„გრძნობას უბიწოს, დრო ვერას უზამს“ - ვენია ცხადაიას ნათელ ხსოვნას

„გრძნობას უბიწოს, დრო ვერას უზამს“

ნარკვევი

    ღვარცოფად მოვარდნილ მდინარესავით ჰარი-ჰარალე წუთისოფელმა, მრავალ ნიჭიერ და განათლებულ ადამიანს ნაადრევად დაატოვებინა წუთისოფელი.
ვფურცლავ კალენდარს...
21-ე საუკუნე განსაკუთრებული აჩქარებით ხასიათდება, უკან მოხედვასც კი ვერ მოასწრებს ადამიანი, ისე სწრაფად გარბის დრო, თუმცა, `გრძნობას უბიწოს, დრო ვერას უზამს~.
მეხის გავარდნას გავდა მისი სიკვდილი.
ყველა ერთმანეთს უსამძიმრებდა.
    ქართველები ემოციური ხალხი ვართ, თანაგრძნობის გამოხატვაც განსაკუთრებულად გვახასიათებს. არ ვიცი რატომ ეზიარა ასე ადრე მარადიულობას ეს რჩეული ახალგაზრდა კაცი,  მაგრამ ვინ უწყის, ვინ შეიცნობს სად მთავრდება ბედნიერებმა და სად იწყება უბედურება...
მართლაც დაუნდოებლია წუთისოფლის მსჯავრი...
    ვენია ცხადაია, სწავლული აგრონომი, სოფლის მეურნეობის ღირსეული მუშაკი, ნაღდი ხობელი, რომელიც მისხალ-მისხალ ქმნიდა თავის ლამაზ ბიოგრაფიას.
    ძველი თაობის მოღვაწეთა შორის მის სახელს დიდი პატივი და მოკრძალება მოსავს, ის გამოირჩეოდა მაღლი ინტელექტით, გონებრივი შესაძლებლობებით, მაღალი სულიერებით, ზნეობრივი სიწმინდითა და სისპეტაკით. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია ბატონ ვენიას, უთუოდ დაამახსოვრდებოდა მისი ჭკვიანური მსჯელობა, მომხიბლავი გარეგნობა და მოსიყვარულე გული.
    წლები გავიდა, მაგრამ მისი ხსოვნა მარად გაუხუნარია. სადაც კი ამ კაცზე სიტყვა ჩამოვარდება, ყველგან ყოველთვის სინანულს გამოთქვამენ.
    ნარკვევის წერისას გონებაში ამოტივტივდა ერთ-ერთი მისი მეგობრის სიტყვები: ვენია ცხადაიას სული მარადიულ სასუფეველშია და გვირგვინად ადგას ადამიანობის, პატიოსნების და მამულიშვილობის ნათელი შუქი, ბრწყინვალე მეოჯახე, მეზობელი, მეგობარი და უღალატო კაცი... მისი ხსოვნა მარად გაუხუნარია, მას დავიწყების რუმე ფერებიც არ ეკარება. ჟამთადინებაც ვერას აკლებს.
    მართალაც უსაზღვროდ უყვარდა ხობი და ხობელები. იშვიათად შეხვდებოდით ისეთ ადამიანს, რომელშიც ასე ჰარმონიულად იყო შერწყმული გარეგანი და შინაგანი ხიბლი, ეს ღვთაებრივი კაცი ყველას მეხსიერებაში კაცად დარჩა...
    მეუღლე, ქალბატონი ინოლა, დიდება მის სულს, პროფესიით აგრონომი გახლდათ. სრულიად ახალგაზრდა ცალუღელად დარჩა. სიცოცხლის ხალისით სავსე, ოჯახის ერთგული ახალგაზრდა მეუღლე 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაეცვალა და დარჩა ერთადერთ ქალიშვილთან ერთად.
    ვერ ვიტყვი არ გაჭირვებიაო, მაგრამ სულის სიმაღლე გამოიჩინა, მედგრად და ნათელი გონებით მიჰყვა ცხოვრების მდინარებას. ქალიშვილი ნატო ცხადაია ღირსეულ პიროვნებად აღზარდა, რომელიც პროფესიით გეოგრაფია და  40 წელზე მეტია ემსახურება მომავალი თაობების აღზრდას. დადის და ცხოვრობს საოცარი დედა და ბებიაა. სიკეთეს აფრქვევს, ჩუმი და მოკრძალებული ქალბატონი, რომელიც არსთა გამგებელმა პედაგოგად მოავლინა ცოდვილ მიწაზე და ისიც იღწვის, რათა ცოდვისგან დაცული იყოს მომავალი თაობა.
    ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ მასაც ცხოვრებამ დიდი ნაღველი აგემა, ადრე დაქვრივდა, ხელიდან გამოეცალა ლომივით ვაჟკაცი, თავის კუთხეზე და მტერ-მოყვარეზე უსაზღვროდ შეყვარებული, ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე კაცი ვახტანგ ბერაია და დარჩა სამი პატარა ბავშვი, მაგრამ ჭირს არ გაუტყდა, ზიდა ეს ტვირთი ბოლომდე ერთგულად, პატიოსნად, როგორც ღირსეულ ოჯახს შეეფერება. მართალია ქალბატონი ნატო გულით დაატარებს ძვირფასი მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ სევდას, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და დღეს იგი თავისი საამაყო შვილებით და შვილიშვილებით ხარობს. უფროსი ვაჟი სულხანი ეკონომისტია, უმცროსი გიორგი კი პროფესიით იურისტი ასოცირებული პროფესორია. ქალიშვილმა სოფიომ ბიოსამედიცინო დაამთავრა, რომელიც დაოჯახებულია და ჰყავს მეუღლე პროფესიით ეკონომისტი კობა კობახიძე და სამი კაშკაშა შვილი კესო, კატო და ანდრია. ნათქვამია, „კვიცი გვარზე ხტისო“ კესო, რომელიც მე-11 კლასელია მსახიობობაზე ოცნებობს და ასე ბედნიერად ცხოვრობენ ერთად კობახიძეების სანიმუშო ოჯახში.
    კომკავშირი, ყამირი, პარტია ეს ისტორიის კუთვნილებაა.
    დაე, ბატონი ვენია ცხადაიას მიერ მომკილმა ავტორიტეტმა და სიყვარულმა გაუნათოს გზა მის დიდ და ლამაზ ოჯახს, რომლებსაც ცხოვრების ციცაბო ბილიკებზე თავაწეულად და ამაყად შეუძლიათ იარონ და თავი მოიწონონ, რამეთუ ღირსეულ ფესვებზე აღმოცენებული ღირსეული მშობლების ღირსეული შვილები და შვილიშვილები არიან.
    დღესაც ბერაიების ოჯახში პირვანდელივით ღვივის მათი მოგონება, კვლავ ძალუმად ისმის ხსოვნის საგალობელი. დაიშრიტა მათი სიცოცხლის წყარო სალი კლდის ნაჟური წმინდა და კამკამა, ხოლო მოგონებების სხივი პირველვარსკვლავივით ციალებს...

 მართალია, ნაადრევად დასრულდა ბატონი ვენიას სიცოცხლე, მაგრამ დარჩა სახელი „აქაც კარგი კაცი იყავ, იქ ნათელი დაგადგესა“

ნაირა ბერაია
გაზეთი „ხობის მოამბე“ N12 ოქტომბერი 2023 წელი



ფოტოები ნატო ვენიას ასული ცხადაიას საოჯახო არქივიდან