ღვთიურ ნიჭს ნაზიარები

ეს იყო თოთხმეტი წლის წინათ...
      რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფოიეში გამოფენილი ერთი ჭკვიანი ყმაწვილის ნახატებმა განცვიფრებაში მოგვიყვანა. მაშინდელი შთაბეჭდილება დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას.
      ირაკლი შონია მაშინ მხოლოდ 15 წლის იყო, თუმცა მისი საკმაოდ რთული, მრავალფეროვანი ექსპოზიცია მოზრდილ მხატვარსაც თამამად დააკმაყოფილებდა. იმ დღიდან დაიწყო  მთავარი რამ, დაუსრულებელი შემოქმედებითი ძიება...
       მან პირველად ქვეცნობიერად დახატა-„საქართველო“, რომლის მთლიანი ტერიტორია მორბენალი ცხენის სილუეტზეა გაშლილი.


      (ამოიკითხება შიდაარეულობა, ტერიტორიების დაკარგვა, სამოქალაქო ომი, ძმათამკვლელი შეტაკებები...) იმ დროის შესაბამისად ცხენი ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს... მაგრამ ხსნაც იქვეა. თამარის ბორჯღალო მზემ გამოანათა... და ვაზი-სიმბოლო, გადარჩენისა. ყმაწვილკაცის რთული ფილოსოფია და აზროვნება იდო მის პირველ ნამუშევარში სხვა დანარჩენშიც. როგორი ღრმად მოაზროვნე უნდა ყოფილიყო იმ ასაკში ირაკლი შონია, რომ ქვეყნის მაშინდელი რეალობა ზედმიწევნით გადმოეტანა ტილოზე.
     ის დღეს უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული, ინტელექტუალი და შემოქმედებითად დახვეწილი პიროვნებაა, რომელსაც თავისი გარკვეული ადგილი უჭირავს რაიონის ცხოვრებაში. იზრდება მისი ნახატების ექსპოზიცია. პარალელურად შვიდი წელია, რაც საუკეთესოდ დაეუფლა ფოტოგრაფიას, აითვისა თანამედროვე ტექნიკა და უხარია, რომ ინტერნეტის საუკუნეში ხობიდან-ამ პატარა მშობლიური ქალაქიდანაც საშუალება აქვს კონტაქტი დაამყაროს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილთან, საინტერესო ადამიანებთან...
      ჩვეული სიდინჯით მიაბიჯებს სახლისკენ, სადაც თავისი სამყარო ელოდება. ფიქრიან თვალებს აყოლებს ყველას და ყველაფერს... წყლის გუბურებიდანაც არჩევს ისეთს, რომელიც საქართველოს მოხაზულობას ჰგავს... მივყვები გვერდით და ერთი სული მაქვს, 15 წლის შემდეგაც ვიხილო ამ ნიჭიერი ახალგაზრდის ხელით შექმნილი ტილოები, რომელიც ამდენი ხანია ამაღლებულის სიმბოლოდ მაქვს აღქმული...
      შევდივარ ირაკლი შონიას სამუშაო ოთახში და როგორც მოველოდი, აქ მხვდება სამყარო, სადაც იგრძნობა უკვე გაზრდილი შემოქმედის ხასიათი, სიმტკიცის, შეუპოვრობის, რწმენის ნიშან-ხატი. ვათვალიერებ განსხვავებული თემატიკის ნამუშევრებს, რომელთაც გასდევთ ავტორის რთული შესრულების მანერა, რომ არაფერი ვთქვათ მის დახვეწილ გემოვნებაზე, სამყაროს აღქმისა და შემეცნების უნარზე, რომელიც ოსტატურადაა გადმოცემული ფერთა პალიტრაში...
      ერთ-ერთ ნახატში „დაღლილი გონი“ ამოიკითხება, ცხოვრების ორომტრიალიდან დაღლილ-დაქანცულ მამაკაცს მაგიდასთან ჩაუთვლიმავს, თუმცა ფხიზლობს მისი გონი, ფატალში კი არ გადავარდნილა....
      „დედამიწის დუმილი“-ამ ნახატიდან აღიქმება სამყაროს ფორიაქი, შფოთი, კატაკლიზმები. დედამიწა კი დუმს.
