„გრიფინი“ კლუბი, რომელიც ოცნებებს ფრთებს ასხამს.

 

სანამ ინტერვიუ შევუდგებოდე, მინდა გითხრათ, რომ მოგიყვებით და გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთა ენთუზიაზმი და მიზანსწრაფულობა სცილდება ჩვეულებრივ, საქმესშეჭიდებულ ადამიანთა მონდომებას...

მე გაგაცნობთ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებისგანაც შეიძლება მაგალითი აიღოს ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა და ნახოს განვითარების გზა სხვა სფეროშიც...

ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებნი- ლიკა ლოგუა -პროფესიით ფილოლოგი და თემურ ნანეიშვილი -პროფესიით იურისტი, რომლებმაც სპორტი ისე შეიყვარეს, რომ  ცხოვრების მთავარ გზად აქციეს.

მოგიყვებით კლუბ „რიფინზე”, რომელიც ლიკამ და თემომ დააარსეს სოფლის სკოლაში მცირე რესურსითა და დიდი გულით. „გრიფინი” არ არის მხოლოდ გუნდი, ეს არის ერთობა და გზა, რომელიც დიდ საერთაშორისო ჩემპიონატამდე გაგვიყვანს...

და მოგიყვებით ბადმინტონის რეგიონული ფედერაციის განვითარების გზის დასაწყისზე...

მოგესალმებით  ლიკა, თემურ. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.  

რთულია იმის დაჯერება, რომ სამ თვეში არაფრისგან შექმენით ბადმინტონის კლუბი, რომელშიც უკვე 30-მდე ბავშვი ირიცხება. 

მოგვიყევით, როგორ მოვიდა იდეა კლუბის შექმნისა და რამ გიბიძგათ ამისკენ? 

ლიკა

_ყველაფერი პანდემიის ქაოსში დაიწყო –ჩვენ შევქმენით ახალი  და მთავარი „ერთობა“- დავქორწინდით.  და გადავწყვიტეთ სოფელში დაბრუნება.დავიწყეთ სკოლაში მუშაობა და  სკოლის ცხოვრება გახდა ბუნებრივად  ჩვენი ყოველდღიური ამბავი. 

თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენთვის უბრალოდ გაკვეთილების ჩატარება საკმარისი არ იქნებოდა. გვინდოდა, ჩვენი მოსწავლეებისთვის  რეალური მოტივაცია მიგვეცა უკეთესი მომავლის შესაქმნელად და რომ ამისთვის ენერგია ტელეფონების ეკრანების მიღმა ეძებნათ.

თემოს აქვს ალღოც და გამოცდილებაც ბავშვებთან ურთიერთობის, რამაც გაგვიადვილა ბავშვებისთვის  ჩვენი იდეის შეთავაზება. ბავშვებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და ირწმუნეს ჩვენი. ასე შევიკრიბეთ რეალობის შეფასებითა და მომავლის რწმენით.

თემური: 

თქვენი სპორტული ბიოგრაფია საკმაოდ შთამბეჭდავია – დინამოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში, შემდეგ პროფესიონალური კარიერა ფრენბურთში. როგორ მოხდა, რომ ერთ დღეს ბადმინტონის კლუბის ტრენერი გახდით სოფელში?

თემური: 

_შეიძლება ითქვას, ეს იყო დაბრუნება საწყის წერტილთან – მაგრამ უკვე ახალი ხედვით. საფეხბურთო კლუბ „დინამოში” ყოფნა, შემდეგ ფრენბურთის თამაში, პროფესიული რეჟიმი, ჩემპიონატები... ეს ყველაფერი გასწავლის წარმატებას, მაგრამ გისვამს ერთ მნიშვნელოვან კითხვას: „შემდეგ რა?“ როცა ლიკასთან ერთად სოფლის სკოლაში წავედი და დავინახე, თუ როგორ თამაშობდნენ ბავშვები ბოთლით ფეხბურთს, ჩემს თავს ვუთხარი  – შენ შეგიძლია შეცვალო მათი ცხოვრება და გახდე სხვებისთვის  უკეთესის დასაწყისი.  და დავიწყე ამაზე მუშაობა...

