ახალი მწვერვალების დასაპყრობლად
ამასწინათ სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან სასიამოვნო შეხვედრას „უმასპინძლა“ მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა დავით ბუკიამ, წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს და ფულადი ჯილდოც გადასცა.
საოცარი საღამო გახლდათ... ნამდვილი დღე სასწაული. სიხარულის, სიყვარულის, მოფერების, უზღვავი საუკეთესო სურვუილების და იმედების ფეიერვერკი...
მას შემდეგ მუნიციპალიტეტის სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ეროვნული გამოცდების შედეგების მომლოდინეთა ინტერესი უფრო და უფრო იზრდებოდა...
...და აი, ეროვნული გამოცდების შედეგადად გაბრწყინებულები დაგვიბრუნდნენ ახალბედა სტუდენტები_მეტნაკლები გრანტით, ზოგი უგრანტოდ, მაგრამ უზომოდ ბედნიერები.
გაზეთის ფორმატის გათვალისწინებით, ყველა მათგანტან შეხმიანება ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელებს ვთხოვეთ ეპასუხნათ ჩვენს კითხვებზე.
ახალი სოფლის საჯარო სკოლის (დირექტორი ნონა ნადარაია) და კერძო სკოლა „არეას“ (დირექტორი ბეატრის რუსია) კურსდამთავრებული, ოქროს მედალოსნები და 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელებს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტს საბა ქარდავას და ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტ ანა ქებურიას სამადლობელი არ ელევათ აღმზრდელ პედაგოგთა მისამართით.
მათ პასუხებში იხილავთ მათ ნათელ მომავალს, იმედს, რომელიც ასე გააბრწყინებს ხვალინდელ საქართველოს.
მერი ლაგვილავა
ანა, საბა, უპირველესად გილოცავთ თქვენს ღირსეულად მიღწეულ წარმატებას.
მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე, ვინ მოგცათ მოტივაცია ყოფილიყავით წარმატებული უპირველესად სწავლაში, ვინ არიან მშობლები, თქვენი პირველი მასწავლებელი?
ანა:
-მადლობას გიხდით თქვენ და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მომილოცეს. ეს პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემი ცხოვრების გზაზე.
ბავშვობიდან მოყოლებული-დღემდე ჩემი მოტივაციის წყარო მშობლები არიან (დედა სანათა სიჭინავა, მამა გიორგი ქებურია). ვფიქრობ,ყველას ცხოვრებაში აუცილებელია ასეთი ადამიანების არსებობა.
ჩემი პირველი მასწავლებლებიც სწორედ მშობლები იყვნენ. მახსოვს, ჯერ კიდევ პატარას როგორ მასწავლიდა დედა წერა-კითხვას, მამა გამოთვლას...
რაც შეეხება, სკოლის პირველ მასწავლებელს_ია გოროზია გახლდათ, მისი დიდი მადლობელი ვარ. Pირველი მასაწავლებელი, ალბათ, ყველასთვის განსაკუთრებული სიყვარულია.
საბა:
-პირველ რიგში, უღრმესი მადლობა მოლოცვისათვის.
ბავშვობიდანვე ჩემი მშობლები (დედა სოფიო ღადუა, მამა ზაზა ქარდავა) ყველაფერს აკეთებდნენ, რათა გამეთავისებინა განათლების მნიშვნელობა და მეფიქრა არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ მომავალზე.
მათ მასწავლეს შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა–ის ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია დიდი მიზნების მისაღწევად. განსაკუთრებით მსურს გამოვყო ჩემი პირველი მასწავლებელი, ქალბატონი ნანა ბაგრატია. მან დამარწმუნა, რომ სწავლა მხოლოდ დავალებების შესრულება კი არა, სამყაროს აღმოჩენისა და საკუთარი ოცნებების ასრულების გზაა.
გასულ სასწალო წელს ჩემმა დამ სალომემ ასევე ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და ეროვნულ გამოცდებზე 100 პროცენტიანი გრანტით გახდა სტუდენტი. მისი ეს წარმატება ჩემთვის დიდი მოტივაცია გახდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შრომითა და რწმენით მეც შემეძლო მსგავსი წარმატების მიღწევა. რამაც გამიძლიერა სურვილი, რომ გავყოლოდი მის გზას და დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები.
თქვენი აზრით ბავშვის აღზრდაში რომელია მთავარი, სკოლა თუ ოჯახი?
ანა:
_ვფიქრობ, ბავშვის აღზრდაში ოჯახი და სკოლა თანაბრად დიდ როლს ასრულებს, რადგან ეს ორი სოციალური ინსტიტუტი ეხმარება ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ოჯახში ბავშვი ეცნობა ქცევის ზოგად წესებს, შეიმუშავებს ღირებულებებს,სკოლაში კი მათი განმტკიცების საშუალება ეძლევა.
სკოლაც ერთი დიდი ოჯახია, ჩემი მადლიერება სკოლის თითოეულ მასწავლებელს!
საბა:
_ჩემი აზრით, ბავშვის აღზრდაში პირველ და უმთავრეს როლს ოჯახი თამაშობს. ზოგადად ოჯახი ის გარემოა, სადაც ბავშვი პირველად ეცნობა სამყაროს, სწავლობს ღირებულებებს, ცხოვრების წესებსა და განათლების მნიშვნელობას. მშობლები არიან ბავშვების პირველი მასწავლებლები და მათი ქცევები დიდ გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე.
