ჩვენი დროის ხობელი გმირი ექიმები


   
ფოტო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის
გვერდიდან ავტორი ჯენი ჯანხოთელი
კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში და მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტში ბევრი ადამიანი გავიცანით დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით.
  მინდა გაგაცნოთ ჩვენი დროის გმირები, ხობელი ახალგაზრდები: გიორგი ახალაია, მედეა ცხომარია და ლანა ბჟალავა,  რომლებიც ამ ცუდ პერიოდში თბილისის სხვადასხვა კლინიკებში მუშაობენ, კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს უვლიან და დაუღალავად ეხმარებიან იმ ადამიანებს, ვისაც მათი თანადგომა სჭირდება. მიუხედავად დროის დეფიციტისა, მათ გამონახეს დრო,  რომ   გაგვცნობოდნენ, თავიანთი სათქმელი მოკლედ ეთქვათ ხობელებისთვის და მოგფერებოდნენ.
 
- მე ვარ გიორგი ახალაია. დიპლომირებული მედიკოსი. დავიბადე თბილისში, გავიზარდე ჩემს უსაყვარლეს ხობში. დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე. მედიცინის გარდა ძალიან მიყვარს წერა და როცა მოვიცლი აუცილებლად გადავიტან ჩემს სათქმელს წიგნებში ლექსად და ასევე, პროზაულად.

-
პირველი ახლო შეხება მედიცინასთან ხობის კლინიკაში მქონდა და ძალიან ტკბილად მახსენდება ზაფხულის ის ერთი თვე. შემდეგ უკვე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ვმუშაობდი, ასევე ნიუ ჰოსპიტალში. ამჟამად ვმუშაობ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილებაში. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან ყველაზე ჰუმანური პროფესიაა და მსიამოვნებს როცა ადამიანებს ვეხმარები.

   - კორონავირუსი უდიდესი გამოწვევაა მთელი კაცობრიობისთვის და სწორედ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ იგი. თითოეულ ჩვენგანს აკისრია დიდი თუ მცირე მისია მასთან ბრძოლაში და საჭიროა ეს კარგად გავითავისოთ. ამჯამად, ჩვენს კლინიკაში არ გვყავს კორონავირუსიანი პაციენტები, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება მივიღოთ და ჩავებათ ამ მძიმე ბრძოლაში. მანამდე კი, ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას უმძიმეს პაციენტებთან. რეანიმაცია ხომ სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოა. 

-
ხობი და ხობელები გამორჩეულად მიყვარს, გული და სული მითბება ხობში რომ ჩავდივარ, ჩემი ბავშვობა ცოცხლდება. მიხარია და ვამაყობ ხობელი რომ ვარ.
ხობელებს სულიერ და ხორციელ ჯანმრთელობას ვუსურვებ. თქვენს კეთილ საქმეებსაც თვალს ვადევნებ და ბედნიერი ვარ ხობში ასეთი მზრუნველი ადამიანები რომ არსებობენ. იხარეთ და იბედნიერეთ. სიყვარული ხომ საუკეთესო მკურნალია!

-
ჩემი მიზანია, ჩემი პროფესიით ადამიანებს დავეხმარო. ჩემი წვლილი შევიტანო ადამიანების გამოჯანმრთელებაში და სიცოცხლის ბოლომდე ვიყო ღირსეული ხობელი. ძალიან მიყვარხართ!
გეფერებით დიდი სითბოთი და სიყვარულით!
ეს ყველაფერი კარგად რომ ჩაივლის ერთად აღვნიშნოთ ჩვენს პატარა, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარულით სავსე ხობში!
მადლობა სიყვარულისთვის!

- მე ვარ მედეა ცხომარია. დავამთავრე . ხობის N1 საჯარო სკოლა. არც მახსოვს როდის გადავწყვიტე ექიმობა. ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ექიმად წარმოვიდგენდი თავს, არასოდეს მიფიქრია სხვა პროფესიის არჩევაზე. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ვიმყოფებოდი ERASMUS + პროგრამით გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში. ახლა ვარ ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მესამე წლის რეზიდენტი. პარალელურად ვმუშაობ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ბოჭორიშვილის კლინიკაში ანესთეზიოლოგია-რენიმატოლოგიის განყოფილებაში.

   - სამედიცინო სფეროში პრაქტიკული გამოცდილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია თეორიულ ცოდნასთან ერთად. გამიმართლა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვმუშაობ და ვიზრდები პროფესიულად.
ექიმობა საკმაოდ რთული პროფესიაა, დიდ დროს, შრომას და ენერგიას მოითხოვს წარმატების მისაღწევად. ამ რთული გზის მიუხედავად, ამ გამოცდილებით მაინც იგივე გზას ავირჩევდი. ვფიქრობ ჩემი თავი ვიპოვე ამ სფეროში. თუმცა, თუ ვინმე მკითხავს რჩევას მედიცინაზე სწავლის შესახებ, არავის ვურჩევდი. საქართველოში ამ ეტაპზე საკმაოდ დაუფასებელი პროფესიაა.

 ახლა ძალიან რთული პერიოდია მსოფლიოში. მძვინვარებს კორონავირუსის პანდემია. კლინიკები, სადაც მე ვმუშაობ აქტიურად ჩაბმულია კოვიდ ვირუსის (არამარტო) წინააღმდეგ ბრძოლაში. რეანიმაციული განყოფილება აღჭურვილია უახლესი აპარატურით. მზად ვართ მეტი პაციენტის მისაღებად. სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ მივყვებით მსოფლიოში აღიარებულ პროტოკოლს და ამ ეტაპზე კარგი შედეგები გვაქვს.