მაგრამ ბადმინტონი მაინც არ იყო თქვენი პროფილი…

თემური: 

_ნამდვილად. ფეხბურთში ვიყავი, ბადმინტონი თავიდანვე უცხო იყო ჩემთვის. მაგრამ პრინციპები იგივეა – რეფლექსი, მოძრაობა, სტრატეგია, ფიზიკა და ფსიქოლოგია. უბრალოდ,  ბურთის ნაცვლად ჩოგანი და ვოლანია. მთავარი კი ისაა, რომ ბავშვებს სჭირდებათ შესაძლებლობა. ბადმინტონი ამის საუკეთესო ინსტრუმენტი აღმოჩნდა.უფრო მოგვიანებით შევუდექი ბადმინტონის პროფესიულ შესწავლას...

ლიკა:  

_რაც მთავარია, თემურის გამოცდილება სპორტის სისტემიდან წარმოუდგენელ უპირატესობას გვაძლევს. მან  იცის, როგორ შეიძლება წარმატების მიღწევა და ამ დროის მანძილზე არაერთი გამარჯვება მოაპოვებინა ბავშვებს მაგიდის ჩოგბურთშიც.

 „თქვენი მიზნები გასცდა კლუბის შექმნას... ბადმინტონის რეგიონული ფედერაციის შექმნა გაცილებით  დიდ შრომას მოითხოვდა. როგორ მიხვედით ბადმინტონის რეგიონული ფედერაციის შექმნის გზამდე, რატომ გადადგით ეს რთული ნაბიჯი? “ 

თემური: 

_მოგეხსენებათ, რომ ჩვენ,  სკოლაში უკვე მერამდენე წელია ვატარებთ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა ტურებს, შემდეგ ვერთვებით მუნიციპალურ პირველობებში, გამარჯვების შემდეგ რეგიონულ ტურებში და ა. შ.  სასკოლო ოლიმპიადა ჩვენთვის თვალის ამხილველი აღმოჩნდა — იქ დავინახეთ, რამდენად დიდია ბავშვების პოტენციალი და რამდენად მეტის მიცემის შესაძლებლობა გვაქვს. საშეჯიბროდ სპორტული სახეობების ჩამონათვალში იყო ბადმინტონი დასახელებული, მაგრამ ჩვენს მუნიციპალიტეტს  გუნდი არ გვყავდა და არ ვერთვებოდით. ამან დამაფიქრა და მივხვდი, რომ ამის შევსება შემეძლო და უნდა მემოქმედა. მივხვდი, რომ ბადმინტონის საშუალებით შეგვიძლია ბევრი ბავშვის გზა  გავხსნათ წარმატებისკენ და  ამ სპორტის განვითარებისთვის უნდა შეგვეწყო ხელი. რომ ამისთვის საკმარისი აღარ იყო მხოლოდ ერთი კლუბი. ამ იდეის განხორციელებაში  გვერდით დაგვიდგა ჩემი მეგობარი, სპორტზე უზომოდ შეყვარებული და სპორტული იდეებით სავსე ადამიანი. გავითვალიწინეთ მისი რჩევები, გავიარეთ კონსულტაციები სამართლებრივ საკითხებზე და შევქმენით ფედერაცია, რომელიც  არა მხოლოდ ჩვენს კლუბს, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბადმინტონის პოპულარიზაციას მოემსახურება. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის, მეგობრობის, მონდომების და უკეთესი მომავლის შექმნის რწმენის  დასაწყისი.“

 „როგორ მოიძიეთ ადგილი ვარჯიშებისთვის, როგორ მოიზიდეთ ბავშვები, რომლებიც მზად იყვნენ ამ ახალ საქმეში ჩართვისთვის? და კიდევ როგორ მოახერხეთ, რომ თქვენი პატარა კლუბი დიდ ფედერაციასთან კავშირში ჩართულიყო?“ 

ლიკა:

 _„საწყისში ტერიტორია ჩვენი ყველაზე დიდი თავსატეხი იყო. არ გვქონდა დარბაზი, ამიტომ ნებისმიერი თავისუფალი სივრცე, სადაც ბადეს გავჭიმავდით, ჩვენი „არენა“ ხდებოდა  სკოლის ეზო, სოფლის სტადიონი, მინდვრებიც კი. რამდენიმე სტადიონზე ბავშვებს ბადეები და ვოლანები საჩუქრად გადავეცით რადგან გვჯერა, რომ სპორტი მაშინ ყვავის, როცა ის ყოველდღიურობად იქცევა. 

