„მალანურობის“ ისტორია და ეტიმოლოგია

ხობის შესახებ მასალების ძიების დროს ჟურნალ „თეატრალურ მოამბეში“ წავაწყდი დიმიტრი ჯანელიძის საინტერესო წერილს: „მალანურობის“ წარმოშობის, სახელწოდების ეტიმოლოგიის და სიმბოლიკის შესახებ.
„მალანურობის“ რიტუალით დაინტერესებული ყოფილა ილია ჭავჭავაძე. ილიას ჯაჯუ ჯორჯიკიასთვის დაუვალებია ჩასულიყო სოფელ ბიაში, ენახა თუ როგორ მალანურობდნენ ადგილობრივები და მოემზადებინა საგაზეთო მასალა „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად.
„მალანურობა“ მრავალშრიანი და სიმბოლური დატვირთვის მატარებელი სახეობაა. თეატრალიზებული რიტუალი კარგად აჩვენებს თუ რა დიდი კულტურის შემქმნელები იყვნენ ჩვენი წინაპრები.
გთავაზობთ სამეცნიერო პუბლიკაციის პირველ ნაწილს.
თეატრალური ინსტიტუტის ხალხურ სანახაობათა ექსპედიცია ზემო სვანეთიდან ბრუნდებოდა, კვირა დღე იყო, 1978 წლის 17 სექტემბერი. გზად ზუგდიდის მუზეუმი დავათვალიერეთ. ჯაბა იოსელიანსა და მე გრიგოლ დადიანის (კოლხიდელის, 1814-1902) ფერწერული პორტრეტი გვაინტერესებდა. კარლ ბრიულოვის (1799-1852) ამ სურათზე გრ. დადიანს ხელთ უპყრია წიგნი-პიესა, რომლის სათაურად „სამსახეობა რაინდისა“ იკითხება.
გზა განვაგრძეთ. ქალაქ ხობში მოგვიხდა შესვენება. იქ გავიხსენე, რომ მახლობელ სოფელში, ძველად მეტად საინტერესო სანახაობა - „მალანურობა“ იმართებოდა. დრო გვქონდა და ვიფიქრე, სოფელში შეგვევლო, „მალანურობაზე“ ახალი მასალები შეგვეკრიბა, მაგრამ ვერაფრით იმ სოფლის სახელწოდება ვერ გავიხსენე. გაჭირვებიდან ისევ ჯაბა იოსელიანმა მიხსნა, ვიღაც ადგილობრივი მცხოვრებისაგან ახლო-მახლო სოფლების სახელწოდებანი გამოიკითხა და როდესაც ჩამომითვალა, მაშინვე მეხსიერებაში აღდგა სოფლის სახელი. ეს იყო ბია.
გამოვიკითხეთ ამ სოფლის გზა-კვალი, ორი თუ სამი კილომეტრით იყო დაშორებული ქ. ხობს. გზას გავუდექით. სოფელ  ბიაში რომ მივედით, კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ბენიამინ თოფურიძემ თავაზიანად მიგვიღო, გაგვაცნო სოფლის საბჭოს თავმჯდომარე სერგო იოსავა. მან მეგზურობა გაგვიწია. სოფლის კარდაკარ ჩამოვიარეთ, მოხუცები და ხანშიშესული მცხოვრებლები მოვინახულეთ და ვიბაასეთ.
1. ჩანაწერები. აი, რა ჩავიწერეთ და ვისგან:
ლუკიანე მალხაზის ძე შონიამ (ჯუბა შონიამ დაბ. 1919) გვიამბო:
 მალანურობა 12 კაცისაგან შედგებოდა. ყველას ჰქონდა გათლილი ჯოხები; ლოცვით დადიოდნენ ოჯახებში. 15 დღე გრძელდებოდა. მერმე 12 მალანური თავისი მღვდლით (ლავრენტი იოსავა) ეკლესიაში ლოცულობდნენ, რომ მიქელ გაბრიელს ვინმე არ წაეყვანა. შემდეგ გრძელი ჯოხებით ისინდი იმართებოდა. მაღლა გორაზე დგას ცაცხვი, გაიმარჯვებდა ის, ვინც ცაცხვს გადააცილებდა. ამის მერე, ერთ მხარეს დადიანი, მეორე მხარეს მეფე. დიდი ცაცხვი დგას ზემო ბიის ეკლესიაში. ბჭობას წარმოადგენდნენ მეფისა და დადიანისას. მეფისა და დადიანის ერთიმეორეს უტევდნენ. დადიანისანი: მეფის ცოლს ასე და ასე უქენიო. უსმენდნენ ხანშიშესულნი. ეს რომ გათავდებოდა, 12 მალანური შემოუვლიდა ეკლესიას. დიდ ჯოხს (დადებდნენ) ექვსი კაცი ერთი მხრით, ექვსი მეორე მხრიდან. საითკენაც გადაწევდნენ - იქით კარგი მოსავალი იქნებაო. ამ დროს  ერთი უბედურებაც მოხდებოდა ხანჯლები დატრიალდებოდა, მეორე დღეს  უფროსი ხნიერი კაცი მეთაურობდა.



