სამხედრო ბაზაზე მერადარე რომ ყოფილიყო, რეზერვისტები არ დაიღუპებოდნენ!


მოვა დრო და აუცილებლად გამოვიძიებ! მერადარე ოპერატორს მასზე დაკისრებული მოვალეობა რომ შეესრულებინა, ჩემი შვილიც და სხვა რეზერვისტებიც რუსულ ჭურვებს გადაურჩებოდნენ!" _ ამ განცხადებას სენაკის სამხედრო ბაზაზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი რეზერვისტის, გოგა ჭითანავას მამა აკეთებს. ტარიელ ჭითანავამ  9 აგვისტოს დილას, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ორსაათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ საკუთარი შვილის ცხედარი სენაკის საავადმყოფოს პროზექტურაში აღმოაჩინა.

21 წლის რეზერვისტი, გოგა ჭითანავა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ცხოვრობდა. სოფლის რწმუნებულმა, მამუკა ბუკიამ იგი სხვა რეზერვისტებთან ერთად სენაკის სამხედრო ბაზაზე 8 აგვისტოს, გამთენიისას გადაიყვანა. რუსეთის საჰაერო ავიაციამ კი ბაზის დაბომბვა ღამის 12 საათისთვის დაიწყო.

ლევან ჭითანავა, გოგა ჭითანავას ძმა: გოგამ ღამის 11.40 წუთზე დამირეკა და მკითხა: "ცოცხლები ხართ, შემეშინდაო." ამ დროსთვის უკვე ისმოდა, რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავები ფოთის პორტს რომ ბომბავდნენ. დაბომბვის ხმა ისმოდა ზემო აფხაზეთიდანაც. მე მისი დამშვიდება ვცადე. 10 წუთში ისევ დამირეკა და მითხრა, ვემზადებით, მალე გავდივართ სენაკის ბაზიდან, ცხინვალში გადავყავართო. ამ ზარიდან ზუსტად 15 წუთში დაბომბვის ხმა ახლო მანძილიდან გაისმა, თითქოს დედამიწა ზანზარებდა. მივხვდით, რომ რუსები სენაკის ბაზას უშენდნენ ჭურვებს... გოგას მეგობარი, რომელიც იმ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ბაზაზე, იხსენებდა თუ როგორ შენიშნეს ცაზე რაღაც ნათებები. ერთ-ერთ მეთაურს უთქვამს, ეს ფეიერვერკები გამოჩნდა, ჩვენებმა ცხინვალი დაიკავეს და ზუგდიდში ზეიმობენო."

დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმ დროისათვის სენაკის სამხედრო ბაზაზე 1000-მდე რეზერვისტი იმყოფებოდა, რომლებიც სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან შეკრიბეს. ისინი ცხინვალისკენ გასამგზავრებლად ემზადებოდნენ. ნაწილი უკვე ავტობუსში იჯდა, ნაწილი კი ჯერ კიდევ კაზარმებში იმყოფებოდა და საბრძოლო მასალას იბარებდა. გოგა ჭითანავა 100-მდე რეზერვისტთან ერთად ბაზის ტერიტორიაზე განლაგებულ სარადარო სისტემასთან ახლოს იდგა.

ლევან ჭითანავა: ერთ-ერთი რეზერვისტი მიყვებოდა, რომ პირველ დაბომბვას გოგა გადაურჩაო. უკვე მივცოცავდით, სამალავს ვეძებდითო. ვხედავდი შემდეგ როგორ ადგა, ალბათ სწრაფად გაქცევა სურდაო, მაგრამ მეორედ ჩამოყრილმა ჭურვებმა იმსხვერპლა, ფეხზე დამდგარი დაიღუპა.

ტარიელ ჭითანავამ შვილის ძებნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 9 აგვისტოს, გამთენიისას შინ დაბრუნებულ თანასოფლელ რეზერვისტებში საკუთარი შვილი ვერ აღმოაჩინა.

ტარიელ ჭითანავა, მამა: სენაკის სამხედრო ბაზის მისადგომებთან დაბომბვიდან 5 საათში 200-მდე რეზერვისტი იყო თავშეყრილი. შოკში იყვნენ, არ იცოდნენ, რას ამბობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, ერთმანეთს ვერ ცნობდნენ. ბაზის ტერიტორიაზე ჯარისკაცები არ მიშვებდნენ. მე წინააღმდეგობის გაწევა ვცადე. შვილს ვეძებ და როგორ მიშლით-მეთქი. მითხრეს, გესვრით, აქ შესვლა აკრძალულიაო. მესროლეთ-მეთქი... შემიშვეს და მთელი ბაზის ტერიტორია შემოვიარე ბიჭის ძებნაში. მკვდრებიც ვერ ვნახე, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხლებშიც აღარ იყო. რეზერვისტებმა იცოდნენ, გოგა რომ დაიღუპა და მიმალავდნენ. მატყუებდნენ, მეუბნებოდნენ, სადღაც აქვე არისო... სენაკის საავადმყოფოს პროზექტურაში მივედი. იქ ორი ზეწარგადაფარებული ცხედარი ესვენა. ერთს გადავხადე და ჩემი ვაჟის მეგობარი, ხორგელი გოგა ბერაია აღმოვაჩინე, მეორეს გადავხადე და ხელში ჩემი შვილი შემრჩა...

ორივე რეზერვისტს დაბომბვის შედეგად სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გოგა ბერაიას ჭურვის ნამსხვრევებისაგან მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გარდა სხეულის დიდი ნაწილი ჰქონდა დამწვარი. გოგა ჭითანავას კი აფეთქების შედეგად გამოწვეული მაღალი წნევის შედეგად თავის ქალა დაუზიანდა, სხეულზე კი ჭურვის ნამსხვრევების კვალი ეტყობოდა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა ასევე ხობში მცხოვრები ორი რეზერვისტი: იოსავა და ხურცილავა. სხვა დაღუპულების შესახებ ცნობა ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ნანა ბუკია, დედა: გოგამ ტექნიკური უნივერსიტეტი წელს დაამთავრა. შემოდგომაზე ქორწინდებოდა. იგი ვერაფერს მოესწრო, ასე დამეღუპა. ჩემთვის ამ შემთხვევაში ერთადერთი მიზეზი არსებობს _ ბავშვები უპატრონოდ იყვნენ შეყრილი ბაზაზე... ამ ყველაფერზე ოდესმე ვინმემ პასუხი უნდა აგოს!

მომავალში დამნაშავის პოვნას და მის დასჯას დაღუპული რეზერვისტის მამაც გეგმავს. "სად იყო მერადარე ოპერატორი დაბომბვამდე, სად იმალებოდა. შეიძლებოდა ბიჭების განლაგება სარადარო დანაგდართან ახლოს?! მერადარე ადგილზე რომ ყოფილიყო, ნახავდა რადარის ანთებულ შუქურას, შეამჩნევდა, თუ როგორ უახლოვდებოდა ბომბდამშენი ბაზას. მაშინ ხომ გააფრთხილებდა რეზერვისტებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ხომ ეტყოდა, თავშესაფარი ეპოვათ?! ხუთი წუთი ხომ საკმარისი იყო ამისთვის?! საიდან უნდა სცოდნოდათ ბავშვებს, რისი მომასწავებელი იყო ანთებული რადარი?!"

13-დღიანი დაპყრობის შემდეგ რუსეთის არმიამ სენაკის სამხედრო ბაზა 23 აგვისტოს განადგურებული და გაძარცვული დატოვა. ტერიტორიას ახლა ქართველი სამხედროები აკონტროლებენ...

ნანა ფაჟავა, ხობი
http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=7310&lang=geo