Კობა შუბითიძის ხსოვნას

 

კობა, ჩვენო საყვარელო ძმაო, 

ჩვენო სამშობლოსთვის თავდადებულო გმირო, 

დღეს შენი დაბადების დღეა! 

ბოლოს 2004 წლის 2 აგვისტოს ვიზეიმეთ ერთად... 

6 აგვისტოს, უკვე სამაჩაბლოში  საბრძოლო მომედებებში იყავი ჩართული და შენს საყვარელ ,,კომანდოსებთან" ერთად  სამშობლოს იცავდი...  

17 აგვისტო შენს ზეციურ დაბადების დღედ გვექცა... ბოლო იყავი, იმ 16 გმირიდან,  ვინც სამშობლოს მიწას მკერდით გადაეფარა წვერიახოს ბორცვზე და გმირული სიკვდილით მარადიული სიცოცხლე მოიპოვა! დღეს  მეოცედ შეხვდით  შენს დაბადების დღეს უშენოდ! ხმაურით გარბიან წლები


შენ კი, მუდამ ახალგაზრდა, დროზე და სიკვდილზე გამარჯვებული, მარადიულ ჭაბუკად რჩები და მჯერა, ზეციდან ევედრები უფალს, დაიფაროს და გაამთლიანოს საქართველო!  


ერთი გმირის ისტორია:

🔴კობა შუბითიძე

🔴კობა შუბითიძე დაიბადა  1974 წლის 2 აგვისტო ხობის რაიონში, სოფელ საგვიჩიოში. მსახურობდა პირველი ქვეითი ბრიგადის მე 12 "კომანდოს " ბატალიონში. იყო  წარმატებული სამხედრო პირი. 2004 წლის 6-დან 17 აგვისტომდე, სამაჩაბლოს მოვლენების დროს კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა. 17 აგვისტოს ღამის პირველ საათზე, წვერიახოზე ერთ-ერთი შეტევის დროს დაიღუპა.


🔖პოლკოვნიკი, პაატა შუბითიძე, კობა შუბითიძის ძმა:  “კობა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული იყო. ძალიან უყვარდა საქართველოს ისტორია. 1999 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა. შემდეგ სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდა, მათ შორის იყო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ოპერატორი, მაგრამ, რატომღაც, ვერ იპოვა თავისი საქმე. 2002 წელს, როდესაც წვრთნისა და აღჭურვის ამერიკული პროგრამა იწყებოდა, მთხოვა, რომ დავხმარებოდი საბუთების შეგროვებასა და ჩაბარებაში. გაიარა წვრთნისა და აღჭურვის სრული კურსი ამერიკელებთან ერთად. იმსახურა მესამე ასეულში. ამ პერიოდში, გორში შეიქმნა სერჟანტთა სკოლა, სადაც გაიარა ათეულის მეთაურის კურსი, ოცეულის სერჟანტთა კურსი და  ასეულის სერჟანტთა კურსის გასავლელად ემზადებოდა.

