კურორტ ბიაში რევმატიზმის სამკურნალოდ ჩასული მოქალაქეები (1929 წ.)
ქ. ზუგდიდის მახლობლათ, ოცდაათი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს სოფ. ბია. სოფელი გაშლილია გორა-ჭითაგორის კალთებზე, ჰაერი და წყალი აქ საუცხოვოა, ამას თან ერთვის გარსშემორტყმული ფოთლოვანი ტყე. იქვე მის ახლოს, სამი კილომეტრის მანძილზე, მას უვლის შავი ზღვის რკინის გზა. კარგა ხნის წინად აქ აღმოჩენილი ყოფილა ორი, მარჯვენა ბიის, სამკურნალო წყარო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ეს წყაროები მოკლებული არიან პატრონობას და ვერ პოულობენ თავის დანიშნულებას.
ამას წინად აქ აწარმოვა გამოკვლევა ქიმიკოსმა კუპცისმა, რომლის დასკვნითაც, ეს წყაროები შეიცავენ 12 სხვადასხვაგვარ ქიმიურ ნივთიერებას. მათი რადიო-აქტიობა უდრის 1,3-2,33-ს, ტემპერატურა 13-14 0 ცელსიუსით.
ქიმიკოს კუპცისის დასკვნით, ეს წყაროები წარმოადგენენ ცივ გოგირდის წყაროებს, რომლებიც მეტად სასარგებლოა რევმატიზმისათვის.
ადგილობრივი საბჭოს და ბიის მცხოვრებთა თაოსნობით აქ ჯერ-ჯერობით გაკეთებულია მხოლოდ ექვსი აბაზანა, დადგმულია უბრალო ქვაბები, რომლებითაც წყალს ათბობენ. ყოველ ზაფხულობით ამ წყლებით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი, აგრეთვე ახლო-მახლო მდებარე სოფლების მცხოვრებნი, საშუალოდ 1000 კაცამდე. მსურველები კი გაცილებით მეტია, მაგრამ წყლების მოუწყებლობა არ იძლევა ყველას დაკმაყოფილების საშუალებას.
.jpg)