იგი დაიბადა სოფელ კირცხში. ბავშვობა იქვე გაატარა. მამით ადრე დაობლდა. მზრუნველმა დედამ ყველაფერი იღონა, რათა შვილებს უმაღლესი განათლება მიეღოთ.
ლამარა ჯიქია 1951 წელს წარმატებით ამთავრებს კირცხის საშუალო სკოლას. სწავლას აგრძელებს ზუგდიდის ორწლიან ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სკოლას უბრუნდება პედაგოგად. მუშაობის პარალელურად ლამარა დაუსწრებლად ამთავრებს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტს.
1962 წლის დეკემბერში მან თავისი ბედი დაუკავშირა შესანიშნავ ქართველს, შალვა ხარებავას, განათლებით პედაგოგს. რომელიც ოცდაშვიდი წლის განმავლობაში იყო ხობის რაიონის განათლების განყოფილების გამგე. იმავე წელსვე ლამარა ჯიქიამ მუშაობა დაიწყო ხობის № 1 საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, ხოლო შემდეგ გადავიდა ხობის № 2 საშუალო სკოლაში.
შესანიშნავ პედაგოგს, უკეთილშობილეს და უსაყვარლეს პიროვნებას არაერთი კარგი და სახელოვანი პიროვნება აღუზრდია... კიდევ მრავალს გაზრდიდა, რომ არა ავადმყოფობა და შემდგომ უმოწყალო სიკვდილი.
1981 წლის 1 სექტემბერს ჩაქრა სრულიად ახალგაზრდა ლამარა... დააფასა იგი, როგორც წარჩინებული პედაგოგი და აღმზრდელი, სკოლის დირექტორის ბატონ საშა არჩაიას ინიციატივით მოწყობილ მემორიალურ დაფაზე სახალხო განათლების ამაგდარს ლამარა ჯიქია-ხარებავას ღირსეული ადგილი უკავია, ხობის სასაფლაოზე კი მის მარმარილოს ქვას შემდეგი სიტყვები ამშვენებს:
„სიკვდილი ისე წამომეპარა,
ვით გარეწარი ნადირის თვალი
შვილები ისე კარგად გავზარდე
ახლა ცოცხალი მგონია თავი“
დიახ, ლამარა ჯიქია სიცოცხლეს განაგრძობს თავის საამაყო შვილებსა და შვილიშვილებში.