ბავშვები  თავიდან მოდიოდნენ ცნობისმოყვარეობით, მაგრამ როცა დაინახეს, რომ ეს იყო რეალური ვარჯიში, ფორმები, ტურნირები, მალე შეგროვდნენ ჩვენს გარშემო. დიდ ფედერაციასთან კავშირი კი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო — კონკურსებსა და ჩემპიონატებზე მონაწილეობამ მოგვცა საშუალება დავახლოებოდით  პროფესიულ წრეს. თავიდან გამოუცდელები ვიყავით, მაგრამ ნელ-ნელა გავიცანით ადამიანები, რომლებიც წლებია ამ სპორტში არიან, მათი დახმარებით ბევრი რამე ვისწავლეთ და სწორედ ამ ურთიერთობების დროს მივხვდით, რომ ჩვენს პატარა კლუბს შეუძლია გახდეს სერიოზული მოთამაშე დიდ ასპარეზზე.“

თემური, თქვენ გახდით ბადმინტონის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი. დაგეკისრათ დიდი პასუხისმგებლობა, როგორია თქვენი მიზნები.

თემური: 

 _დასაწყისში  ვგეგმავთ უფრო მასშტაბურ ღონისძიებას, ვიდრე აქამდე ჩაგვიტარებია—ხობის  მუნიციპალური ჩემპიონატის ჩატარებას  აგვისტოს ბოლოსკენ.  იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი  თვითმმართველობა, ხობის მერია დაგვეხმარება ღონისძიების ჩატარებაში.

 ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ ბადმინტონის  განვითარებას, გვინდა მეტი მიმდევარი ჰყავდეს ამ სახეობას და რაც მთავარია, პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ჩვენს გარშემო უამრავი ნიჭიერი ბავშვია, რომლებსაც სურთ უკეთესი მომავალი ჰქონდეს, მათ ჩვენთან ერთად აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ მეტად წარმატებულები...

  გვინდა დავუკავშირდეთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც. გავშალოთ ასპარეზობები რეგიონში და ჩვენს საქმიანობაში ჩავრთოთ მეტი და მეტი ახალგაზრდა თუ მოზარდი. გასაკეთებელი ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა დავუკავშირდებით რეგიონის ხელმძღვანელობას და მათთან კოორდინაციით უფრო გავაღრმავებთ ჩვენს საქმიანობას.

„და რა ღონისძიებები მოასწარით, კლუბის ფარგლებში, ამ მოკლე დროში?“ 

თემური: 

  სამი თვეა  რაც ვარსებობთ.  პირველი ტურნირი  ჩავატარეთ— საჯიჯაოს სკოლის დარბაზში. იმ დღეს დარბაზი სავსე იყო ბავშვების სიხარულითა და შეძახილებით. ეს იყო პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისი, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ ბადმინტონს ჩვენს რეგიონში დიდი მომავალი აქვს. 

სახელიც ძალიან სიმბოლურია – გრიფინი, მითოლოგიური არსება. ვინ მოიფიქრა?

ლიკა:

_სწორედ ბავშვებმა. როდესაც ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა თვისებები სჭირდება ბადმინტონელს  – სისწრაფე, გამძლეობა, სიბრძნე – ერთმა ბავშვმა თქვა: „ეს ხომ გრიფინია!“- და ასე დაიბადა კლუბის სახელი. ეს არ არის მხოლოდ სახელი – ეს იდეაა, იდეა იმისა, რომ შეუძლებელიც კი შესაძლებელია, როცა გჯერა საკუთარი თავის.

ბევრი გამოწვევა გაქვთ, რა გაძლევთ ძალას?

თემური: 

_როცა ბავშვებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინიც ისე უყურებენ ჩოგანს, როგორც მე ვუყურებდი ოდესღაც ბურთს (სამწუხაროდ, მე ტრავმების გამო დავტოვე ფეხბურთი) და ვფიქრობ, რომ მათ გზაზეც შეიძლება გაჩნდეს სიძნელეები, როგორც ჩემს შემთხვევებში, მაგრამ მე მზადა ვარ მათი სირთულეები გავამარტივო, ჩემი აუსრულებელი ოცნებები მათში განვახორციელო და ვიყო ბავშვების მუდმივი მხარდამჭერი, როგორც მწვრთნელი და როგორც მეგობარი.

რა არის თქვენთვის  ყველაზე დიდი სირთულე?

თემური: 

_ეს სირთულე ჯერაც გადაულახავია დარბაზის არქონა. 

