ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის საკვირაო ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ძვირფასო მამანო და დედანო, ძმანო და დანო,
მოგეხსენებათ, კვირა საუფლო დღეა; ამ დღეს კეთილმორწმუნე ქრისტიანი ტაძარში უნდა მივიდეს და საღმრთო მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა, იხმიოს სულიერი ტრაპეზი, რომელიც უფალმა განუმზადა თითოეულ ადამიანს პირად-პირადად. ამ დღეს ყველა საქმისგან უნდა მოიცალო, გულისყური მიაპყრო უფლის მოწოდებას და შენი დრო დაუთმო სატაძრო მსახურებას. ასევე გეტყვით, რომ ყოველი კვირა არისბრწყინვალე აღდგომის გახსენება; შეგეწიოთ სიცოცხლის მომნიჭებელი საღმრთო მადლი!

კვირის მსახურების გარდა, ჩვენ ყოველ დღე ვიხსენებთ ამა თუ იმ საეკლესიო მოვლენას საღვთო ისტორიიდან, წმიდა წერილიდან; ვზეიმობთ სხვადასხვა წმიდანთა ხსენებას და ეს არის განუყოფელი ნაწილი ქრისტიანული სულიერი ცხოვრებისა; ხშირად მორწმუნე ადამიანები გამორჩეულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ამა თუ იმ წმიდანისადმი, რაც ასევე, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა; თითოეულ ადამიანს ხომ თავისი პირადი სულიერი ცხოვრების პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე აქვს ამა თუ იმ წმიდანისადმი, მაგრამ უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ არცერთი წმიდანი არ არის ღმერთზე დიდი. არადა ფაქტია, რომ ადამიანებს, რიგ შემთხვევებში, და არც თუ იშვიათად, წმიდანისადმი დამოკიდებულება ისეთი სახის მიჯაჭვულობაში გადაეზრდებათ, რომ მისი გაკერპების საფრთხე ჩნდება და ეს დიდად საფრთხილო საქმეა! შესაძლოა ადამიანს გქონდეს სიყვარული და განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე რომელიმე წმიდანისადმი, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა უპირველესად ეკუთვნის სამყაროს შემოქმედ ღმერთს; შესაბამისად, ისე უნდა წარმართო შენი სულიერი მოღვაწეობა, რომ უნებლიედ, არ დაამცრო უფლის სახელი და დიდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთს ამით კი არაფერი დააკლდება, მაგრამ შენი რელიგიური გრძნობები და სულიერი ხედვები თანდათანობით დაზიანდება და გარკვეულ ეტაპზე, ჭეშმარიტ ქრისტიანულ ხედვებთან წინააღმდეგობაშიც კი მოვა. წმიდანის პატივისცემაზე დიდი რა უნდა იყოს, მაგრამ გაკერპების პრობლემას აქაც კი შეიძლება გადავეყაროთ; აღარაფერს ვამბობ ცოცხალი ადამიანის გაკერპებაზე, რასაც ქრისტეს ეკლესიასთან არაფერი აქვს საერთო. ასე, რომ დიდი სიფრთხილე და ზომიერება გვამრთებს ყველგან, ყოველთვის და ყოველივეში!