 - რას ვეტყვი ხობელებს?  ძალიან მიყვარს ხობი და გული მწყდება ხშირად ვერ ვახერხებ ჩასვლას. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ჩემი ოცნების ახდენაში დიდი როლი აკისრია ხობელ ხალხს, ჩემს სკოლას და მასწავლებლებს და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ახლაც ვგრძნობ მათ დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას. ყველას მინდა ვუთხრა, რომ შეუძლიათ ჩემი იმედი ქონდეთ. იმედს ვიქონიებ, პროფესიული კუთხით არასოდეს დავჭირდებით 🤭

 - ხობელებს ვურჩევ გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაცია. საკმაოდ რთულია, გვესმის, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია თვითიზოლაცია, კონტაქტების შეზღუდვა. ნებისმიერი სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს და მიმართონ ცხელების ცენტრს.


    მე ვარ ლანა ბჟალავა, დავიბადე .ფოთში, ვსწავლობდი ფოთის მე-8 საჯარო სკოლაში, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნიცერსიტეტის, ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში. რეანიმაციაში მუშაობა ჩემთვის გამოწყვევა და საინტერესო იყო, ამიტომ ჩავბარე საექთნო ფაკულტეტზე. იმის მიუხედავად, რომ ჩემი პროფესიით ამ ეტაპზე არ ვმუშაობ,  ამ პროფესით წინ წასვლაზეც მაქვს ჩემი  გეგმები.
   რეანიმაციაში ვისწავლე ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში  ყოველთვის გამომადგება, გუნდურობა, შრომა და ბოლოს სიხარული რაც თან ახლავს უმეტეს შემთხვევაში პაციენტების მხრიდან მადლიერების გრძნობას. ძალიან სასიამოვნოა, რომ ცოტათი მაინც შეგიძლია დაეხმარო ადამიანს, ვინც ამას საჭიროებს, მცირეოდენი წვლილიც კი სიხარულს განიჭებს როცა ადამიანს ეხმარები.
    რთულია რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობდე, მაგრამ ორმაგად რთული გახდა როცა კოვიდ ინფიცირებული პაციენტები მივიღეთ, არ ვიცოდით რა როგორ გაგვეკეთებინა, მაგრამ მთელმა გუნდმა ერთად თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი შევძელით, დღევანდელი შედეგიც ამას მოწმობს, ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რაც ძალიან საამაყო და დასაფასებელია, როცა ძლიერი გუნდი გყავს შეუძლებელიც არაფერია, მთავარია არ შეუშინდე.

  ვფიქრობ რომ ეს ადამიანები არიან ძალიან ძლიერები, მაინც ინარჩუნებდე სიმხნევეს ასეთ დროს და ებრძოდე ასეთ ვირუსს ადვილი არაა. თავიდან არის დაბნეულობა, შიში, მაგრამ ამავდროულად არ კარგავენ ხალისს, როცა უკეთ ხდებიან და იმედი ეძლევათ, ეს მათი სიძლიერის და ოპტიმისტური დამოკიდებულების შედეგია. ჩვენი  ძლიერი ექიმები, მედპერსონალი,  თავდაუზოგავად მუშაობენ  კოვიდთან ბრძოლაში, რომ  რაც შეიძლება მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავდეს,  24 საათიანი რეჟიმში მუშაობენ ოჯახისგან მოშორებით, რასაც თან ახლავს მონატრება, შიში და ბევრი უძილო ღამე.
    - ვირუსთან სიმპტომები განსხვავებულია, ინდივიდუალური, მაგრამ ვუმკალვდებით ძალიან კარგად რაც დღევანდელი შედეგიც მოწმობს.
    - ჩემი მთავარი ოცნება ახლა არის, მალე მორჩეს კოვიდთან ბრძოლა, დაუბრუნდეს ყველა ჩვეულ ცხოვრებას, ოჯახს, მეგობრებს, ვინც ვერ ახერხებს ამ რთულ პერიოდში მათ ნახვას. ახლა ეს არის მთავარი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველასთვის დავუბრინდეთ ჩვეულ ცხოვრებას, მე პირადად დიდი ხანია ოჯახი, მეგობრები არ მინახავს, როგორც ბევრ სხვას, მაგრამ საოცარი ექიმების წყალობით მალე შევძლებთ სააბოლოდ შეწყდეს კოვიდთან ბრძოლა. ამ პერიოდში გაორმაგებულად მივხვდი რომ მთავარია ერთიანობა და სიყვარული, საოცარი თანამშრომლები მყავს და ძალიან ვამაყობ რომ ამ გუნდის წევრი ვარ.
    ხობელებს ბევრ სიკეთეს, ჯანმრთელობას, სითბოს, წამატებას, სიყვარულს ვუსურვებ, ვიცი, რომ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, მინდა ბენიერად, მშვიდობიან  და გაბრწყინებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ. მთვარი სიყვარულია ერთმანეთის მიმართ და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გავიმარჯვებთ და სააბოლოდ დავამარცხებთ კოვიდ-19.


P.S   წარმატებებს ვუსურვებ ხობელ ახალგაზრდებს... ვამაყობთ თქვენით...