ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის საკვირაო ქადაგება.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,
მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის
საკვირაო ქადაგება.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
დაე, მარადჟამს იყოს კურთხევა უფლისა თქვენთან, თქვენს გულებში, თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ჭერქვეშ, სადაც ცხოვრობთ თქვენს უახლოეს ადამიანებთან ერთად, სადაც იძინებთ და იღვიძებთ, სადაც თავს იყრის თქვენი ტკივილი და სიხარული, თქვენი იმედები და მოლოდინები.
წუთისოფელში ჩვენი ცხოვრების გზა არ არის მარტივი, თუმცა მის გავლას, სირთულეების დაძლევას და გადალახვას ძალიან გვიადვილებს მადლი ღმრთისა, რწმენა ღმრთისა; გვიადვილებენ ასევე წმიდანები, რომელთაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნეს უფალს და დღეს ჩვენთვის სამაგალითონი არიან იმაში, თუ როგორ ვძლიოთ წუთისოფელს. წმიდანობა ხომ ნიშნავს იმას, რომ სძლიო წუთისოფელს, აჯობო მას და არა პირიქით - მან გაჯობოს, მან შეგაცდინოს, მან დაგჩაგროს.
არც თუ იშვიათად ხდება ისე, რომ ჩვენს თვალწინ თუ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს არასწორად აღვიქვამთ და, შესაბამისად, ჩვენ მიერ გაკეთებული დასკვნებიც შორს არის ხოლმე სინამდვილისგან, რაც კიდევ უფრო გვირთულებს ცხოვრებას; ღვთის წინაშე ადამიანები სხვადასხვაგვარად ვჩანვართ და კიდევ საკითხავია, თუ ვინ არის მართალი და ვინ - ცოდვილი, ვინ არის დიდი და ვინ - მცირე; ადამიანებს უმეტესად უყვართ წინა პლანზე ყოფნა, როდესაც ამჩნევენ, აქებენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მაგრამ ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა მხოლოდ, რომ ყველაფრისთვის დღეს და აქვე სურს ადამიანს მიიღოს მადლობაც, პატივიც, დაფასებაც; ერთი შეხედვით, ეს სულაც არ უნდა იყოს დასაძრახი ქმედება, მაგრამ მოდით სულიერი თვალსაწიერიდან შევხედოთ ამას, როგორ გამოვიყურებით, როგორია ჩვენი ქრისტიანული მსოფმლხედველობრივი პრიორიტეტები?! მთავარი ხომ ის არის, რომ ღმერთის წინაშე დავიმსახუროთ მოწონება.

წუთისოფელში მუდმივად მონაცვლეობს დღე და ღამე, და ასევე მონაცვლეობენ სიხარული და ტკივილი, სიკეთე და ბოროტება, და ეს ხდება არა ჩვენგან განყენებულად, სადღაც ვირტუალურ სამყაროში, არამედ ადამიანის გულსა და გონებაში; აქ ესაზღვრებიან ისინი ერთმანეთს და ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ცხოვრების წარმართვა იმგვარად, რომ არ დავმარცხდეთ, მართლაც არ დავიჩაგროთ, არ დავკარგოთ ის მადლი და წყალობა, რაც ზეგარდამო კურთხევით მიგვიღია ღვთისგან.
ჩვენ ვემზადებით პეტრე-პავლობის დღესასაწაულისთვის; ვემზადებით მარხვითა და ლოცვით. ამბობენ, რომ პეტრე-პავლობის მარხვა შედარებით მსუბუქი მარხვა არისო, მაგრამ მოგეხსენებათ, წუთისოფელში ყველაფერი შედარებითია და ამჟამინდელი მარხვის ე.წ. სიმსუბუქეც პირობითია და შედარებითი. კაცმა რომ თქვას, მორწმუნე ადამიანი ყოველდღიურად მარხულობს.
