ეროვნული ცნობიერების მისტერიით...

 (ენვერი სალაყაიას მოსაგონრად) 

ეროვნული ცხოვრების დრამაში თანდათან იკვეთება ეპიზოდები, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში კრისტალდება და ილექება, დარდად და წუხილად, სევდად და ტკივილად. 

ვისაც ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულისთვის გაუდევნებია თვალი, დამერწმუნება, რომ ღიმილი და ზეიმი სანატრელად გვქცევია და რექვიემულ ბურუსში ჩავძირულვართ ყელამდე... ამ ბოლოს მოძალებულმა ტრაგედიებმა კი, ისე დაგვაოსეს და დაგვზაფრეს, ხვალინდელი დღისა შეგვშინებია. სიკვდილის შიშს მოუცავს ქვეყანა და საკაცეთი სრულად. შიშით ნაგრძნობმა კრთომებმა ააცახცახეს სამყარო, გულმისანდო ფერებიც თალხისფრად და შავად შეიცვალნენ და დუმილი ეუფლება ირგვლივეთს, სევდაქარიანი დუმილი. ასე ტკივილად გადავანდნენ ზეშთა საუფლოში ჩემი უსაყვარლესი ადამიანები, რომელთაგან გულის ძარღვი ჩამწყვიტეს ჩემი გოგა და მამუკა გვასალიების, შორენა (ბაკო)სალაყაიას მოულოდნელმა და უცაბედმა გარდაცვალებამ. ამას ენვერ სალაყაიას სიკვდილიც დაერთო და.

 „შავდებიან დღეები ტკივილების ცვალებად, ამ სოფლიდან-იმ სოფლად მეფობს გარდაცვალება...“ 

არადა, ჩვენ სიცოცხლისა და სიყვარულის, ლხინისა და ტრფიალების მატება გვწადია და გვიხარიან... მაგრამ რას გაუგებ განგებისა და უფლის ჯერჩინებას?! 

ჩვენი ენვერი, სიტყვისა და ღირსებითი სიმაღლის ადამიანი წავიდა ჩვენგან. და მიეფარა ნისლეთს. მისი თვალდასარჩენი პატიოსნება, განათლება და გასაოცარი წიგნიერება, ასე რომ გამოარჩევდა მრავალთაგან და აღამაღლებდა... 

ობლობაში გაიზარდა, დედის სითბოსა და „ნანას“ დანატრებული. ორი ძმის ტრაგიკულმა სასრულმა, როგორც თავად ამბობს ერთგან, „დამიტყვევეს სიყვარულის სხივი...“ და მთელი ცხოვრება ამ ნათელი სხივის გასამზიანებლად იღვწოდა თავის უსაყვარლეს დასთან დიანასთან ერთად. ეს უკანასკნელი, როგორც თავისი ძმა, თავადაც გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და კეთილმოსაგრეობით. 

ახსოვთ ხობელებს და არა მხოლოდ მათ, მაღალი თანამდებობის პირი დიანა სალაყაია, ინტელექტუალი, თბილხმიანი, მეგობრული და უზადო სიყვარულის შემძლები. მისი სულიერმყოფობა პოეზიისადმი და საერთოდ ლიტერატურისადმი, ცალკე საუბრის თემად შეიძლება დავისახოთ. მისეული თარგმანები: პასტერნაკისა, ბლოკისა, ანა ახმატოვასი და სხვათა, არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე. დაჰყურებდა ენვერი საყვარელი დაიკოს ცხედარს, იცრემლებოდა, დნებოდა სანთელივით და ძალას კარგავდა ერთი კარგი ქართული ლექსის შეგონება: 

