ქალაქ ხობში წმინდა სამების სახელობის ეკლესია გაიხსნა

მიმდინარეობს ხობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები. სამუშაოებს ატარებს შ.პ.ს. ,,შარაგზამშენი პირველი" ეკლესიის მშენებლობის დაფინანსებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შეადგენს 227 ათას ლარს. ეკლესიის კურთხევა დაგეგმილია 18 ივლისს. 


18 ივლისს ქ.ხობში გაიხსნა წმინდა სამების სახელობის ეკლესია, რომელიც აკურთხა ფოთისა და ხობის მიტროპილიტმა გრიგოლმა. ტაძარი ბაზილიკური სტილისაა, მშენებლობა 11 წელი ხორციელდებოდა, ეკლესიის მშენებლობა ძირითადად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხითა და შემოწირულობებით განხორციელდა. სარემონტო სამუშაოებში არქიტექტორის დახმარებით რაიონის მრევლი აქტიურად მონაწილეობდა. წირვას დაესწრო შვიდი ეპარქიის სამღდელოება, მოწვეული სტუმრები და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. სამების ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა გრიგოლიმ, ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარებისა და სულიერი აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, სიგელები გადასცა ხობის მოქალაქეებს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორი ტყებუჩავამ ტაძრის კურთხევა მიულოცა ხობის მოსახლეობას: მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ ზეიმს, რომელიც ტაძრის კურთხევასთან არის დაკავშირებული; ტაძარი, რომელიც დაამშვებნებს ხობს და ადამიანებს მისცემს ნუგეშს და იმედს. მადლობა ყველას, ვინც ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდა და საკუთარ შემოწირულობებს ახორციელებდა. მიუხედავად ტაძრის კურთხევისა საქმე ამით არ დამთავრებულა, მიმდებარე ტერიტორიის სამუშაოების უმნიშვნელო ნაწილი დარჩენილია. გპირდებით, რომ ჩვენ ამ სამუშაოებსაც ბოლომდე მივიყვანთ. განსაკუთრებული პატივისცემით მინდა დღევანდელი დღე მივულოცო მეუფე გრიგოლს, რომლის წვლილიც დიდია ხობის სულიერ აღორძინებაში. აღვნიშნავ, რომ დღეს ტაძრის კურთხევა დაემთხვა მეუფის დაბადების დღეს, რასაც მადლიერი ხობის მოსახლეობის სახელით გულწრფელად ვულოცავ. დასასრულს წარმატებები მინდა ვუსურვო მამა კირიონს, რომელიც როგორც მეუფემ ბრძანა ხეთიდან ხობის ეკლესიაში გააგრძელებს მოღვაწეობას და გვჯერა, რომ ის ჩვეული შემართებით აღასრულებს ამ უკეთილშობილეს მისიას.