ლიტერატურული საქართველო



მოახლოვდა დღე

"ისტორიული კოლხეთის ღირსეულ მკვიდრთ, სრულიად საქართველოს გულითადად ვულოცავთ ამ საეკლესიო ეროვნულ ბრწყინვალე დღესასწაულ "ცოტნეობას". დაე, მაცხოვარმა სიყვარულითა და თავდადებით შეკრას და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, რათა ერთად ვადიდოთ შემოქმედი და გავიხაროთ, რომ "ღამე იგი მიიწურა და მოახლოვდა დღე" - ასე მიესალმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მორიგ ცოტნეობას, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ისევ ხობის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გაიმართა...
მატარებლის რახრახში "ღამე იგი მიიწურა და მოახლოვდა დღე", ის იყო, ირიჟრაჟა, გურამ გოგიაშვილმა ზღვისგან აციალებულ ჰორიზონტს გახედა და თქვა:
- ეჰ, როგორ მიჰქრის დრო! ასი წელიწადი ხდება, რაც ილია მოკლეს...
ღამემ ხობი გამოგვაპარა და ზუგდიდში ჩაგვიყვანა.
"არ იცის დაცდა მატარებელმა... "ცხოვრების სადარებელმა".
ზუგდიდიდან - უკან, ხობში. მერაბ სალაყაიას მასპინძლობამ გაცდენილი დრო აგვინაზღაურა. ხობის მონასტერი. ხალხი თითქმის იგივე, ვინც ადრეც მინა- ხავს. მამაკაცებს უმეტესად შავი შარვლები და მუქი ფერის პერანგები ეცვათ, ქალებსა და ბავშვებს - უფრო წითელი. წირვას აღავლენდა მისი ყოვლადუსამღვდელოესოება, ფოთელი ეპისკოპოსი გრიგოლი. შეთვალული ყურძენი დიდი ხნის უნახავი მეგობარივით გვიღიმოდა უწამლი ფოთლებიდან. საკმაოდ მოწეული ბროწეული იმ ზარს ჰგავდა, რომლის რეკვა წირვის დასრულებას იუწყებოდა. მდინარე ხობი სალოსის სინდისივით სუფთა და ანკარა იყო.
"ბატონო ნუგზარ, თქვენმა დაარსებულმა თეატრმა ვანის ფესტივალზე გაიმარჯვა!" - ნუგზარ ნადარაიას მიმართავდა რამაზ ლოლუა - ხობის პიერ და ბადრი კობახიძეების სახელობის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც არ დაიზარა და წარმოგვიდგინა გამარჯვებული სპექტაკლი, ნოდარ დუმბაძის "სისხლის" მიხედვით დადგმული. თვითონაც ითამაშა. ხობის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს კარგი მაესტროს ხელი ეტყობა. ამიტომ აგზავნიან გასტროლებზე უკრაინაში...
ხობის რაიონის გამგებელმა ანგული (ცოტნე) მიქავამ ხობის საპატიო მოქალაქის მოწმობები გადასცეს თბილისის ოპერის სოლისტს ჯემალ მდივანს, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" რედაქტორის პირველ მოადგილეს გურამ გოგიაშვილს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, მათემატიკის პროფესორს ელიზბარ ნადარაიას, შრომის ვეტერანს გრიგოლ სესკურიას, გაზეთ "აფხაზეთის ხმის" რედაქტორს ნოდარ მიქაძეს... და (რატომღაც) მე.
"აღმოსავლეთი საქართველო დასავლეთის გარეშე ნახევარია, დასავლეთი აღმოსავლეთის გარეშე - ნახევარი. როცა ერთად ვართ, მაშინ ვხდებით მთლიანი..."
ფოთის სამხედრო ლიცეუმის ეზოში, ცოტნე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძრის ცოკოლზე პარაკლისი აღავლინა ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა გიორგიმ.
"ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო,
შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ...
წმიდაო აღმსარებელო,
საქართველოსთვის თავდადებულო ცოტნევ,
ევედრე ღმერთსა ჩვენთათვიის..." - გალობდა ფოთის ეპარქიის გუნდი. ჯერ ტაძრის საძირკველზე, მერე ცოტნე დადიანის ძეგლთან, სამეგრელოს მოედანზე, სადაც რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა პარაკლისი გადაიხადა, სადაც თავის მრევლს ლოცავდნენ წმიდა სინოდის წარმომადგენლები: ახალციხელი ეპისკოპოსი თეოდორე, ზუგდიდ-ცაიშის კპისკოპოსი გერასიმე, ხონის ეპისკოპოსი საბა და სხვანი.
ისევ ფაზისი, ისევ ის სიყვარული, ისევ 12 აგვისტო: მომავლის იმედით.
ავტორი: ივანე ამირხანაშვილი