რას ნიშნავს მარხვა? - განა მხოლოდ იმას, რომ უარი თქვა საკვების გარკვეულ სახეობაზე? ...და ეს არის მთელი მარხვა? მაგრამ აბა დაფიქრდი, ამ დროს რამდენ რამეს ამბობ ისეთს, რაც არ გეკადრება შენ, რამდენი რამ გამოდის შენი ბაგიდან ისეთი, რაც არამარტო სხვას, არამედ უპირველესად შენ შეურაცხგყოფს და ღმერთის მიმართაც მკრეხელობაა?! რამდენი რამ გაიფიქრე ისეთი, რაც არ გეკადრება შენ; ვერ აკონოტროლებ საკუთარ ყურს, თვალს, ენას; აღარაფერს ვამბობ ვნებების შესახებ. ერთი სიტყვით, მარხვა ადამიანის ცხოვრებაში არის მრავალმხრივი, კომპლექსური ღვაწლი, როცა სხვადასხვა უნარებით და საშუალებებით ცდილობ, რომ ცოდვებისგან დაიცვა თავი და ღმერთის წინაშე წარემატო.
რაში მდგომარეობს ცოდვებისგან თავდაცვა და როგორ აკეთებ ამას?
ცოდვებისგან თავის დაცვა, ცოდვების აღიარებაში მდგომარეობს. ყოველი დამალული, დაფარული ცოდვა, არის სწორედ რომ შენიღბული ის საშინელი მდგომარეობა, რომელიც თანდათანობით სულ უფრო მეტად გითრევს სიღრმეში, როგორც ჭაობში; დააკვირდით, რაც უფრო მეტს მალავს და ფარავს ადამიანი, მით უფრო მეტად უჭირს მერე მისი აღიარება, და არათუ მოძღვრის წინაშე, არათუ ღმრთის წინაშე, არამედ საკუთარი თავის წინაშეც კი, და რაოდენ უგუნურადაც არ უნდა ჩანდეს, საკუთარ თავს „ემალება“.
ახლა სხვა რაკურსში განვიხილოთ ეს მდგომარეობა; წარმოვიდგინოთ, რომ ცოდვის ჩამდენი ადამიანი არის პიროვნება, რომელიც საზოგადოების დანარჩენი წევრებისგან გამოირჩევა მაღალ თანამდებობრივი ან იერარქიული მდგომარეობით, აქვს დიდი გავლენა და ავტორიტეტი. ასეთ შემთხვევაში ჩადენილი ცოდვის მოსალოდნელი შედეგები ბევრად უფრო საზიანოა, რადგან მისი მასშტაბები იზრდება ამ პიროვნების მდგომარეობის, გავლენების, აღიარებულობისა და ავტორიტეტულობის შესატყვისად.
...და როგორ ხდება ეს?
აქ თავს იჩენს ორგვარი საფრთხე:
ა) ცოდვის ჩამდენი პიროვნების მდგომარეობის, გავლენების, აღიარებულობისა და ავტორიტეტულობის შესატყვისად, საზოგადოებაში სუსტდება კრიტიკული დამოკიდებულება ამა თუ იმ კონკრეტული ცოდვისადმი; ...და მეტიც, ჩნდება მიბაძვის ტენდენციაც კი.
ბ) „მავანთა“ მიერ ხდება ცოდვის ჩამდენი ადამიანით მანიპულირება (მისივე „დაფარული“ ცოდვებისა თუ სისუსტეების გამჟღავნების პირდაპირი ან ირიბი მინიშნებებით) არალეგიტიმური ინტერესების სასარგებლოდ; ამ მეთოდით ხორციელდება მისი იძულება ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ინსტიტუციის, სფეროს, დარგის, საზოგადოების ან თუნდაც სახელმწიფოს ინტერესებს. ასეთ ვითარებაში ამ ადამიანის პირადი ცოდვა შორს სცდება პიროვნულობის საზღვრებს და იძენს დანაშაულის კვალიფიკაციას, რაც უკვე ხდება გაზომვადიც და აწონვადიც.