2004 წლის  5 აგვისტოს წაიყვანეს გორში, 17 აგვისტომდე იყო წვერიახოზე. მისი ოცეულის მეთაური დაჭრილი იყო და თვითონ ასრულებდა ოცეულის მეთაურისა და ოცეულის სერჟანტის მოვალეობას. 16 აგვისტოს ჩანაცვლება მოხდა. ახალი ბატალიონი უნდა შეეყვანათ და მეორე ბატალიონი გამოეყვანათ, მაგრამ ნაღმტყორცნების შეტევის შედეგად, ახალ ბატალიონში, მსუბუქად დაჭრილები ჰყავდათ. სამედიცინო ჯგუფი გამოიძახეს, ძალიან დიდი შეტევა იყო, რის გამოც მედიკოსები ვერ ახერხებდნენ ასვლას. ამიტომ, რამოდენიმე ჯარისკაცი, მათ შორის კობაც,  გადავიდნენ ახალი პირადი შემადგენლობის შესამოწმებლად, რომ გაეგოთ, ჰქონდათ თუ არა მათ სირთულე. ნახეს, რომ არ იყვნენ მძიმედ დაჭრილები...  უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, რათა გაეკეთებინათ მოხსენება დაჭრილ ჯარისკაცებთან დაკავშირებით. იმდენად მასიური ცეცხლი იყო, გადმოსვლა ვერ შესძლეს, რის გამოც, იძულებული გახდნენ, ტყვიამფრქვევიდან ღია პოზიციებზე გაეხსნათ ცეცხლი, რომ მათი გადმოსვლა დაეფარა ცეცხლს და დაჭრილები უსაფრთხოდ გადმოეყვანათ. მართლაც გადმოვიდინენ, გააკეთეს მოხსენება, რომ არ იყო სამედიცინო დახმარება საჭირო; დაჭრილებს უკვე ჩატარებული ჰქონდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. სწორედ ამ მოხსენების დროს განხორციელდა გასროლა, რომლის დროსაც კობა სასიკვდილოდ დაიჭრა... ტყვიამ გულში გაუარა... იგი ადგილზე დაიღუპა.... უდიდესი ტკივილია ჩვენი ოჯახისთვის, მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემი ძმა, ჩვენი ქვეყნისთვის მთლიანობისთვის,  გმირულად დაიღუპა!“


🔖ავთანდილ მუშკუდიანი, მაიორი, კობა შუბითიძის ოცეულის მეთაური: " მე მისი ოცეულის მეთაური ვიყავი, კობა ათეულის მეთაურად დავნიშნე, რადგან ღირსეული პიროვნება გახლდათ  და იმსახურებდა. იყო ძალიან მოწესრიგებული და საუკეთესო ადამიანური თვისებებით დაჯილდოვებული. მასთან არასდროს ზედმეტი საუბარი არ დამჭირვებია, ყოველთვის ზუსტად იცოდა, რაც იყო საჭირო და უპრობლემოდ ასრულებდა. ბევრი კარგი რამის თქმა შემიძლია მასზე.. იყო ძალიან შემართებული, თავის საქციელით, პიროვნული თვისებებით, ბიჭებს მაგალითს აძლევდა. სულ მაოცებდა ეს პიროვნება თავისი ადამიანობით და ვაჟკაცური ხასიათით... ნათელი დაადგეს მის სულს.."


🔖ია მაჭავარიანი, კობა შუბითიძის ოჯახის წევრი: „წლები,რომელიც,როგორც წესი,ყველაზე მხიარული და ბედნიერია ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში,ჩვენს შემთხვევაში ასე არ იყო, ქვეყანაში არსებული უმძიმესი, ყოველმხრივ ურთულესი, მდგომარეობის გამო, შიმშილით სულს ღაფავდა ხალხიც და ქვეყანაც... ჩვენც არ გვილხინდა, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით, ოჯახიც არ იყო ჩვენს იმედზე და ხანდახან მხიარულების უფლებას ვაძლევდით თავს... რასაც  დიდი ამბავი არ სჭირდებოდა... უამრავი მეგობარი გვყავდა და თითქმის სულ ერთად ვიყავით. დავისხამდით უშაქრო ჩაის, შემოვუსხდებოდით ადრე დაძინებული მეზობლისგან  ნათხოვარ ნავთქურას და ზღაპრის მეფესაც შეშურდებოდა ჩვენი მხიარულება... სხვა ვერავინ, კობა ყოველთვის ხედავდა ჩვენი მოჩვენებითი სიმშვიდისა და ბედნიერების ტყუპისცალ სევდას... ის ისეთი ბიჭი არ იყო, განსაკუთრებულობის მისანიჭებლად ამბების გამოგონება დამჭირდეს...

