თანამედროვე ხობში მრავალფეროვანი გამოფენები იმართება. შევაჩვიეთ თვალები გემოვნებიან ნაკეთობებს, ფერთა ულამაზეს შეხამებებს, ჩვენს ცხოვრებაში რომ შემოჭრილან და გვიმსუბუქებენ სინამდვილის ახლართულ და ძნელ ყოფას...რას არ ნახავთ ამ გამოფენებზე- ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით გაკეთებული სამკაულებიდან დაწყებული, ხის ნაკეთობებით, ნახატებით, ფოტოსურათებით, თექაზე შესრულებული აქსესუარებითა, ფერადი ყელსახვევებით თუ ხელთნაკეთი სათამაშოებით და სხვა თვალისმომჭრელი ნივთებით დამთავრებულს...
სწორედ ერთ ასეთ კულტურულ ღონისძიებაზე, ხობში, გავეცანი უნაკლო ხელობით შესრულებულ ნამუშევრებს, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს გახლდათ ტილოზე შესრულებული ნაქარგობები, რომლებიც ჩასმული იყო ჩარჩოებში. ტილოებზე მითითებული იყო სახელი და გვარი, რომელიც ჩემთვის უცნობი იყო, მაგრამ კარგად დავიმახსოვრე...
ხელოვნება, ზოგადად მრავლისმომცველი და მრავალფეროვანია... ეს სფერო მოიცავს ყველაფერს, რისი გაკეთებაც კი შესაძლებელია ამ ქვეყანაზე, იგი ბუნებრივის საწინააღმდეგო მცნებაა და იტევს ადამიანის უკიდეგანო წარმოსახვის ფიზიკურ გამოხატულებად ქმნილ საოცარ ნაკეთობებს, მათ შორის ნაქარგობებს.
ქარგვა გამოყენებითი ხელოვნების დარგს მიეკუთვნება და ის ქალის ძირითად საქმედ ითვლებოდა ოდითგანვე. მის ტექნიკას ფლობდნენ, როგორც მაღალი, ასევე დაბალი ფენის წარმომადგენლები და თავიანთი ხედვების, ნიჭისა და ფანტაზიის მიხედვით ქმნიდნენ ულამაზეს ტანსაცმლებს, რელიგიური შინაარსის მოსართავებს, პანოებს, აქსესუარებს და ა.შ. აცოცხლებდნენ ბიბლიურ სცენებს, ხატებს, წმინდანთა სახეებს, მცენარეებს... თურმე ამ ნამუშევრებში ხშირად ამოიკითხებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი, კულტურის ძეგლებში ფიქსირებული ქართული ორნამენტები. მე-19 საუკუნიდან ამ ნაქარგობებიდან აკეთებდნენ ორნამენტების ესკიზებს და ენახებოდა მომავალ თაობას.
პირველი პუბლიკაცია ქარგვის თემაზე გამოქვეყნდა ჟურნალ „ივერიაში“, რომელიც მიეძღვნა ტაბოლსკში არსებულ ნაქარგობას ქართული გარდამოხსნის შესახებ. ეს გარდამოხსნა დაკარგულია და მხოლოდ სტატიაში გამოქვეყნებული სურათი ამტკიცებს მის არსებობას. ასე მოაღწია, სამწუხაროდ, ბევრი ნამუშევრის შესახებ ცნობებმა ჩვენამდე.
საქართველოში საქარგავი ცენტრებიც კი არსებულა, ზოგან ეკლესიებისა და ზოგან დიდგვაროვანთა სასახლის კარზე. მიუხედავად ასეთი გავრცელებულობისა, ფიქრობენ, რომ ქარგულობის სამშობლო მაინც აღმოსავლეთია, კერძოდ კი ჩინეთი, თუმცა საბერძნეთსა და რომშიც ადრეული პერიოდიდან აითვლება მისი წარმოშობის ისტორია.
საქართველოშიც ქარგვის განვითარებას დიდი ხნის ისტორია აქვს და ფიქრობენ, რომ ის იწყება იმ დროიდან, როდესაც ნემსის ნაცვლად მამონტის წვრილ ძვალსა და ძაფის მაგივრად ნანადირევი ცხოველების მყესებს იყენებდნენ. მას შემდეგ ბევრჯერ შეიცვალა, როგორც სამუშაო იარაღები, ასევე გამომსახველობითი უნარები და ტექნიკაც და დღეს ულამაზეს გვირისტებად ქცეული გემოვნებიანი ნამუშევრები ატკბობს თანამედროვე ესთეტებს.
