ჩემპიონატის დებიუტანტმა 16 წლის დიანა ლომაიამ წარმატებულად იასპარეზა

დასრულდა საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს საუკეთესო 9 მოჭადრაკე ქალი.

წარმატებულად იასპარეზა ჩემპიონატის დებიუტანტმა, 16 წლის დიანა ლომაიამ. მან შეძლო 1 საერთაშორისო დიდოსტატის დამარცხება, ხოლო 3 საერთაშორისო დიდოსტატთან და 1 საერთაშორისო ოსტატთან, მათ შორის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებთან კი ფრედ დაასრულა შეხვედრები. დიანამ საბოლოოდ 43 პუნქტით მოიმატა ფიდეს რეიტინგი. დიანა გამოირჩეოდა შეუპოვარი ბრძოლის უნარიანობით და საკმაოდ მაღალი ხარისხის გათამაშებული პარტიებით.
ჩემპიონატში მონაწილე ჩვენი საჭადრაკო კლუბის მეორე მოჭადრაკე ელენე წოწონავამ მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლო. თუმცა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობის უფლების მოპოვება თავისთავად შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს.
ჩვენმა გოგონებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს უძლიერეს მოჭადრაკეებთან პაექრობაში და მიუხედავად ასაკისა აჩვენეს, რომ ისინი უახლოეს წლებში იქნებიან საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კანდიდატები და იბრძოლებენ მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებ გუნდში მოსახვედრად.
დიანა და ელენე ჩემპიონატისთვის მოამზადეს საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა გოჩა ჩაჩუამ და საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ.
ჩემპიონატის ბოლო მოსამზადებელი ეტაპი ჩვენმა მოჭადრაკეებმა გაირეს ბორჯომში გამართულ შეკრებაზე.
შეკრების უზრუნველყოფისთვის უდიდეს მადლობას ვუხდით ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტის და ტურიზმის ცენტრს, მის ხელმძღვანელს ბატონ ბექა გუგუშვილს.