რამდენი წელი გავიდა, მე კი დღემდე მახსოვს... მაშინ კობა შვიდი წლის იყო, მე ცამეტის, ოჯახში შექმნილი  მდგომარეობის გამო, ავტობუსით ხობიდან ზესტაფონამდე მარტოებს, მშობლების გარეშე პირველად უნდა გვემგზავრა. ბიძაჩემის შეპირება მძღოლს ფულს მივცემ და ყურადღებას მოგაქცევთო ვერ მამშვიდებდა, ვერც ის, ავტობუსი ჩემს სახლთან ახლოს რომ გაივლიდა და მძღოლი აუცილებლად გამიჩერებდა. ასე შეჰპირდა ბიძაჩემს. მანამ, საღამოს ჩანთას რომ ვულაგებდი, ორი მანქანაც მოაგორა. დატოვება ვთხოვე, ვერაო, შემეხვეწასავით, ძალიან მჭირდება, ამ „ბუნდოზერს“ მაინც წამოვიღებ, მიწა უნდა ამოვთხაროო... ეს „ბუნდოზერი“ საკმაოდ დიდი და მძიმე იყო... ვეცადე, ამეხსნა, რომ ჩვენ მარტო მივდიოდით და ვერ შევძლებდით სათამაშოების წაღებას. წამით მოიწყინა, მერე მორჩილად დახარა თავი და ადრე ჩამალული ხმლები და თოფებიც ამოალაგა... ასეთი იყო სიცოცხლის ბოლომდე... სინდისიერი, მოკრძალებული... ადამიანთმოყვარე... თავმდაბალი... უდიდესი იუმორის გრძნობით...  არამგონია, ოდესმე, რომელიმე პრემირებულმა მსახიობმა წაიკითხოს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა“...გრიშა და მთავარი“ ისეთი ბუნებრივი გათავისებით, როგორც კობა კითხულობდა...

.... მართლა მძიმე წლები იყო, გარეთ გასული ადამიანისთვის უნდა გელოცა, შარს არ გადაყროდა...  რამდენჯერ იყო,  მოვიდოდა აღელვებული, ყველაფრით ნერვებდაწყვეტილი და ამას ისიც დაემატებოდა, რომ, თურმე, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა, უფულო მგზავრი არ წამოიყვანა... ვერ აპროტესტებდა, რა იცი, იმ მძღოლისთვისაც რა მნიშვნელობა ქონდა  იმ გროშებსო... თვითონაც იმდენი არ ქონდა, სხვისთვისაც გაემართა ხელი და ხშირად უწევდა გაწეული ქველმოქმედების გამო გლდანის მეტროდან, მეშვიდე მიკრო რაიონში ფეხით ამოსვლა... ‘’სასაცილო კაცი ხარ,’’- ვეტყოდი გასაბრაზებლად, რომელიმე დღის თავსგადამხდარ, ვერასხლეტილ შფოთს  რომ მომიყვებოდა... თვითონაც ისე გაიცინებდა, მარტო მას რომ ახასიათებდა და თავს დაიმშვიდებდა: ‘’მაგას რა ჯობია, ზოგი ისეთია, ამ ღვთისრისხვადატეხილ  ქვეყანაში, სიცილის არსებობას დაგავიწყებსო’’... სხვა კაცი იყო... სხვა...  ახლაც სხვა რამ მინდოდა მეთქვა... შეწუხდებოდა, მოერიდებოდა, რომ გაეგო ჩემზე წერენო... მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა:  -მე გამიმართლა, ვინ,რომელი ქართველი არ  ინატრებს სამშობლოსთვის სიკვდილსო, იტყოდა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ღიმილით გაიღიმებდა."

🔴2010 წელს, მისმა თანაკლასელებმა და სოფელ საგვიჩიოს გამგებელმა, დააწესეს კობა შუბითიძის სახელობის ფეხბურთის ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

🔴კობა შუბითიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

გმირის ისტორიის ავტორი 

შორენა სიხარულიძე.

#დიდებაგმირებს 

#ვეტერანები🇬🇪

Ენძელა მაჭავარიანი