იგორ ნარმანია


მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იგორ ნარმანია.
დაიბადა 1947 წლის 25 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში.
უმაღლესი განათლება მიიღო დნეპროპეტროვსკში, შემდეგ - სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. მოღვაწეობდა თბილისის სპორტული დაოსტატების სკოლაში.
იგორ ნარმანია გახლდათ სპორტის ოსტატი, საქართველოს და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში.
1987 წლის 31 იანვარს ხობის რაიონის სოფლებში საგვიჩიოსა და ჭალადიდში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოიჩინა მამაცობა და გადაარჩინა ათობით ადამიანი.
1989 წლიდან ჩაბმული იყო ეროვნულ მოძრაობაში. გახლდათ სენაკში პოლიტიკური მოძრაობა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე.
1990 წლის 28 ოქტომბერს აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად.
იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი და მისი რწმუნებული დასავლეთ საქართველოში.
მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში.
1991 წლის დეკემბრიდან იდევნებოდა უკანონო შეიარაღებული ხუნტის მიერ, რეპრესიებს განიცდიდნენ მისი ოჯახის წევრებიც. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული, "მხედრიონმა" არაერთხელ დაარბია და გაძარცვა მისი ოჯახი.
ტოტალური დევნის მიუხედავად, მისი სული მაინც ვერ გატეხეს და ის ბოლომდე დარჩა ეროვნული მრწამსისა და კავკასიური ერთობის იდეის ერთგული.
მისი ხელმოწერა ამშვენებს 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
ამ ჭეშმარიტი მამულიშვილის ხსოვნა მუდამ დარჩება მის თანამებრძოლთა და თანამოაზრეთა გულებში. ასეთ პატრიოტებს მუდამ მიაგებს საკადრის პატივს მადლიერი შთამომავლობა.

მღვდელი კონსტანტინე (კოღუაშვილი), ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის წინამძღვარი, "კავკასიის მშვიდობის მისიის" კავშირის თავმჯდომარე.

საქართველოს რესპუბლიკა