მკლავჭიდელთა ტურნირი ხობში



 გაზეთის სტატიის სრული ტექსტი:

16 აპრილს ქ. ხობის კულტურის სასახლემ წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა „გოჩა კვირტიას“ სახელობის ტურნირს მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა სამოცამდე სპორტსმენმა, ამდენად ეს შეჯიბრი უკვე დიდ მასშტაბებს ღებულობს და პრესტიჟულია.

ტურნირი გახსნა ხობის რაიონის მკლავჭიდელთა ნაკრების მწვრთნელმა კობა თუთბერიძემ. დარბაზში დამსწრე საზოგადოებამ ფეხზე დგომითა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გოჩა კვირტიას ნათელ ხსოვნას. მასპინძელთა მწვრთნელი შეეხო ქართულ მკლავჭიდში არსებულ ვითარებას, ილაპარაკა რა ტურნირის მნიშვნელობაზე – სიტყვის დასასრულს მადლობა გადაუხადა დამსწრეთ მობრძანებისათვის, დარბაზს გააცნო მისი მეგობრები: ტელეკომპანია „რიონის“, გაზეთ „ახალი ვერსიის“, სპორტული გაზეთის – „ოლიმპიის“ წარმომადგენლები: ფრიდონ კერვალიშვილი და ზაზა ლეთოდიანი. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ხობის რაიონის მკვიდრის, ბატონ ვახტანგ ნადარაიას ღვაწლს, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ამ შეჯიბრს. მან გამარჯვებულთათვის დააწესა დიდებული ხატები, რომელიც ფოთის ეპისკოპოსის მეუფე გრიგოლის მიერ იყო ნაკურთხი. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ბატონი გიგოტა ჩიტაია.

შეჯიბრი გახსნეს მსუბუქი წონის მკლავჭიდელებმა. დიდებულად იასპარეზა ხობელმა ბაგრატ ფაჩულიამ. მან 55 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ჩემპიონის საპატიო ტიტული. ის ასევე პირველი იყო მარცხენებს შორის. 70 კგ წონით კატეგორიაში მე-3 იყო ზაალ ოკუჯავა. ზაალისთვის ეს მეტად მოკრძალებული შედეგია. ორ წონაში გამოდიოდა გიორგი ყოლბაია. მან ორი მე-2 ადგილი დაიკავა. 80 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ხობელი მამუკა კოდუა. წინა თაობის მკლავჭიდელის კიდევ ერთი გაელვება იყო ეს – და შემდეგ სასწაულები, რომელიც ხობელმა გენადი კვიკვინიამ მოახდინა. მან ჯერ 90 კგ წონით კატეგორიაში დაამარცხა ყველა, შემდგომ სძლია მარცხენებში, ფინალში ევროპის მე-2 პრიზიორს ავთო ახვლედიანს და ორ წონაში დაიმშვენა ჩემპიონის გვირგვინი. დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როცა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. დარბაზი ბობოქრობდა, გულშემატკივრობდა გენადი კვიკვინიას. მან მოუგო მასზე უფრო მძიმე, სნგ-ს ნაკრების წევრს წყალტუბოელ ლევან შვანგირაძეს და როგორც ცოტა ხნის წინ, ამჯერადაც მისი მეტოქე იყო ევროპის ჩემპიონი, მარტყოფელი არსენა შოშიაშვილი, მცირე უპირატესობით მოიგო ევროპის ჩემპიონმა, დარბაზმა ოვაციები გაუმართა 18 წლის ვიცე ჩემპიონს, ხობელ გენადი კვიკვინიას. გამარჯვებულებს გადაეცათ ხატები, ქ. ხობის საკრებულოს მიერ დაწესებული თასი და ედპ-ს ხობის რაიონული კომიტეტის პრიზები, აგრეთვე ის პრიზები რომელიც ხობელმკლავჭიდელთა მწვრთნელმა დააწესა. ბოლო აბსოლუტურ ჩემპიონს, არსენა შოშიაშვილს გადაეცა გოჩა კვირტიას სახელობის პრიზი, რომელიც გოჩას ოჯახმა დააწესა. ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ ხობელებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ეს უდავოდ დიდი შედეგია.

#მკლავჭიდიხობში