კლუბ "კოლხეთის" ფეხბურთელებმა ხობის მერიასთან დავალიანების დაფარვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს (VIDEO)

ხობის საფეხბურთო კლუბ, "კოლხეთის" ფეხბურთელებმა და მხარდამჭერებმა მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან საფეხბურთო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, გასულ წელს მერიის მიერ მოძიებულმა ინვესტორმა ფინანსური ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კლუბს 81 000 ლარამდე დავალიანება დაუგროვდა, რის გამოც შესაძლოა, გუნდი დაიშალოს.
ფეხბურთელებს დღემდე არ მიუღიათ 5-6 თვის ხელფასი. გუნდის ყოფილი კაპიტნის, გიორგი გოგენიას განცხადებით, კლუბი რომელმაც წლების განმავლობაში ურთულეს სიტუაციებს გაუძლო, ახლა პრაქტიკულად დაშლის პირასაა. რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბი უკვე დატოვა.
აქციის მონაწილეები მერიას თხოვენ, მოიძიოს ახალი ინვესტორი ან, ძველს მოსთხოვოს დავალიანების დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაცილებით ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ.
video STV.GE
გუნდს 2016 წლამდე ხობის მერია აფინანსებდა. ის მერიის ბალანსზე დღემდე რჩება. ინვესტორი, რომელიც ამჟამად გუნდს ჰყავს, ამ ეტაპზე კლუბისთვის თანხის გამოყოფას ვერ ახერხებს, რადგან გოგენიას თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
გიორგი გოგენიას თქმით, მას შემდეგ, რაც გუნდს ინვესტორი გამოუჩნდა, მათ მოიწვიეს ახალი ფეხბურთელები, მწვრთნელები. თუმცა ამ ყველაფერმა სახელფასო ფონდის ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, რა თანხაც ერთ წელზე ჰქონდათ გაწერილი, მხოლოდ სამ თვეს ეყოთ.
მისივე თქმით, კლუბი იღებს თანხას, 250 ათასი ლარის ოდენობით ფეხბურთის ფედერაციის ფონდისგან, თუმცა, ამ თანხიდან ასი ათას ლარამდე ხელფასებს ხმარდება. დანარჩენი თანხა სხვა ხარჯებისთვისაა განკუთვნილი. იმ შემთხვევაში თუ ამ თანხით დავალიანებას გაისტუმრებენ კლუბს წლის განმავლობაში არსებობა გაუჭირდება.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ მერიის სააქტო დარბაზში ფეხბურთელებთან ერთად განიხილა აღნიშნული პრობლემა. როგორც ქაჯაია ამბობს, სპონსორი უკვე მოპოვებულია და დავალიანების გასტუმრება უახლოეს დღეებში მოხდება.
ავტორი: მზეკო ჟვანია

Read more at https://www.primetime.ge/news/1548412352-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91-%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1?fbclid=IwAR0yM_tOY8c6yvFJeU6vRO2duxSvrr3rk2iJEas2irf6nSdcnv_4tml6Wmo#JPJP1ftxwcSXVZzZ.99