გარდაიცვალა საქართველოს შრომისა და დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, XX საუკუნის თანატოლი ალექსანდრე იორდანეს ძე მირცხულავა.
დაიბადა 1911 წლის 12 მაისს ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. 1930 წელს დაამთავრა ქ. ზუგდიდის პედაგოგიური ტექნიკუმი.
1932 წელს ხობის კომკავშირის რაიკომის მდივანია, 1932-33 წლებში - საქ. კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი. 1933 წ. - მცხეთის კომკავშირის პირველი მდივანია, 1935 წელს - ხონის კომკავშირის პირველი მდივანი, 1937 წელს - საქართველოს კომკავშირის ცკ-ის მეორე მდივანი, 1937-41 წლებში - საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, 1941-43 წლებში - აფხაზეთის კომპარტიის მეორე მდივანი, 1943-47 წლებში - აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1947-50 წლებში - უმაღლესი პარტიული სკოლის სტუდენტი, 1950-52 წლებში - საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, 1953 წელს - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.
ა. მირცხულავა 1953 წლიდან 1980 წლამდე სამეურნეო პასუხისმგებელ სამუშაოზეა: იყო ჩაქვის ჩაის მეურნეობის დირექტორი, "საქპურტრესტის" მმართველის მოადგილე, გაერთიანება "საქთამბაქოს" ტრესტის მმართველი მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში.
ა. მირცხულავა 1941-45 წლებში, დიდი სამამულო ომის პერიოდში, იყო ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს წევრი, ამავე პერიოდში მუშაობდა ჯერ აფხაზეთის კომკავშირის პირველ მდივნად და შემდგომ აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, ასრულებდა მთავარსარდლობის დავალებებს და ამითი ხელს უწყობდა ჩრდილო კავკასიის განთავისუფლებას ოკუპანტებისაგან.
დაჯილდოებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის, სამამულო ომის პირველი ხარისხის, წითელი ვარსკვლავის, "საპატიო ნიშნის", ღირსების ორდენებით, მრავალი საბრძოლო და საიუბილეო მედლით, საპატიო სიგელებით.
წავიდა ჩვენგან ერთ-ერთი დიდი მეოცესაუკუნელი, შემოქმედი და მონაწილე იყო იმ მღელვარე მოვლენებისა. მისი სახელი მკვიდრად არის აღბეჭდილი ასწლეულის ისტორიაში.
საქართველოს შრომისა და დიდი სამამულო ომის ვეტერანები
* * *
შვილები დოდო, კობა, შვილიშვილები ირინა, ალექსანდრე, თამარი, სამსონი, სიძეები შურა დემეტრაძე, მამუკა ბახტაძე იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ალექსანდრე იორდანეს ძე მირცხულავა
დაკრძალვა 9 ||, 15 სთ. მისამართი: ს. ჩიქოვანის ქ. #22, | სად, ||| სართული.