ზემოთ მოხმობილ ორსავე შემთხვევაში ცოდვა კარგავს პირადულის სტატუსს და ხდება ფართო განსჯის ან არაჯანსაღი მითქმა-მოთქმის საგანი.
აი, ახლა კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მდგომარეობამდე მიდის ადამიანი და რას უშვრება მას ეშმაკეული, ბოროტი სული, რომელთანაც იგი არ არის გამიჯნული; ეშმაკეულმა თვით ადამი და ევა მონუსხა ჯერ კიდევ სამოთხეში. ეშმაკეულს შეუძლია მონუსხოს, მთვლემარე მდგომარეობაში ჩააგდოს მთელი საზოგადოება ან მისი დიდი ნაწილი.
- ბოროტეულთან გამიჯვნა ნიშნავს ცოდვასთან დაპირისპირებას, უპირველესად საკუთარი თავის მხილებას მისთვის მახასიათებელ სისუსტეებსა და ცოდვილ მიდრეკილებებში;
- ცოდვასთან გამიჯნვა ასევე ნიშნავს იმ გარემოებათაგან გამიჯვნა-განშორებას, როცა შენი პირადი ცოდვები შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს მრავალთ და მრავალმხრივი ზიანის მომტანი გახდეს.
სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ დღეს და მარადჟამს, და განსაკუთრებით მარხვის პერიოდში, როდესაც არის განსაკუთრებული ჟამი სინანულისა, როდესაც შენ განსაკუთრებით ფიქრობ შენს სულზე, ცხონებასა და გადარჩენაზე.
დღეს ჩვენ მოვისმინეთ წმიდა სახარება (ლკ.7,36-50), რომლის მიხედვითაც ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა იესოს, მასთან ეჭამა პური. იესო შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას. ამ ქალაქში იყო ასევე ცოდვილი დედაკაცი, რომელმაც როგორც კი გაიგო, იესო ფარისევლის სახლში ზისო, მიიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით; ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა. ფარისეველმა, რომელიც არის იმჟამინდელი საზოგადოების წარჩინებული, ასე ვთქვათ, ელიტარული პიროვნება, გულში განიკითხა იესო ქრისტე: - ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხებაო მას, რადგან ცოდვილია იგი. იესო წაიკითხავს ფარისევლის გულისთქმას და იგავს მოუყვება მას და შემდეგ დასძენს: - „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფერხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფერხნი და თავისი თმებით შემიხოცა; შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფერხთა კოცნა; შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფერხთ; ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა... და უთხრა დედაკაცს: - მიგეტევა შენი ცოდვანი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ, წადი მშვიდობით.
ძალიან დამაფიქრა ამ ისტორიამ; ვინ არის ჩვენში უცოდველი? ვის შეუძლია თქვას: - მე ცოდვა არ მაქვს, ან ვინ განსჯის ჩვენს შორის ვისი ცოდვა მეტია და ვისი ნაკლები?! ეკლესიაში ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ჩვენი სისუსტეები, ჩვენი ცოდვები ღმრთის წინაშე მოვიტანოთ, აღსარება ვთქვათ, განვიწმიდოთ და ვეზიაროთ იესო ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს, და ამით გაძლიერებულები წავიდეთ სახლებში და ასე გავაგრძელოთ ჩვენი შემდგომი ცხოვრება. ვიდრე ამა სოფლის მკვიდრნი ვართ, მუდამ ასე უნდა ვიცხოვროთ, რადგან ყოველივე, რისთვისაც ჩვენ ხშირად ძალიან ბევრს ვშრომობთ, ფიზიკურად ვიღწვით, როგორც იტყვიან ადამიანები - „წელებზე ფეხს ვიდგამთ“, არ არის საკმარისი, რადგან ეს ყველაფერი ხორცისთვის სახმარ არს, მაგრამ ასევე სჭირდება სარჩო-საბადებელი სულს და ნუ ვეტყვით საკუთარ თავს უარს იმ საოცარ მადლზე, რომელსაც ღმერთი გვაძლევს.