ხობელი ხელოვანის ნამუშევრებს - ნაქარგობებს, რომლებსაც გამოფენაზე გავეცანი ასეთი წარწერა ჰქონდა: „მთვარისა სერგიას ნამუშევრები“ - ამ პიროვნებას ბევრი თქვენგანი ალბათ იცნობს, რადგან ბევრი მოსწავლის აღმზრდელი და დამკვალიანებელია, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, როგორი ესთეტიზმით სავსე ნამუშევრები აქვს შექმნილი და საიდან დაიწყო მის ცხოვრებაში ეს ჯადოსნური გზა.
ერთ დღეს ტელეფონით დავუკავშირდი, მოკრძალებით ვთხოვე მისი ნამუშევრები გაეცნო ჩემთვის, სიამოვნებით დამეთანხმა და ასე შემიყვანა თავის ულამაზეს სამყაროში...
ვინ არის მთვარისა ჯაკონია-სერგია? ქალბატონი მთვარისა ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში დაბადებულა 1950 წლის 3 იანვარს, მოსამსახურის ოჯახში. მამამისი - აპოლონ ჯაკონია, ჯერ აფხაზეთში გერანის საბჭოთა მეურნეობის აგრონომი ყოფილა, ხოლო მოგვიანებით, პენსიაზე გასვლამდე, ძველი ხიბულის საბჭოს მდივანი.
დედა ეთერი კიტია დიასახლისი ყოფილა, მაგრამ წიგნისმოყვარეობით გამორჩეული და შვილისთვის ბავშვობიდანვე ჩაუნერგავს წიგნთან მეგობრობის აუცილებლობა. ჭრა-კერვაც უსწავლებია მისთვის და ქარგვაც.
მთვარისას პატარაობიდანვე მოსწონებია ხელსაქმე და სკოლაში სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში, მისი შეკერილი და ამოქარგული კაბებით შემოსილი თოჯინები და ნაქარგობები სასკოლო გამოფენებს ამშვენებდა. მეხუთე კლასელი მთვარისა, თვითონ იკერავდა კაბებს და თავის დებსა და კლასელებსაც სიამოვნებით მოსავდა მისი შეკერილი სკოლის ფორმებით.
მოდის ჟურნალებს თურმე მამა აცნობდა, საიდანაც იღებდა თარგებს, დამოუკიდებლად ერკვეოდა ნახაზებში და უკვე მეშვიდე კლასელ გოგონას პროფესიონალურ დონეზე შეეძლო დამოუკიდებლად ჭრა-კერვაც და ქარგვაც.
სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გაუგრძელებია ქ.სოხუმის ა. მ. გორკის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში, დაუმთავრებია პედაგოგიური ფაკულტეტის სრული კურსი დაწყებითი კლასების სპეციალობით. ინსტიტუტში დაუსწრებლად სწავლის პარალელურად სოხუმის ერთერთ სამკერვალო ატელიეში დაუწყია მუშაობა. აქ დაოსტატებულა. ატელიეს ხელმძღვანელობას არ გამოპარვია მისი შესრულებული ნამუშევრების სინატიფე და მიუციათ მისთვის სპეციალური შეკვეთები, რომლის შესრულების შემდეგ, ქალბატონ მთვარისას მიერ შეკერილი მამაკაცის პიჯაკები და ქურთუკები იყიდებოდა, როგორც სოხუმის, ასევე საზღვარგარეთის სხვდასხვა ქალაქის მაღაზიებში.
ქალბატონმა მთვარისამ ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ განათლების სფეროში დაიწყო ძირითადად მუშაობა. იგი წლების განმავლობაში ასწავლიდა ჯერ ხობის N 2 საშუალო, ხოლო შემდგომ საჯარო სკოლაში. გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. მისი მოსწავლეები მასწავლებლის მხრიდან იღებდნენ შემოქმედებითი განვითარების მეტ შესაძლებლობებს, ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლებოდა ჰქონოდათ. მთვარისა მასწავლებელი მრავალ ტრენინგგამოვლილი, საპილოტე პროგრამებში აქტიურად ჩართული, ასრულებდა მათემატიკის ქოუჩის მოვალეობას და ამ პროფესიულ განვითარებასთან ერთად, ატარებდა ბავშვებისთვის მხატვრულ ღონისძიებებს.
