გაზეთი კომუნისტი: ჩ ვ ე ნ ი ღ ვ ი ძ ლ ი ს ა ქ მ ე-1940 წელი შუა ქვალონი

 


შუა ქვალონის კოლმეურნეობის წევრები მუშაობენ მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე დამბის მოწყობაზე.
1940 წ.

ხობის რაიონის კოლმეურნეები ფართოდ გამოეხმაურნენ მოწოდებას, რათა გავსულიყავით კოლხიდმშენის სამუშაოებზე და დავხმარებოდით კოლხიდმშენებლებს მიმდინარე წლის საწარმო გეგმების შესრულებაში. ერთსულოვანი აღფრთოვანებით შეხვდნენ ამ მოწოდებას სოფ. შუა ხორგის კოლმეურნეობის „ახალი კოლხიდის“ წევრებიც.

— „ახალი კოლხიდიდან“ კოლხიდმშენში სამუშაოდ პირველი დაძახებისთანავე გამოვიდა 90 კოლმეურნე 25 ურმით. თითქმის ყველა შრომისუნარიანი კოლმეურნე წამოვიდა კოლხიდმშენში, სადაც ჩვენ ვიკისრეთ მდ. ხობის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ მიწაყრილი ჯებირის გაკეთება. კოლმეურნეობას მოგვიზომეს ნაკვეთი, მიგვითითეს, თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ჯებირი და ხელმძღვანელობის გასაწევად ტექნიკოსები მოგვიჩინეს.

2 ოქტომბერს შევუდექით მუშაობას და 9 ოქტომბერს ძირითადად უკვე დამთავრებული გვქონდა მთელი ეს სამუშაო. ჩვენი რაიონის მთელ რიგ სხვა კოლმეურნეობებს ჩვენ გავასწარით მუშაობაში, თუმცა ბევრმა ჩვენც გაგვასწრო. ისევე, როგორც საკოლმეურნე სამუშაოების შესრულებისას, ჩვენი კოლმეურნეობის ბრიგადები აქაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სამუშაოთა უკეთ და ვადაზე ადრე შესრულებაში. 

განსაკუთრებით თავი ისახელეს ვ. ბერიას და გ. დოლბაიას ბრიგადებმა. ამ ბრიგადების ურმებს (თითო ურემს 2 კოლმეურნე ჰყავდა მიჩენილი) ნორმით გათვალისწინებული 20 კუბური მეტრის ნაცვლად ყოველდღიურად მიჰქონდათ ჯებირზე 30-35 კუბური მეტრი მიწა.

დამკვრელური და სტახანოვური მუშაობის კარგი მაგალითები გვიჩვენეს ჩვენმა კოლმეურნე-კომუნისტებმა — ნ. წულაიამ, დ. დოლბაიამ, ვ. ჯობავამ და სხვ.

დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით ვიმუშავეთ ერთი კვირა და გავყავანით ორმეტრინახევარზე მეტი სიმაღლის ჯებირი 150 მეტრის სიგრძეზე. ამ სამუშაოს თითოეული კოლმეურნე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, რადგან ყველანი ვგრძნობდით, რომ ვაკეთებდით ჩვენს ღვიძლ საქმეს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ სამუშაოთა წარმატებით შესრულებაში კარგი ხელმძღვანელობა და დახმარება გაგვიწია საქ. კ. პ. (ბ) ხობის რაიკომმა, რომლის ერთერთი მდივანი ამხ. პ. ჯოჯუა მუდამ თავს დაგვტრიალებდა და კოლმეურნეებს ახალი შრომითი მიღწევებისათვის მოგვიწოდებდა.

სეფ. შენგელია კოლმეურნეობა „ახალი კოლხიდის“ თავმჯდომარე.