ხობის კულტურის სასახლეში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს

 


 ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სასახლეში სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ მასწავლებლების განსაკუთრებული წვლილის აღნიშვნას, რომლებმაც წლები შესწირეს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეს.

საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ როგორც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა: ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ანა არაბული.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს განსაკუთრებული შრომისა და ერთგულებისთვის.

დაჯილდოება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გაიმართა. ანალოგიური ღონისძიებები დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში, რაც ხაზს უსვამს სახელმწიფოს მხრიდან პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელობის აღიარებას.