რაიონის ფეხბურთის ისტორიაში ხობის „კოლხეთი“ პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა. საქართველოს ტელევიზიამ სპორტულ გამარჯვებას სპეციალური გადაცემა მიუძღვნა. ცისფერი ეკრანით ვიხილეთ ინტერვიუ „კოლხეთის“ საუკეთესო ბომბარდირთან. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის პრიზიორთან ელგუჯა შოთას ძე ქომეთიანთან. რედაქციაში გვესტუმრა წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მას ვთხოვეთ რამდენიმე შეკითხვაზე ეპასუხა.
— ელგუჯა, გვამაყება, რომ ხობის „კოლხეთი“ საქართველოს ჩემპიონია და თქვენ სამართლიანად წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხართ აღიარებული. ჩვენი გაზეთის მკითხველებს აინტერესებთ ეპიზოდები თქვენი სპორტული ცხოვრებიდან.
— დავიბადე ზუგდიდში, დავამთავრე მე-6 საშუალო სკოლა. ფეხბურთით პატარაობიდანვე მოვიწამლე. პირველად ზუგდიდის ქუჩებს შორის გამართულ თამაშებში ვიასპარეზე „ქალაქის პირველობაზე“. ჩემი მწვრთნელი აწ განსვენებული ზუგდიდელი ვასო ბუკია გახლდათ. პირველი თამაში უშედეგო არ ყოფილა, მოვეწონეთ და როგორც პერსპექტიული ფეხბურთელი ზუგდიდის „დინამოში“ ამიყვანეს, რომელიც თამაშობდა საქართველოს პირველობაზე მე-2 ლიგის გუნდებს შორის.
— როგორ მოხვდით ხობის „კოლხეთში“?
— ზუგდიდის „დინამოდან“ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევამ მომიწია. ის იყო, ჩამოვედი დემობილიზაციით და ხობის „კოლხეთის“ მაშინდელმა უფროსმა მწვრთნელმა ნიკოლოზ გვასალიამ ამ გუნდში მომიწვია. დღეს რომ დიდი სახელი და აღიარება მაქვს, ამაში უთუოდ დიდი წვლილი ნიკოლოზ გვასალიას მიუძღვის.
— რას გაიხსენებთ გუნდში მოსვლის პირველი დღეებიდან? რა დაგამახსოვრდათ?
— ახლაც მახსოვს პირველი გულთბილი შეხვედრა კოლექტივთან, თითოეულის გაცნობა, პირველი დღეები. მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა ხობის ცენტრალურ სტადიონზე გამართული პირველი შეხვედრა თელავის „კახეთთან“ და ჩემს მიერ გატანილი პირველი გოლი. გუნდის მოგება ანგარიშით 3:0. ეს ჩემს მიერ გატანილი პირველი გოლი სწორედ იმ 241 გოლის დასაბამი გახდა.
— როგორ გრძნობთ თავს ხობში? ხობელებთან?
— ხობი ჩემთვის მშობლიური ქალაქი გახდა. აქ ბევრი მეგობარი შევიძინე. როცა სადმე მივდივარ, საოცრად მენატრებიან ხობელი მეგობრები, ფეხბურთის გულშემატკივრები. ასე მგონია, ხობისა და ხობელების უმისოდ ვერ გავძლებ.
— როგორი განცდა დაგეუფლათ იმ დღეს, როცა ჩემპიონები გახდით? თქვენს ანგარიშზე რამდენი გოლია?
— პირველად რაიონის ფეხბურთის ისტორიაში ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. მე როგორც გუნდის ვეტერანი, სიხარულს ვერ ვმალავ. რაც შეეხება ჩემპიონობას სათავე დაუდო ჩემმა გადამწყვეტმა გოლმა. გაგრაში „დინამოს“ გუნდთან ასპარეზობაში თამაშის დამთავრებამდე შვიდი წუთით ადრე ერთადერთი გადამწყვეტი გოლი გავიტანე და ჩემს ანგარიშზე ეს მიმდინარე წელს ორმოცდამეერთე გოლია. მე ავისრულე ჩემი ბავშვობის ოცნება, მოწინააღმდეგის კარში მხოლოდ დამბლოკავი გოლი გამეტანა, რაც შეეხება ჩემს მიერ გატანილი გოლებიდან ყველაზე ლამაზი ეს იყო წყალტუბოს „შადრევანთან“ გატანილი გოლი.
— თქვენ ორი ქალიშვილის მამა ხართ და საოცრად თბილი ოჯახი გაქვთ, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
— ჩემი გოგონები მოზრდილები არიან. ჩემთან ინტერვიუს ცისფერი ეკრანიდან უყურებდნენ, როცა ჩამოვედი, შემომეხვივნენ, მკოცნიდნენ, მე მინდა ისინი სპორტსმენებად აღიზარდონ, ამაში მეუღლეც დამეხმარება, რომელიც პედაგოგია. თავისუფალ დროს სპორტულ გადაცემებს ვუსმენ, მიყვარს კითხვა.
— როგორია მომავლის გეგმები და პერსპექტივები?
— მხარში ამოვუდგები ჩემს საყვარელ გუნდს, ძალასა და ენერგიას არ დავზოგავ გუნდის მომავალი წარმატებებისათვის. ვისარგებლებ შემთხვევით და მსურს პრესის საშუალებით გულითადი მადლობა გადავუხადო რაიონის ხელმძღვანელებს, ჩვენს მშრომელებს დიდი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის და ახალი წელი ყველას მივულოცო.
ლ. ბასილაია.