მთელი წმიდა წერილი განმსჭვავულია სწავლებით, მოწოდებით სინანულისკენ, საკუთარი თავის შეცნობისკენ, რათა გაარკვიო ვინ ხარ, რისთვის ხარ და საით, რა მიმართულებით უნდა იმოძრაო, როგორ იცხოვრო, რადგან ამსოფლიური ღირებულებები ძალიან სწრაფად ცვალებადია; თვით მსოფლიოც სწრაფად იცვლება და შესაბამისად იცვლება ამსოფლიური ღირებულებებიც ზუსტად ისევე, როგორც იცვლება მოდა (ტენდეცია) ჩაცმულობის, დიზაინისა თუ ცხოვრების სხვა სფეროებში.
ქრისტიანობაში, ჩვენს რწმენაში არის ღირებულებები, რომლებიც დროს არ ექვემდებარება, არც სიძველეს, არც დაბერებას, არც ჭკნობას, არაფერს. ეს არის მარადიული ღირებულებები, რომელიც უფლისგან მომდინარეობს და ამ მარადიულთან ნაზიარები ადამიანი, თვითონაც მარადიული ცხოვრების მემკვიდრე ხდება. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ და ვინც თავის თავს, თავის ცხოვრებას დაუკავშირებს დროებითს და წარმავალს, ის ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს და დამარცხდება.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი მრევლი, ჩვენი სულიერი შვილები! ვევედრებით ღმერთს, რომ სულიერად გავძლიერდეთ;
პეტრე-პავლობის მარხვა მიწურულს უახლოვდება;
12 ივლისს არის ხსენება წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი და ამ დღისთვის ეცადეთ, რომ არავინ დარჩეთ აღსარების გარეშე, არავინ დარჩეთ წმიდა ზიარების გარეშე. ჩვენი ღმერთი არის ღმერთი სიყვარულისა, ღმერთი მოწყალებისა და ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგეშინდებათ, ნუ შეგრცხვებათ, ნუ შეგიპყრობთ სასოწარკვეთილება, ნუ იფიქრებთ, ღმერთი მე ამას როგორ მაპატიებს; მეორეს მხრივ აქვე გეტყვით, ნუ ვიქნებით კადნიერნი, ნუ გავთავხედებით ღმრთის წინაშე იმგვარად, როცა იცი რა, რომ ღმერთი მოწყალეა და გაპატიებს, ამ განსაკუთრებული განწყობით შთაგონებული არ ერიდები ცოდვას, არ ერიდები სხვა ადამიანების გულისტკენას, არ ერიდები თუნდაც საკუთარი თავის შეუაცხყოფას და შებილწვას სხვადასხვა უღირსი საქციელითა და ქმედებით. ...და საერთოდ, ქრისტიანობა ცხოვრების წესია; მას აქვს არა მხოლოდ ფორმა, არამედ უმთავრესი ნაწილი - შინაარსი. ამ შინაარსთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი რეალური ცხოვრება, ანუ ეს უნდა იყოს რწმენა, განხორციელებული ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი მუშაობ, მოქმედებ, მოძრაობ, ცხოვრობ, იღწვი და აი ამ ყველაფერში შენი მთავარი მოტივატორი, მთავარი ბიძგის მომცემი, არის შენი ცოცხალი (რეალური) რწმენა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გკარნახობს ყოველ შემდგომ ნაბიჯს, და არა იმპულსები, წამიერი ემოციები და შინაგანი აფეთქებები, რომელიც შემდეგ სანანებელი გიხდება და, საბოლოო ჯამში, შეიძლება ძალიან ძვირიც დაგიჯდეს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ!
კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა,
მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
08 ივლისი, 2018 წელი.
ფოთის საკათედრო ტაძარი.

შევეწიოთ მონასტრის აღორძინებას