„დაო, ეს ცხოვრება მწარე სინანული, შენი წუხილია- ჩემი სიბრალული, ღმერთო გევედრები ისე გამაცილო, არც ის ააცრემლო, არც მე ამატირო!..“ ენვერი წერდა და იქმნებოდა დიდი წიგნი მისი პოეტური მზეკაბნობისა და ლირიკოს პოეტს ემუქებოდა ველი ყვავილთა- ხავერდოვანნი მწვანედ მოლივლივე... ენით აღუწერელი ტკივილისთვის ამზადებდა ამ „ბუტუტია“ კაცს და ეს „ტაძარი შავი“ -ულამაზესი და უნიჭიერესი ქალიშვილის ბაკოს მოკვდინება გახდა. აქ კი გამოელია ჯანი და ძალა, ალმაზგირ კიბულანივით ტირილი და მოთქმა დაიწყო- ოღონდ სიტყვებსა და სტრიქონებში... ჩააცვა ლექცებს სევდის მისეული ჯუბა... შიგა და შიგ წამოსცდებოდა იმედიანი სიტყვა, ნათელი სტრიქონი, თუმცაღა ნაძალადევად გამოთელილი, გულიდან სისხლად ამოგაზული. ვატყობდი ილეოდა, ასრულებდა მარადიულ სათქმელს, მაგრამ არ ნებდებოდა მაინც, მისკვალს პოეტური ნიჭიერებითა და ცამაღლობით მიდევნებულ ულამაზესი ქალიშვილის- დიკასა და შვილიშვილების სიყვარული ექაჩებოდა სამზეოსკენ... აქეთ მისი უღლის მწე და მოსიყვარულე მეუღლე, თავად სვეგამწარებული და ცრემლად მოღურღულე დედა, თამილა ეთავნებოდა უბედურებაზე გამარჯვებისკენ, მაგრამ სულ ტყუილად, ვერ დაძალეს, ვერ უქნეს პირი ბარჩხალისკენ... ჩათავდა და ჩაინავლა... საკურთხეველზე დავდებ უსიტყვოდ, რაც გამაჩნია შემოსაწირი. თუმც, პატარა ვარ წვეთის ოდენა, მაგრამ ტრფობაში არ მაქვს ნაპირი. წყურვილებს ისევ წყურვილით ვიკლავ და ამტყდარ ვნების ვსუნთქავ ვულკანით, რადგან სიკვდილი- საშინელია- -განგების- ბოლო ამოსუნთქვამდის. განგებას ქვეყნად ვინ გაექცევა, მაგრამ ძალგიძს რომ მასზეც ამაღლდე, ერთხელ სიკვდილი რომ არ შეგეძლოს ოღონდ ისე არ დაპატარავდე. ხელისუფალი მე ვარ ჩემივე, უსაზღვრეობა ჩემი ფრთებია ჩემი ფიქრები ბრუნავს შენს ირგვლივ ან სხვაგან სადღა გაფრინდებიან?! ეს ენვერის ბოლო ლექსებიდანაა, სადაც უსასრულობის რეფრენს ეპარებიან სევდის უნაპირო ჭინკები, თავად „ტკივილის ჭინკებს „ რომ უწოდებს „რექვიემად“ სახელდებულ ლექსში. ელოდა, განა არ ელოდა, მაგრამ ეშინოდა იმ დიდი სიშავისა, რომლის წარმოსახვაც კი ზარავდა დეპრესიულად განაწყობდა აწმყოსადმი და უმრუმებდა იმედს მომავლისას. აი, ის, რაც უნდოდა და არ უნდოდა: კუბოში წოლას მირჩევნია კარცერში ჯდომა, უსაქმურობას მირჩევნია მიწას ვბარავდე, უშენოდ ყოფნას აღარც ვიცი დავარქვა რაღა, რადგან შენს იქიქით არც რა რჩება კუბოს კარამდე. მზე თვაალს რომ ახელს, სიხარულით ვლოცულობ შენზე, თვალს რომ დავხუჭავ, ოცნებაში შენი ხატია, მადლობა უფალს, რომ გამხადა ისე მდიდარი, რომ სიყვარულის გარდა არაფერი არ მაბადია. თუმცა, მაინც ლირიკული ქარაგმით მიესწრაფა დასალიერს, ის ხომ მაინც ისაა, რასაც ამ დიდებულ ლექსი ამბობს. უფლისთვის ხომ ორივე სოფელი ერთია და ერთობს პოეზიისთვის ასე ლამაზად და უსასრულოდ: წვიმს და მიმაცილებს სოფლის შარა-გზაზე, სულით ნათესავთა მწუხრი პროცესია, თუ კი სიყვარულში აღარ დაიხარჯე, არარაობაა ყველა პროფესია. ქარი აფათურებს ხელებს ხეივანში, წვიმის ხშირ წვეთებში თოვლიც გაერია, სული უერთდება ღვთიურ ზეცის ნათელს, მიწის ჯურღმულებში გმინავს მატერია. მართლა ცრემლებია ქვეყნის საოცრება, ცრემლში იდუმალი უხვი ფერებია, სულს რომ ჩაწვდება და ცად რომ აგიტაცებს, ნათელ სიმებით რომ მოგეფერებიან. წვიმს და მიმაცილებს სოფლის შარა-გზაზე, სულის ნათესავთა მწუხრი პროცესია, მაღლა მეცხრე ცაზე ვიწვით სანთელივით, მე და სიყვარული, მე და პოეზია. ნათელი დაგადგეს, ჩვენო უნიჭიერესო, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულო, ეროვნულსულოვანო და ღირსეულო ზვიადელო, ჩვენო მართალო მეგობარო, შენი ცხოვრება კაშკაშა ნოთედ წარუძღვება მრავალთ, განსაკუთრებით შენს ძვირფას ნაგრამს და საამაყოდ დაუტოვებს გზას შენგან ასე მართლად და კეთილად განვლილს. შენი, როგორც უაღრესად განსწავლული ისტორიკოსის საწუხილო, უძველესი კოლხეთი და წყვდიადში ჩაფლული მისი მითაჟამინდელობა, მჯერა იპოვის ნათელს და შენს უჭკვიანეს შვილიშვილებს არ დაავიწყდებათ ჩამოგძახონ, დიდებული პოეტის სტრიქონთა პერიფრაზით: „თენდება, პაპავ, კოლხეთია ფეხზე დამდგარი“... არ შეგეშინდეს, განა ყველა სიკვდილის შვილები არა ვართ და ჩვენ- ჩვენს დროს იქ არ მოვალთ, ჩვენივე სევდით?! ნათელი დაგადგეს, ძვირფასო მეგობარო და თანამებრძოლო... მომენატრები!..

 ლაშა გვასალია