მინდორზე თამაში შეიძლება იყოს ლამაზი, მაგრამ პრაქტიკული არ არის – წვიმა, ქარი, სიცივე… რთულია რეგულარული ვარჯიშის შენარჩუნება. მეორე აღჭურვილობაა. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ —ჩოგნები ვიყიდეთ ჩვენი რესურსებით, ბადეც კი საკუთარ ხელით გავაკეთეთ.

ლიკა:

სირთულე იყო მშობლებთან მუშაობაც. თავიდან ეჭვით უყურებდნენ — „რა იქნება ამით?“ მაგრამ როცა დაინახეს, რომ ბავშვები დამოუკიდებლად იღვიძებდნენ ვარჯიშზე მისასვლელად, რომ დისციპლინას, ჯანსაღ აზროვნებას და თანადგომას სწავლობდნენ და ამავდროულად ეკრანებთან გატარებული დროც შემცირდა, მხარდაჭერა გაიზარდა.

რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ორგანიზაციებს თუ კომპანიებს, ვისაც აქვთ  რესურსი და შეიძლება დაგიდგეთ გვერდით?

ლიკა:

_დავიწყებთ უბრალო სიტყვით: გაგვიცანით. ჩვენ არ ვითხოვთ დახმარებას მოტივაციის გარეშე — ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ვზრუნავთ შედეგებზე, ვზრდით ბავშვებს. უბრალოდ გვჭირდება სივრცე, სადაც ამ ყველაფერს გაგრძელება ექნება. დარბაზი არა მხოლოდ შენობაა — ეს ბავშვებისთვის ნიშნავს, რომ მათი შრომა და მონდომება აღიარებულია.

თემური: 

_ბავშვების ოცნებები ღირს ინვესტიციად. ჩვენ ვმუშაობთ უსასყიდლოდ,  ჩვენი შრომა ზრდის ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ მომავალში ლიდერობა, სპორტული წარმატება და საზოგადოების გამყარება. მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ ჩვენს  მომავალზე, გვინდა ჩვენი პატარა ქალაქი - ხობი, ამ სპორტის რეგიონულ ცენტრად იქცეს და საერთაშორისო ასპარეზზე თქვას სათქმელი.

თქვენ ახსენეთ, რომ მონაწილეობდით საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს თასსა და `მომავლის თასზე”. პირველად გახვედით დიდ ტურნირზე?..

ლიკა:

_დიახ, ეს იყო  პირველი ნაბიჯი იმ სივრცეში, სადაც უამრავი ადამიანის მრავალწლიანი  შრომაა ჩადებული.

ჩვენ გავედით საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს თასზე და მომავლის თასზე  რამდენიმეკვირიანი ვარჯიშის შემდეგ.

ბადმინტონის  დარბაზებში შევედით მინდვრიდან  აყვანილი  ბავშვებით, რომლებიც თამაშობდნენ ჯოხებით და ახლა პირველად იცვამდნენ კლუბის ფორმას.

და   დავმარცხდით, როგორც მოსალოდნელი იყო…

მაგრამ ეს მარცხი იყო გამარჯვების ძალიან სერიოზული საწინდარი.

მათ თვალებში არ დაგვინახავს იმედგაცრუება, პირიქით,  მხოლოდ ძალიან ძლიერი სურვილი  გამარჯვებისა.

ეს გამოცდილება არ არის მხოლოდ სპორტული. ეს არის სულიერი გაკაჟება. ამით

ვასწავლეთ ბავშვებს და საკუთარ თავებსაც,  რომ თუ გინდა  დიდ გამარჯვებას მიაღწიო, ჯერ უნდა შეგეძლოს ღირსეულად დამარცხება.

_ჩვენ არ წავალთ ჩემპიონატებზე მხოლოდ ფინალებისთვის.

ჩვენ წავალთ იმისთვის, რომ   სოფლის ბავშვებმა იგრძნონ  დიდი არენების მიმზიდველობა.

_ამაშია ჩვენი გამარჯვების ფორმულა.

რას ეტყოდით ბავშვებს, ახალგაზრდებს …

თემო 

უტა მასწის სპორტული სამყარო 

_გიყვართ სპორტი? გამოგვყევით, ჩვენი მიზანი არ მთავრდება სოფლის მინდორში – ჩვენი მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაა.

კიდევ ერთხელ  დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, თქვენი შრომისთვის, მონდომებისთვის, ენთუზიაზმისთვის და წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან საქმეში.

გაზეთი „ხობის მოამბე“ #9 აგვისტო 2025 წელი