რატომ აირჩიეთ სამართალმცოდნეობა და ბიზნესადმინისტრირება, ზოგადად დედა უნივერსიტეტი?
ანა:
_სამართალმცოდნეობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის_ესაა გზა, რომლითაც შევძლებ სიმართლის დაცვას, სამართლიანობისთვის ბრძოლას და იმ ღირებულებების გაჟღერებას, რომელთაც ვატარებ. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სპეციალობა.
რაც შეეხება `დედა უნივერსიტეტს~_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მართლაც არის ალმა მატერი. ესაა ცოდნის კერა, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნინს ისტორია და უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობა გააჩნია. ივანე ჯავახიშვილის სახელი ამ უნივერსიტეტს განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს. მისი მოღვაწეობა და მემკვიდრეობა დღემდე გვახსენებს, რომ განათლება არა მხოლოდ ცოდნის გაცემა, არამედ ქვეყნის წინაშე მსახურებაა.
საბა:
_ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ბიზნესი და როგორ გადაიქცევა მინიმალური იდეაც კი წარმატებულ პროდუქტად.
ჩემი მიზანია ვაკეთო საქმე, რომელიც არა მხოლოდ ჩემს პირად წარმატებას, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
ვფიქრობ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია სწორედ ის, სადაც შემიძლია მივიღო მაღალი ხარისხის განათლება და გავიზარდო, როგორც პროფესიულად ასევე პიროვნულად. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად დამეხმარება ჩემს მომავალ გეგმებში.
წარმატების მისაღწევად რა არის უმთავრესი_ნიჭი, მონდომება, შრომა თუ იღბალი?
ანა:
_ვიტყოდი, რომ წარმატებისთვის ყველა მათგანი საჭიროა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ შრომისმოყვარეობა ყოველ ჯერზე გადაწონის ნიჭს. როცა მიზანი დიდია, ჯაფაც შესაბამისი გიწევს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია მონდომება, ჟინი და იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებ.
საბა:
-ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად თითოეული ასპექტი თანაბრად მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ შრომისა და მონდომების გარეშე ნიჭი არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თავდაუზოგავად იმუშავებს ადამიანი საკუთარი ოცნებების ასრულებისათვის.
რას ეტყოდი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ოჯახს?
ანა:
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ვეტყოდი, რომ დაისახონ დიდი მიზნები, აირჩიონ ის პროფესია, რომელიც გულთ უნდათ. გაუფრთხილდნენ დროს და არასდროს გაჩერდნენ.
მასწავლებლებს კი ვეტყოდი, რომ მათი გვერდში დგომა მოსწავლესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგი მასწავლებელი გვიზიარებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ გამოცდილებასაც.
ჩემი ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიღების გზაზე გამოვარჩევდი „ხობის საკვირაო სკოლას“. ეს იყო ადგილი, სადაც უამრავი საინტერესოდ მოაზროვნე ახალგაზრდა თუ უფროსი ადამიანი გავიცანი. „საკვირაო სკოლის“ მასწავლებელი ლევან ჯობავა იყო ჩვენი მეგობარი, გულშემატკივარი, თანატოლი და მასწავლებელიც. ვფიქრობ, მასწავლებლები პირველ რიგში მოსწავლეების მეგობრები უნდა იყვნენ.
ოჯახს-დედას, მამას, ბებიებსა და ბაბუებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებენ. არასდროს დამავიწყდება ჩემი ყოველი წარმატების შემდეგ მათი ემოციები და სიხარული. მათი ბედნიერი თვალების გახსენება ყოველ ჯერზე გულში სითბოს მიღვრის. მინდა აქიდანაც ვუთხრა მათ-ძალიან მიყვარხართ!
საბა:-დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ვეტყოდი, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს, გახსოვდეთ, რომ მიზნისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი განსაზღვრავს თქვენს მომავალს. ირწმუნეთ საკუთარი ძალების და არასდროს დანებდეთ.
მასწავლებლებს და ოჯახს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო. ისინი არა მხოლოდ ცოდნას გვაწვდიან, არამედ გვასწავლიან ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც, გვამხნევებენ და ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან.
როგორ გესახება მომავალი, სტუდენტობა? სტუდენტობა ჩემთვის ახალი დასაწყისია, ახალი შესაძლებლობა. ვფიქრობ უნივერსიტეტში სწავლის ყოველი დღე კიდევ უფრო დამაახლოებს ჩემს მიზნებთან და ოცნებებთან.დარწმუნებული ვარ რომ, უნივერსიტეტში გატარებული წლები ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული იქნება ჩემთვის.
ბოლოს კი ყველა ხობელს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას გისურვებთ!
საბა:
-სტუდენტობა ჩემთვის ნიშნავს თავისუფლებასაც და უფრო დიდ პასუხისმგებლობასაც. უკვე თვითონ უნდა ვმართო ჩემი დრო, სწორად დავგეგმო სწავლა და პირადი ცხოვრება. ეს ეტაპი ერთგვარი მომზადებაა რეალური ცხოვრებისთვის, სადაც ჩემი გადაწყვეტილებები პირდაპირ იმოქმედებს ჩემს მომავალზე.
გაზეთი „ხობის მოამბე“ #10 სექტემბერი 2025 წელი