დღეს თქვენ ტრადიციულად მოისმინეთ წმიდა წერილის განმარტება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ კარგად დაუფიქრდეთ წაკითხულ სახარებას, რის შესახებაც მამა ნიკოლოზმა იქადაგა მცირე ხნის წინ. კონკრეტულად კი მან თქვენი ყურადღება მიაქცია სახარების იმ ეპიზოდს, როდესაც იესო ქრისტე ღამით, ძლიერი ქარიშხლის პირობებში, აღელვებულ წყალზე გაივლის, რათა ნავში ავიდეს, სადაც მოწაფეები ელოდებიან, თუმცა ასეთი მოვლენის ხილვა მოციქულთათვის იყო მოულოდნელი, ენით აუწერელი და აქამდე უცნობი შესაძლებლობის გამოვლენა, რომლის წარმოდგენა არც კი შეეძლოთ; ამ სასწაულის ხილვამ მათში ერთდროულად აღძრა შიშიც, გაოცებაც, აღტაცებაც, ერთი სიტყვით, დიდი ემოცია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ ემოციას ვერ უმკლავდება მხურვალე რწმენით გამორჩეული საღმრთო მოციქული პეტრე და ითხოვს იესოსგან ნებართვას, რომ თვითონ მივიდეს მოძღვართან. ეს არის უაღრესად საყურადღებო და ჩვენთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი ეპიზოდი; ჩვენც ხომ არანაკლებ ემოციურები ვართ. მოციქულ პეტრეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ მის მხურვალე რწმენაც კი ვერ დაეხმარა მას მოძღვართან მისვლაში, რადგან წყალზე გავლისას მისი ყურადღება მიიპყრო აზვირთებული ტალღების მღელვარებამ და ქარიშხალმა (ანუ განსაცდელმა), დაეუფლა შიში და წყალში ჩაძირვა იწყო. რამდენადაც უფლის დიდებულებამ და დანახულმა სასწაულმა აღაფრთოვანა იგი, რაც დიდი ემოციებით იყო გამოწვეული, იგივე ემოცია ზემოქმედებს მასზე განსაცდელის დანახვისას. ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ასე ხდება შემდგომში, რაჟამს „შიშისათვის ჰურიათასა“ სამგზის უარყოფს მოძღვარს და მამლის მამხილებელი ყივილიც არ დააყოვნებს. აი რა მოსდის ადამიანს, როდესაც მასში ემოცია გაბატონდება.
აქ კითხვა გვიჩნდება, რა არის ემოცია და როგორია მისი წარმომავლობა? ამის შესახებ ცალკე და სხვა დროს შეგვიძლია ვისაუბროთ; ახლა კი ის უნდა ვთქვათ, რომ ემოცია, მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც, ახასიათებს ყველა ადამიანს; იმასაც გეტყვით, რომ პრობლემა არა ემოციაში, არამედ მის უმართაობასა და უკონტროლობაშია; ზღვარგადასული ყველაფერი ზიანის მომტანია ადამიანისთვის და მით უმეტეს - ემოცია, რომელიც უკონტროლო ხდება; ასეთ შემთხვევაში შენ ვეღარ აკონტროლებ შენს მოქმედებას, გონება იგნორირებულია და მხოლოდ შედეგის დადგომის შემდეგ იწყებ მომხდარის გაანალიზებას. ...და კიდევ კარგია, თუ მომხდარის შემდეგ მაინც ხდება ეს; აქაც სამაგალითოა პეტრე: პირველ შემთხვევაში, ჩაძირვას რომ იწყებს, იესოს მიმართავს საშველად, მის გამოწვდილ მარჯვენას ჩაეჭიდება და ასე დააღწევს თავს განსაცდელს; მეორე შემთხვევაში კი უსაზღვრო სინანული დაეუფლება მის გულს მაცხოვრის უარყოფის გამო, რისი მიზეზიც მასში აღძრული შიში იყო, და ორივე შემთხვევაში ჩვენ სახეზე გვაქვს ადამიანისადმი ღმერთის უსაზღვრო და უანგარო სიყვარული, რომელიც ნამდვილ სიცოცხლეს გაზიარებს.

ასე, რომ თუ შენს რწმენას სიღრმე არა აქვს, არ იწვრთნება მუდმივი სულიერი ცხოვრების (მეცადინეობის) პირობებში, საფრთხეებისა და განსაცდელების წინაჩე აღმოჩენისას შესაძლოა ღმერთის გარეშე დარჩე და მეტიც, - მის წინააღმდეგაც კი გაილაშქრო ამ დროს ფიქრობდე, რომ მას იცავ. ეს არც თუ იშვიათად ხდება დღეს; ასეთი რამ ხდებოდა ძველადაც; ამის გამოხატულება იყო და არის სხვადასხვა ერესები; ამის შედეგი იყო და არის რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი ძალადობრივი დაპირისპირებები; ამის შედეგია ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი და ა.შ.
დღეს მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების 630 მამის ხსენებაა და უნდა ითქვას, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებები იმართებოდა იმისთვის, რომ გამოემუშავებინა და ეკლესიის ცხოვრებისთვის შეექმნა სწავლა-მოძღვრებითი და ადმინისტრაციული ხასიათის მტკიცე საფუძვლები, რაც უზრუნველყოფდა წუთისოფელში მის დაცულობას და წარმატებულ მისიას. დიდი კრებები ტარდებოდა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიის წინაშე მწვავედ დადგებოდა რიგი საკითხებისა (ეს იყო საკითხები საეკლესიო სწავლებასთან, თუ ეკლესიის ადმინისტრაციულ მოწყობასთან თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის მიერ თავისი სულიერი ცხოვრების, თავისი რწმენის განხორციელების პრობლემებთან და მოცემული ეპოქის სხვადასხვა გამოწვევებთან დაკავშირებით).
