ხობის რაიონის სოფელ ხეთის გამგებელი მამუკა ბუკია აფხაზეთიდან დევნილ მინჯორაიების ოჯახს 2 ათასი დოლარის გადახდას აიძულებს

12:04 - 04.03.2009
ხობის რაიონის სოფელ ხეთის გამგებელი მამუკა ბუკია აფხაზეთიდან დევნილ მინჯორაიების ოჯახს 2 ათასი დოლარის გადახდას აიძულებს. როგორც "პირველს" მიმოზა მინჯორაიამ განუცხადა, სოფელ ხეთის გამგებელმა  ოჯახს 2 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა სომეხი ქალბატონისათვის, რომელიც ამ დაწესებულებაში მათ შესვლამდე ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ სომხეთში წავიდა საცხოვრებლად.  "წლებია, ამ გაპარტახებულ შენობაში ვცხოვრობ. მამუკა ბუკია კატეგორიულად მთხოვს, ეს თანხა გადავიხადო და შემდგომ წერილობითი განცხადება დავწერო, თითქოს ჩემს ოჯახს ამ სომეხი ქალის ვალი ჰქონდა. ვერ ვხვდები, რა ინტერესები ამოძრავებს ბუკიას და რატომ მაიძულებს ის დევნილს, რომელსაც არანაირი შემოსავლის წყარო არ გამაჩნია, მყავს ორი უკიდურესად მძიმე ავადმყოფი, 2 ათასი დოლარი მივუტანო" - აცხადებს მიმოზა მინჯორაია. მინჯორაიების ოჯახი დახმარებას ითხოვს, რადგან თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლოა, დაწესებულებიდან გაყარონ. "მეუღლე სასიკვდილოდ მჰაყვს ავად და საავადმყოფოში მიწევს. ექიმები სასწრაფოდ მეორე ოპერაციას უტარებენ. Uუმცროსი ქალიშვილი ონკოლოგიური ავადმყოფია და ერთხელ ოპერაცია უკვე გავუკეთე. იმ დახმარების გარდა, რასაც სახელმწიფოსგან ვიღებ, სხვა არანაირი შემოსავლის წყარო არ გამაჩნია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვარ და შვილების რჩენასაც ვერ ვახერხებ. ხეთის გამგებელი კი 2 ათასი დოლარის გადახდას მაიძულებს, არ ვიცი, საიდან უნდა მოვიტანო ეს თანხა" - აცხადებს მიმოზა მინჯორაია. 

www.pirweli.com.ge