ხელოვნება მარტო თავისთავად კი არ არსებობს, დიდია მისი ზეგავლენა ადამიანის შესაძლებლობებზე და თუ ადამიანი პროფესიულად სხვა მიმართულებით ყალიბდება, ხელოვნების ნიჭი და შემოქმედება ალამაზებს და უფრო აღრმავებს პროფესიონალიზმს სხვა მიმართულებითაც... სწორედ ასე იყო ქალბატონ მთვარისას შემთხვევაშიც... მისი საქმიანობები ხშირად შუქდებოდა პრესის ფურცლებზე. მის მიერ გაწეული შემოქმედებითი და სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობის მაღალპროფესიონალურ დონეზე შეთავსებისთვის მთვარისა ჯაკონია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ დაუჯილდოებია და მადლობა გამოუცხადებია. დღესაც ახსოვთ მისი „პრინცესა არითმეტიკის მეჯლისი“, „ციცქნა იას დღეობა“, ანბანთქებები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, მონაწილეობას იღებდა სასკოლო გამოფენებში... ერთი სიტყვით, მისი შესაძლებლობები და უნარები კარგად რეალიზდა, ჩამოყალიბდა, როგორც გამორჩეული პედაგოგი , რისთვისაც ორჯერ აქვს მიღებული წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება. მისთვის არ არსებობს თავისუფალი დრო. სწავლებასთან ერთად, მუდამ ეწევა შემოქმედებით საქმიანობას-ქარგვას და ხან მულტფილმის გმირებს აცოცხლებს, ხან ფილმის გმირებს, ხან კიდევ თვითონ, თავისი ფანტაზიით ქმნის, ულამაზეს სურათებს და ატკბობს ხელოვნების მოყვარულებს.
თავის შემოქმედებასაც უფრო საბავშვო თემატიკას უკავშირებს, თუმცა აქვს სხვა ხასიათის ნამუშევრებიც, საინტერესო და მშვენიერი.
ქალბატონ მთვარისას ნამუშევრები განსაკუთრებულად დასაფასებელია, იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს ეს ხელობა უფრო იშვიათდება. ოდითგანვე ქარგვა ქართველი ქალების საყვარელ ხელსაქმედ ითვლებოდა და მათი ოსტატობა ამ სფეროში ცნობილი იყო. მაგრამ ჩვენში ეს ტრადიცია თანდათან მიყუჩდა, რაც ძალიან დასანანია. ხობის მუნიციპალიტეტში არის კიდევ რამოდენიმე ნიჭიერი შემოქმედი ქალბატონი, რომელთა ნამუშევრები ნებისმიერ გამოფენას დაამშვენებდა, მინდა მათ მოვუწოდო, რომ ასწავლონ მათ შვილებს, შვილიშვილებსა და ახლობლებს ეს ულამაზესი საქმე, რომ გაიჩინონ მოსწავლეები და თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ მეტსა და მეტ ახალგაზრდას...
ქალბატონ მთვარისას ნამუშევრების გამოფენა ბევრს გვინახავს სხვადასხვა სივრცეებში, მინდა ისევ გააგრძელოს ეს ტრადიციული საქმიანობა და უფრო მეტ ადამიანს გაუზიაროს თავისი ხელოვნების საიდუმლოებები.
დღეს, გაზეთის მეშვეობით, მინდა გავაცნოთ მისი ლამაზი და ნატიფი ნამუშევრები იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ უნახავთ, რომ გაჩნდეს მათში მოტივაცია ამ გზის გაგრძელებისა და განვითარებისა.
ქალბატონ მთვარისას კი მინდა მოვეფეროთ და დიდხანს სიცოცხლე და ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა ვუსურვოთ. იმედი მაქვს, კულტურული მემკვიდრეობის ეს სანიმუშო ქმნილებები არ დაკარგავენ ხიბლს და ბევრ მიმდევარს გაიჩენენ.