ვესევი ალექსანდრეს ძე იოსავამ ( 68 წ ) გვიამბო: მალანურობა იწყებოდა სიმღერით:
 აისა !
ვაისა!
ეს სანახაობა გადასაგდები არარის, 1917 წელს უკანასკნელად ითამაშეს, სოფელი ყველაფრით სავსე იყო,“ნირზი“ 15 აგვისტოს ეწყობოდა  ეს იყო მალანურობა, ორად იყოფოდა სოფელი ბია; სადადიანო და სამეფო, შეარჩევდნენ მარიამობის რამდენიმე დღით ადრე, ახალგაზრდებს, ტოლებს, ღონიერსა და მარჯვეს - ესენი იყვნენ მალანურები,  6 იყო დადიანის, მეორე 6  მეფის მხარეზე, ძალიან ბევრი ხალხი გროვდებოდა, მთელი მიდამო სავსე იყო მალანურობის საყურებლად, 6 მალანური ცალკე დადგებოდა, 6 - ცალკე,   შაირობდნენ. მეფეს დადიანის მალანურები აგინებდნენ, მეფის მალანურები-დადიანს, სამხიარულო წარმოდგენა შუადღემდე გრძელდებოდა, ყოველ მალანურს ქონდა ხელის შოლტები (ორნახევარი მეტრის)
 ჭოკები რომელთა ბოლო წითლად იყო მოხატული, მალანურები ეკლესიის უკან დგებოდნენ, ცაცხვის გადასაცილებლად ამ შოლტებს ისროდნენ, ვინც ეკლესის ცაცხვს გადააცილებდა, ის იყო გამარჯვებული  შეჯიბრი 2 საათს გრძელდებოდა, ეს რომ დამთავრდებოდა, მალანურებს შეიყვანდნენ ეკლესიაში და კარს დაკეტავდნენ, მომზადებული ქონდათ კანგაცლილი აკაციის ჭოკი (7 მეტრის სიგრძის) ცაცხვის წინ იყო მოედანი დავაკება. ვიწრო ადგილზე დადებდნენ, ხალხი ორთავე მხარეს  იყო, წესრიგი უნდა  ყოფილიყო, ხალხს ხელი არ უნდა  შეეშალა  შეჯიბრებისათვის, გააღებდნენ ეკლესიის კარებს  და მალანურები ეცემოდნენ ჭოკს, მარჯვენა უნდა წაეღო მეფის მხარეს, მარცხენა დადიანის მხარეს, ეწეოდნენ აქეთ იქით კვაკვს-ძლიერი სპორტული სანახაობა იყო, ხალხი იშვიათად ერეოდა, ზოგჯერ მოყვებოდა ჩხუბი, გვიან დაიშლებოდნენ, რელიგიური არ ყოფილა. საბჭოთა ხელისუფლების  დამყარების პირველ წლებში, 1921-1928 წ.წ. მალანურობა იყო, ასეთი სანახაობა  კიდევ უნდა იყოს. მთხრობელი მალანურობას ცოტნე დადიანის თავგადასავალს უკავშირებს,  მაგრამ ამას ვერ გვიხსნის.

გ რ იშ ა   ვასილის ძე   ი  ო ს ა ვ ა მ (დაბ. 1912 წელს) გვიამბო: მალანურობაში 6 კაცი იყო აქედან და ექვსი-იქიდან, ჯოხს ეწეოდნენ, ვინც აიღებდა  ჯოხს, ეკლესიაში შეიტანდნენ, კარგად არ მახსოვს, თეთრი  ეცვათ, კარდაკარ დადიოდნენ სიმღერით.

 პ ა რ თ ე ნ    ღ ვ ა დ  უ ა მ  (78 წლის)  გვიამბო: ირჩევდნენ 12 კაცს, ერთი იყო დადიანის მეორე- მეფის, კვაკვას  დადებდნენ შუაზე, რომელი მხარეც წაართმევდა, ის იყო გამარჯვებული. ჰყავდათ მოციქულები, ეკამათებოდნენ ერთმანეთს, მღეროდნენ “აისა ვაისა“, ადრე ყოველ წელიწადს იყო, დიდიხანია აღარ ყოფილა.