მადლობა ღმერთს, რომ 21-ე საუკუნეში, თანამედროვე გამოწვევებისა თუ განსაცდელების წინაშე მდგართ, გაგვაჩნია ის სულიერი და სამართლებრივი მემკვიდრეობა, რასაც კარგად წაკითხვა და დღევანდელობის კონტექსტში გააზრება სჭირდება. ჩვენ, ქრისტიანებს, ეკლესიის წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვქონდეს ურთიერთგანსხვავებული აღქმა და შეფასებები მოვლენებისა, რაც პრინციპში ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანთა საზოგადოებაში, სულიწმიდის მადლით ჩვენ გვაერთიანებს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ვართ ერთი ოჯახის წევრები და ამ ერთობის პირობებში უნდა შევეცადოთ მოვნახოთ გზები და პასუხი გავცეთ უკვე ჩვენი დროის გამოწვევებს. ამის ტრადიციული გზა და საშუალებაა ერთიანი სულიერი ოჯახის წიაღში შეკრება, პრობლემათა განხილვა, ადგილობრივ გამოცდილებათა ურთიერთგაზიარება. მხოლოდ ასე დაიძლევა ეკლესიის წინაშე არსებული სირთულეები და არა საეკლესიო სეპარატიზმით, რაც ანგრევს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ერთობას და საფრთხეს უქმნის მის სამომავლო მისიას!
ვიხსენებთ რა მე-4 მსოფლიო კრების მამებს, ლოცვით მივმართავთ და შევთხოვთ წმიდა კრებულს, სულიერი მზრუნველობა არ მოგვაკლონ, ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის მიერ დღემდე განვლილისგან აბსოლუტურად განსხვავებული ეპოქაში და შესაბამისად, განსხვავებულ საზოგადებაში. დღევანდელობისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური განვითარებისა და მეცნიერული მიღწევების მასშტაბები თანამედროვე ადამიანს ხშირად ისე ხიბლავს, რომ ლამის თავისი თავი მიაჩნია ღმერთად და მაშინაც კი, როცა რელიგიასა და რწმენაზე საუბრობს, საღმრთო დიდებულება და საღმრთო სახელი მისთვის უფრო ფორმალურ ან სიმბოლურ დატვირთვას იძენს, არსებითად კი, შინაგანად, მიაჩნია რომ თვითონ არის ყველაფრის საწყისი; ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, განვითარებას პოულობს ეგოიზმი, რაც ადამიანს არათუ ღმერთთან აშორებს და აუცხოებს, არამედ - თვით ადამიანებთანაც და იწვევს საზოგადეობის დანაწევრება-დათითოკაცებას! ამ საფრთხისგან თავის დაცვას ჩვენ შევძლებთ მხოლოდ ქრისტესმიერი ერთობით, რაც გამოიხატება ქრისტიანული სწავლა-მოძღვრებისადმი ერთგულებით, სწავლა-განათლების პროცესში მუდმივი ჩართულობით და ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ჩვენი ეკლესიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და განსაცდელებზე ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ესაც ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მდგომარეობას ართულებს უკიდურესობები, რაც ახლავს ყოველივე ამას. ერთნი ამშვიდებენ ადამიანებს და არსებულ სინამდვილეს ნათელ ფერებში წარმოადგენენ, რაც საზოგადოებრივი აზრის მოდუნებას იწვევს, ხოლო მეორენი ცდილობენ ადამიანებში შიშები დანერგონ და საზოგადოება მუდმივ დათრგუნულ სულიერ მდგომარეობაში ამყოფონ, რაც ადამიანში იწვევს გაუცნობიერებელ შიშებს და გაბოროტებას.
აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ასეთ რამეს გეტყვით: ჯარისკაცს სჭირდება არსებული რეალობის ფხიზელი აღქმა, გამხნევება, გაწრთვნა, რათა არ შეეშინდეს, იყოს მტკიცე, სიკვდილმა შეაშინოს; მას ასევე ასწავლიან თუ როგორ დაიცვას თავი; ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ სიფრთხილე და შიში; სიფრთხილე გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მომავალთან მიმართებითაც, სიფრთხილე გვჭირდება ყველა იმ შემთხვევაში, როცა არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რაც შეეხება შიშს, ეს ისეთი ტიპის ფენომენია, რომელიც ადამიანში ასუსტებს, ზოგჯერ კი უბრალოდ ახშობს აზროვნების უნარს. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ადვილი სამართავი ხდება და სწორედ ასეთი ადამიანების საზოგადოება თვითონ ხდება საფრთხეების შემცველი.

საყვარელნო, მუდამ უნდა გვახსოვდეს, ვისი მოწაფეები ვართ! ჯვარზე ამაღლებულმა იესომ სიკვდილზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებას გვაზიარა ჩვენ; ხომ გვახსოვს, რომ ქრისტეს მოწაფეები ვართ?! იესოს მოწაფეობა კი მისდამი მიმბაძველობაშია. 
„ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი“(ინ. 13,34).
აი, მთავარი სახარებისეული მოწოდება!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ; ღმერთმა დალოცოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მისი შვილები, რათა ჩვენ შევძლოთ ღირსეულად გავუმკლავდეთ ჩვენი დროის გამოწვევებს და ჩვენს შვილებს გადავცეთ დაურღვევლად, დაუზიანებლად, უდანაკარგოდ, ის მადლი და წყალობა, რაც ჩვენ მიგვიღია ღვთისგან, და ჩვენი დედა ეკლესიის წიაღიდან. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.
გვსურს დღევანდელი ჩვენი ქადაგება დავასრულოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციით:
გუშინწინ, 2018 წლის 27 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაიმართა ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო ნაშრომების პრეზენტაცია და უნივერსიტეტის პირველი ნაკადის 14-მა მაგისტრანტმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომები. ეს არის ჩვენი დიდი სიხარული და, რა თქმა უნდა, წარმატება. სწორედ იმისთვის დაფუძნდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, რომ წვლილი შეიტანოს ჩვენი საზოგადოების განვითარებაში და არსებითი გავლენა მოახდინოს ქრისტიანულ სააზროვნო სივრცეზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი, აწ უკვე, მაგისტრები, რომელთა შორის ნახევარი სასულიერო პირები არიან, რაც კიდევ უფრო მეტად გვახარებს. საქართველოს ეკლესიის წიაღში არსებულმა ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა ძალიან მოკლე დროში დაიკავა გამორჩეული ნიშა იმით, რომ იგი ემსახურება ქრისტიანული ფილოსოფიისა და სხვა საღვთისმეტყველო დარგების განვითარებას, რაც განსაკუთრებით გააძლიერებს ჩვენი მშობელი ეკლესიისა ინტელექტუალურ რესურსს და ხელს შეუწყობს ჭეშმარიტად ქრისტიანული აზროვნების დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში!

ჩვენი შემდგომი დღეების კალენდარი ასეთია:
2 აგვისტოს არის ილია წინასწარმეტყველის (თეზბიტელის) ხსენება;
4 აგვისტოს, 12:00 საათზე - მოხდება ბრწყინვალე აღდგომის ხატის ჩამობრძანება ფოთში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ამ ტაძრისთვის. ხატის მობრძანება ჩვენი ეპარქიის სულიერ ზეიმის გამომხატველი უნდა იყოს.

ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ დეკანოზ ამბროსი ხოშტარიას, რომელსაც გუშინ გარდაეცვალა მამა - ბატონი რეზო ხოშტარია; ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. ხუთშაბათს არის მისი დაკრძალვა და გამოსვენება იქნება ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრიდან, კუნძულის უბანში.
ასევე გულისტკივილს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნიკოლოზის სახელობის ზ/ს სკოლის მოსწავლის, 12 წლის ანასტასია მიქაბერიძის გარდაცვალების გამო და ღმერთს ვავედრებთ მის ნორჩ უკვდავ სულს.
ღმერთმა დაგლოცოთ!
კურთხევა უფლისა იყოს თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცმოყვარებითა ამინ!
ქრისტე აღდგა!