გამარჯვება დათოვლილ მინდვრებზე: ხობელი ჭაბუკების წარმატება ორშაში

 


საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის ერთ-ერთ საჭირბოროტო საკითხს ბავშვთა ფეხბურთი წარმოადგენს. ფეხბურთელის დაოსტატებას და ჩამოყალიბებას კი სწორედ სხვადასხვა ტრადიციული საკავშირო ტურნირებში გამოსვლა უწყობდა ხელს. ახლა კი, „ცენტრის“ მუქარა „საკუთარ ტაფაში უნდა დაგხრუკოთ“, მოზარდებზეც გავრცელდა და შარშან მათ თითქმის არც ერთ ასეთ ღონისძიებაში არ მიუღიათ მონაწილეობა (ვგულისხმობთ საკავშიროს, რადგან მიუხედავად წინააღმდეგობებისა, რესპუბლიკის რამდენიმე კოლექტივმა საზღვარგარეთულ ტურნირებში იასპარეზა).

წელს ბიჭვინთაში გამართულ შოთა იამანიძის სახელობის ტურნირზე ხარკოველები გვესტუმრნენ, ახლა კი ბელორუსიის ქალაქ ორშაში ჩატარებულ საბჭოთა კავშირის გმირის კ. ზასლონოვის სახელობის ტრადიციულ ტურნირზე, სადაც 1978 წელს დაბადებულნი ასპარეზობდნენ, ხობელი და ფოთელი სპორტსმენებიც მიიწვიეს.

ტურნირში მონაწილეობდა ათი გუნდი, რომლებიც თავდაპირველად ორ ქვეჯგუფში განაწილდნენ. პირველ ქვეჯგუფში გამოდიოდნენ: სმოლენსკის „ისკრა“, გელენჯიკის „სპარტაკი“, ბორისოვის „პრავდა“, ორშის საფეხბურთო სკოლის პირველი გუნდი და ხობის ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის კოლექტივი; მეორე ქვეჯგუფი ასე გამოიყურებოდა: ორშის საფეხბურთო სკოლა — II, მოსკოვის „სმენა“, ფოთის „კოლხეთი“, ვორკუტის „სპარტაკი“ და ნოვოკულონის საფეხბურთო სკოლის გუნდი.

მიუხედავად მკაცრი კლიმატური პირობებისა (თამაშები დათოვლილ მინდვრებზე მიმდინარეობდა), რაც ხობელი ფეხბურთელებისათვის კარგი „მოკავშირე“ არ უნდა ყოფილიყო, მათ კარგად იასპარეზეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს: ჯერ გელენჯიკელები დაამარცხეს (1:0), შემდეგ — ორშელებს მოუგეს (3:0), მესამე ტურში კი სმოლენსკელი თანატოლები დაჯაბნეს — 2:0.

გადამწყვეტ ეტაპზე ხობელებთან ერთად გელენჯიკის, მოსკოვის და ნოვოკულონის გუნდები გავიდნენ. ხობელებმა ამჯერადაც იმარჯვეს — დაამარცხეს მოსკოველი (1:0) და ნოვოკულონელი (2:0) ყმაწვილები და ტურნირის მთავარი ჯილდო მოიპოვეს. თუმცა მხოლოდ ეს როდი „იკმარეს“ ქართველმა სპორტსმენებმა — ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ხობელთა გუნდის ნახევარმცველი თემურ ბეჭვაია, რომელსაც ფულადი ჯილდო გადაეცა.

დაბოლოს მათ შესახებ, ვინც გუნდი მოამზადა: მწვრთნელებმა — ლ. ლემონჯავამ და თ. სვანიძემ ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ მათ აღსაზრდელებს თავი არ შეერცხვინათ.

„ლელო“ N9 1991 წ.

https://www.facebook.com/share/p/18FjQUF9KX/