ალექსანდრე ბასილაიას თბილისშიც გაიხსენებენ


ალექსანდრე ბასილაიას თბილისშიც გაიხსენებენ
ცნობილ ქართველ კომპოზიტორს ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამო თბილისშიც გაიმართება. მოსკოვისა და სამეგრელოს შემდეგ ხელოვანის, კომპოზიტორის საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოეწყობა.
ალექსანდრე ბასილაიას 11 მარტს 68 წელი შეუსრულდებოდა. მისი ხსოვნის საღამო სწორედ 11 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ როგორც კომპოზიტორის მეუღლემ ლუიზა კობალაძემ განაცხადა, ამ დღისთვის კონცერტი ვერ მოესწრო, ამიტომ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტი 21 მარტს გაიმართება.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია 67 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გერმანიაში გარდაიცვალა. იგი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ანსამბლ "ივერიის" სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მელოდიები. მანვე დაწერა მიუზიკლები "არგონავტები", "ჩხიკვთა ქორწილი", "ფიროსმანი" და სხვა. კომპოზიტორის ბოლო ნამუშევარი "რაღაც დასრულდა" აღმოჩნდა, რომელსაც ივერიელებმა წინასწარმეტყველური დატვირთვა მისცეს.
კომპოზიტორი ფილტვის სიმსივნით იყო დაავადებული. იგი გერმანიაში მკურნალობის კურსს გადიოდა. სამეგრელოში გამართული ხობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სწორედ ალექსანდრე ბასილაიას ბენეფისით დაიხურა, რომელსაც თავად კომპოზიტორი ვერ დაესწრო. ალექსანდრე ბასილაიას ბენეფისში ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ მისი ხსოვნის საღამო მოსკოვში გაიმართა, სადაც პროტესტის ნიშნად ქართველი მომღერლები არ ჩავიდნენ, რუსეთის დედაქალაქში ჩასვლაზე თანხმობა მხოლოდ ნუგზარ კვაშალმა განაცხადა. მოსკოვის შემდეგ ალექსანდრე ბასილაია სამეგრელოშიც გაიხსენეს. ახლა კი მისი ხსოვნის საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და მასში როგორც ივერიელები, ასევე ახალგაზრდა მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
ლუიზა კობალაძე, ალექსანდრე ბასილაიას მეუღლე:
- ჩვენ ამ კონცერტის ჩატარებას ალექსანდრეს დაბადების დღეზე ვაპირებდით, მაგრამ 11 მარტისთვის ვერ მოესწრო, ამიტომ 21 მარტს შევხვდებით მსმენელს. კონცერტში ივერიელების გარდა, ახალგაზრდა მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, დუეტი ჯორჯია, ნოდიკო ტატიშვილი და სხვები. კონცერტში ბევრი მონაწილეა. მათ შორის იქნება ის კვინტეტიც, რომელსაც ჩემი მეუღლე ხელმძღვანელობდა.
- მანანა თოდაძე ჩამოვა ამ კონცერტისთვის თბილისში?
- თუ შეძლო, აუცილებლად ჩამოვა.
კულტურის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 21 მარტს გაიმართება.












ავტორი: ეკა ირემაშვილი
ახალი თაობა