        თუმცა იქვე ტაძრის შესასვლელი კარიბჭეა, როგორც გადარჩენის სიმბოლო... დუმილს კი თევზით გამოხატავს. ავტორი ხშირად ხმარობს მას თავის ნახატებში, ვით სიჩუმის მანიშნებელი. ასევე ხშირად დომინირებს ვაზი-სიძლიერის ნიშნად და ჭადრაკის დაფა-განა ცხოვრებაც მასავით შავ-თეთრი არ არის?
       ირაკლი მშვენივრად იყენებს ფერწერულ შესაძლებლობებს. დღევანდელობაც ხომ თავად იძლევა საუკეთესო მასალას ახალი მხატვრული იდეებისათვის და შემოქმედებითად შთააგონებს ახალგაზრდა მხატვარს.
ეს იყო თოთხმეტი წლის წინათ...
       განცდილია მისი ყოველი ნამუშევარი-ერთიანი, მთლიანი საქართველოს მოკრძალებული სიყვარულითა და წუთისოფელზე მუდმივად ფიქრით აღსავსე. აქვს იშვიათი ნახატიც-რომელიც ერთდროულად მარი შენგელიასთან ერთად შეასრულა. „ორივე ერთად“, ასე ჰქვია ამ ნამუშევარს. მისი ნახატების უმრავლესობა ზეთშია შესრულებული. ბოლო დროს კი პასტელით ხატვას ამჯობინებს.
       ორი ათასამდე ნახატს ითვლის ირაკლი, თითქმის ამდენივე რაოდენობის ფოტომასალაც აქვს შექმნილი რაიონის ცხოვრებაზე. ის ხელიდან არ უშვებს არც ერთ მომენტს, რითაც ქმნის უნიკალურ ფოტომატიანეს. ეს ხომ საშვილიშვილო საქმეა, რომელიც ისტორიას შემორჩა.
        თითქმის ყოველწლიურად ღია ცის ქვეშ, მუსიკის თანხლებით ქ. ხობში ეწყობა მისი ნამუშევრების გამოფენა. პერსონალურ გამოფენებს ხშირად აწყობს აგრეთვე თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში... არასოდეს ყიდის ნახატს, არ ემეტება, რადგანაც თითოეული მათგანი მისი ცხოვრების ნაწილია... 
       მაქსიმალურად სარგებლობს თანამედროვე ტექნიკის საშუალებითა და სიკეთით, ხან იაპონელ მწერალთან პარუკი  მურაკამთან, ხან კი ბრაზილიელ პაოლო კოელიოსთან აქვს მიმოწერა. ყიდულობს ელექტრონულ წიგნებს, ათვალიერებს მსოფლიო წამყვან საგამოფენო დარბაზებს... რა თქმა უნდა, ინტერნეტის საშუალებით. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად აქვს მდიდარი აუდიოთეკა, რომელიც ძალზე ეხმარება შემოქმედებით შრომაში. ხშირად „ნიუეიჯის“ და „ესიდ-ჯაზის“ ქვეშ ხატავს მთელი გატაცებით.
      აქვს სამსახური, რომელიც ძალზე უყვარს და აინტერესებს.
      ამ ცხოვრებიდან ადრე წასული მამა-რევაზ შონია მისი ბავშვობიდან ადევნებული სევდაა, დედა-ადა შელია ერთადერთი იმედი და დიდი მეგობარი, ძმა-ალიკა  საფიცარი და ამჟამად შორსმყოფი, უზომოდ მონატრებული.
      უდიდესი სიყვარულით ლაპარაკობს მეგობრებზე. განსაკუთრებით „ სიყრმის ძმებზე“-გიგა და გოგა ბერიშვილებზე, ირაკლი ზაქარაიაზე, აფასებს მათ ინტელექტს და გულწრფელად ამბობს, რომ ბევრი რამ მათგან ისწავლა...
      ვტოვებ ირაკლი შონიას სამყაროს, ნახატებსა და ფოტოებს, რომელიც ისე საინტერესო და ნათელია, როგორც ავტორი. ვშორდები დედაშვილური ლოცვით და ჩემდაუნებურად უკან მივადევნებ: „სისხლით ქართველი, გენით ქართველი, ბურჯად დამდგარი სხვისი ნათელი“...
                                                                                                                                   



ირაკლი შონიას შესახებ
გაზეთი ,,ხობის მოამბე“
იანვარი, 2007 წელი
ლეილა წოწონავა