ქართველებს კარგა ხანია, თავი მოგვაქვს ჩვენებური მინერალური წყლებით და არცთუ უსაფუძვლოდ. სახელგანთქმულმა "ბორჯომმა" და "ნაბეღლავმა" გადაფარა სხვა "წვრილ-წვრილი" წყლები და დღეს აღარავის ახსოვს, რომ სამეგრელოში, პატარა სოფელ ხორგაში დიდი შესაძლებლობების და ბუნებრივი მონაცემებით მდიდარი წყლები ჩამოდის. იქაურებმა რაც შეეძლოთ, ის გააკეთეს. დანარჩენს მსხვილი ინვესტორი და ყურადღება სჭირდება.
თუ ვამტკიცებთ, რომ ბუნებრივი რესურსები ჩვენი მთავარი ეკონომიკური სტრატეგიაა, უნდა მივხედოთ კიდეც.
ეს არ არის პათეტიკური ფრაზა. ხორგა შესანიშნავი "ლუკმაა" წინდახედული და ჭკვიანი ინვესტორისთვის. გვესაუბრება ექიმი კურორტოლოგი ლევან ქავთარაძე:
ხორგის ჰიპერთერმული მინერალური წყალი ერთ-ერთი უნიკალურია არა მარტო საქართველოს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბალნეოლოგიურ წყლებს შორის სამკურნალო, ეკოლოგიური, ეკონომიკური, ეკონომიური და ენერგეტიკული თვალსაზრისით.
ხორგის მინერალურ წყალს საოცრად მდიდარი ქიმიური შემადგენლობა აქვს, 100 გრადუსი ტემპერატურისაა, ქიმიური შემადგენლობით, ქლორიდულ-კალციუმიან-ნატრიუმიანია. იგი თავის დროზე თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკებმა შეისწავლეს. ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებიდან მის შემადგენლობაში საყურადღებოა საერთო ტიტრირებული გოგირდი. მინერალური წყალი სუსტი მჟავიანობით ხასიათდება.
ხორგის მინერალური წყალი, აბაზანების სახით, წარმატებით გამოიყენება ძვალ-სახსართა, პერიფერიულ-ნერვული სისტემის, კანის, ქრონიკულ-გინეკოლოგიური დაავადებების დროს. მინერალურ წყალში კაჟმჟავას ჭარბმა შემადგენლობამ განაპირობა მისი მაღალი თერაპიული ეფექტიანობა კანის დაავადების დროს: ფსორიაზი, მშრალი ეგზემა, ნევროდერმიტები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ხორგის მინერალური წყლის მიღება შეიძლება დასალევად.
ხორგის მინერალური წყლის ბაზაზე 1988 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კოოპერატივი "ხორგა", რომელიც 1996 წელს გადაკეთდა, როგორც შსპ "მკურნალი".
ავადმყოფთა და დამსვენებელთა მომსახურების დონის ამაღლების მიზნით, რეკონსტრუქცია-რემონტი გაუკეთდა 150-საწოლიან საძინებელ კორპუსს, მთავრდება ახალი 25-ადგილიანი სააბაზანო კორპუსის მშენებლობა.
"მკურნალს" 49 წლის ვადით, იჯარით აქვს აღებული 22 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც გათვალისწინებულია მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეთევზეობის და სასათბურე მეურნეობების მშენებლობა, რომ არა საქართველოში ბოლო 10 წელიწადში მიმდინარე პროცესები, ეს სასიკეთო საქმე განხორციელებული იქნებოდა.
ამ სასიკეთო იდეის განხორციელებით ერთი უნიკალური მინიკურორტი შეემატება საქართველოს, სადაც დასაქმდება მრავალი სხვადასხვა პროფესიის ადგილობრივი მოქალაქე მაღალი ანაზღაურებით, შეივსება ბიუჯეტი და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას გაიკაჟებენ ადგილობრივი თუ საზღვარგარეთელი პაციენტები.
ავტორი: ნინო ხოშტარიადილის გაზეთი