი); 3. ვლადიმერ ქიქავა (თბილისი), ალექსანდრე ჭუმბურიძე (ჭიათურა).
63 კგ. 1. ფირუზ წულუკიძე (აჭარა); 2. ზეზვა აბრამიშვილი; 3. შმაგი გელაშვილი (ორივე - გარდაბანი), ირაკლი ჭითანავა (ხობი).





ავტორი: ირაკლი თავაძე
ლელო