 2 . მალანურობის ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ა ნ ი.
თეატრალურ ინსტიტუტში, ორმოც-ორმოცდაათიან წლებში მწერალი ჯაჯუ ჯორჯიკია მასწავლებლობდა, თბილისის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი, თეტრალურ ახალგაზრდობას ფრანგულ ენას ასწავლიდა, ჯაჯუ ჯორჯიკიას მალანურობაზე შევეკითხე, მან მითხრა ამ სანახაობით თვით ილია ჭავჭავაძე ისე დაინტერესებულაო, დამავალა კიდეც, სოფ. ბიაში ჩავსულიყავი და მენახა, თუ როგორ და რაგვარად მალანურობდნენ და მათ ქმედობა სიტყვიერად გადმომეცა გაზეთში გამოსაქვეყნებლად. ჯაჯუ ჯორჯიკიას წერილს „ივერიაში“ ვერ მივაკვლიე. კარგა ხნის შემდეგ გუგული ბუხნიკაშვილმა მაცნობა, რომ 1910 წელს „სახალხო გაზეთში“ (N 170) ხალხური სანახაობის შესახებ საინტერესო წერილიაო სათაურით „ალანურობა“ და ხელმოწერით „ჯ.ა.ო“. პუბლიკაცია ჯაჯუ ჯორჯიკიას წერილად მივიჩნიე. ჩემი წიგნი „ქართული თეატრის ხალხური საწყისების“ პირველი გამოცემა უკვე დაბეჭდილი იყო (1948) და მხოლოდ 1983 წელს დაბეჭდილ მეორე გამოცემაში შევძელი ჯაჯუ ჯორჯიკიას აღწერილობით შემევსო მალანურობაზე არსებული მასალები.
 უკვე ოცდაათიანი წლებიდან ცნობილი იყო კონსტანტინე გამსახურდიას მიერ „მთვარის მოტაცებაში” აღწერილი „მალანურობა“. როდესაც 1938 წელს, ჩემი ექსპოზიციით თეატრალურ მუზეუმში ქართულ ხალხურ სანახაობათა გამოფენა მოეწყო. ბერიკაობის, ყეენობის, მურყვამობის, გონჯაობისა და სხვა სანახაობათა გვერდიგვერდ, მალანურობაც იყო. ამ სანახაობის მთლიანობაში წარმოდგენა მწერლების შალვა დადიანის, ვიქტორ გაბესკირიას და პოლიო აბრამიას მიერ მოწოდებულმა აღწერილობებმა გაგვიადვილდეს. ეს მასალები „ქართული თეატრის ხალხური საწყისების“ ორივე გამოცემაში არის ასახული. მათზე დაყრდნობით შევეცდები წარმოვადგინო ამ სანახაობის ზოგადი აღწერილობა.

3. მალანურობა ზოგადი აღწერილობით.
  მალანურობის მოქმედნი:
მალანურობის წინამძღვარი - მოხუცი თეთროსანი (თეთრად ჩაცმული).
იმერეთის მეფე - მოხუცი, ესეც მახვილსიტყვაობით გამორჩეული.
სამეგრელოს მთავარი - მოხუცი, ესეც მახვილსიტყვაობით გამორჩეული.
იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის ექვს-ექვსი მალანური, აცვიათ შარვალი ჩატანებული წითელი ახალუხები, თავზე თეთრი თავსაკრავები, წითელი ჩაბალახები, ფეხზე უძიროები, ხელთ - თავწითელი, ფრთებით შემკული ჭოკები.
   ენის მიმტან-მომტანი 5 მოციქული
    მესაყვირე, მემუსიკე. სულ 21 მოქმედი.
   სანახაობა საყვირის (ბუკის) დაძახებით იწყება. ხალხი ეკლესიასთან გროვდება, იწყება სიმღერა, იმართება ცეკვა-თამაში, ირჩევენ მალანურების შემსრულებლებს. საზეიმო მსვლელობით წინ მოდის მალანურობის თეთროსანი წინამძღვარი, მას მოყვება ორი მესაყვირე, მოხუცი დაიძახებს: - აის, გაის! თორმეტი მალანური და მთელი ხალხი შესძახებს: აის, გაის!
  ეკლესიას სამჯერ შემოუვლიან და სულ იმას - აის, გაის! ეკლესიის წინ შედგებიან. წინამძღვრის ხმის აყოლებით სიმღერას გააბამენ, მერმე მალანურები ჭოკებს დაახლიან და ორად გაიყოფიან.
   სამეგრელოს მთავრის როლის მოთამაშემ საყდრის ახლოს დაიკავა ადგილი. მეფემ იქვე მდგომ ცაცხვის ძირში მოიკალათა. ამათ შუა ფართო ადგილი დატოვეს მოციქულთა მისვლა-მოსვლისთვის.
   ხუთმა მოციქულმა იწყო ერთი თავიდან მეორესაკენ და პირუკუ დანაბარების მიტან-მოტანა. გაიმართა თავისებური „ნირზი“. მეფე და მთავარი ერთმანეთს არ ზოგავენ, ყიამყრალობენ, ბილწსიტყვაობენ, მოციქულები დანაბარებს კიდევ უფრო მეტად აპილპილებენ, უწმაწურობენ, ხალხი სიცილით იხოცება.
   კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრული ასახვით მალანურობისეულ იმერეთის მეფეს შეუთვლია მალანურობაში გამოყვანილი მთავრისათვის.
  უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ჯაჯუ ჯორჯიკიას წერილს „მალანურობის“ რიტუალის შესახებ.