ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის საშობაო გზავნილი ფოთისა და ხობის ეპარქიის სამწყსოსადმი


სულიწმიდის მადლში შობილნო მამანო და დედანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერნო შვილნო!
დღეს, იესო ქრისტეს ახალი აღთქმის მემკვიდრენი ვდღესასწაულობთ ერთ-ერთ გამორჩეულ საუფლო დღეს - ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი! ამ დიდებულ მოვლენას საგანგებო გალობით ეგებება ეკლესია:
შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო,
აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა,
რამეთუ რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ, 
ვარსკვლავისაგან ისწავლეს თაყვანისცემაი შენი,
მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი
მაღლით აღმოსავალთად,
უფალო, დიდება შენდა!

ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავთ დიდი ხნის მოლოდინის აღსრულებას! ამ დღეს ხომ დიდხანს ელოდა მრავალი თაობა. დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს მოვლენა ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის; რა კავშირი აქვს მას სამყაროსთან და თითოეულ ადამიანთან; როგორი მოლოდინებით ხვდება მას სამყარო, ქრისტეს ეკლესია?
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქრისტეს შობა არის ღმერთის მიერ პირველ ადამიანებთან დადებული აღთქმის აღსრულება, ანუ ღმერთმა ადამიანთან დადებული პირობა შეასრულა და ქვეყნად მოავლინა მხსნელი, რომელიც ხორციელად იშვა ქალწულ მარიამისგან სულიწმიდის მიერ. იესო ქრისტეს შობა ემსახურება ადამის მოდგმის გამოხსნას ცოდვებისა დ შესაბამისად, სიკვდილის მონობისგან. დღეს შემოქმედი ღმერთი კვლავ და კვლავ გვთავაზობს ჭეშმარიტ სიცოცხლეს და ულევ სიხარულს. უფლის განკაცება უდიდესი საიდუმლოა: ის, ვინც მარადჟამ მყოფია და ვისგანაც შეიქმნა ყოველივე, რაც კი რამ შექმნილა, ქალწულის წიაღმა დაიტია; ღმერთი დამდაბლდა, რათა ადამიანი აღამაღლოს; ეს, მანამდე არ ნახული და არ გაგონილი, ჩვენი რწმენის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამ რწმენითა და იმედით ვეგებებით ახალშობილს, რადგან რაც კი რამ თქმულა მანამდე, ყოველივე აღსრულდა და დღევანდელი დღე, ვფიქრობთ რა უფლის განკაცების საიდუმლოზე, გვაძლიერებს და გვიმყარებს რწმენას აღთქმული ზეციური სასუფევლისა და მარადიული ცხოვრების შესახებ. ქრისტეშია ჩვენი ხსნა. მასშია ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნების განახლება, ჭეშმარიტი თავისუფლება!
ჩვენდა სამწუხაროდ, ქრისტესშობის დიადი მოვლენის სიხარულთან ერთად, ძნელია თვალი დახუჭო ყოველივე იმაზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება თანამედროვე მსოფლიოში, თუნდაც - ჩვენს სამშობლოში, ჩვენს თვალწინ:
- უამრავი სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული და მიუსაფარი ადამიანი, რომელიც ელოდება ჩვენს თანაგრძნობას, უფრო კი - თანადგომას;
- უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლები;
- თვითმკვლელობათა სიხშირე;
კიდევ შეიძლება ჩამოთვლის გაგრძელება, მაგრამ აქ გავჩერდებით და ვიტყვით, რომ ეს ყოველივე მძიმე ფონს ქმნის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჯერა, რომ ხელისუფლებას ეს აწუხებს, მით უფრო, რომ მისი უპირველესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, თუმცა აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ არსებულ სირთულეებს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური; სუბიექტურ მიზეზებთან დაპირისპირება (რამდენადაც ისინი ჩვენი შიდა მოუწესრიგებლობიდან მოდის) უპირატესად შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციების, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის ვალდებულებაა, ობიექტურ მიზეზთა გააზრება-გაანალიზება და მათთან გამკლავება თითოეული მოქალაქის, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების, რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის ეკლესიის, და სახელმწიფოს ერთობლივი ამოცანაა; ამ კატეგორიის მიზეზთა შორის არის:

- საქართველოს არჩევანი, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, განვითარებასა და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო (და ამ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს);
- ოთხმოცდაათიანების გამოძახილი (განვითარებული შიდა დაპირისპირება და საომარი მოვლენები, რამაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა და დიდი ზიანი მიაყენა ეროვნულ თანხმობას, საზოგადოებრივ ურთიერთობებს, და ჯამში - ქვეყნის განვითარებას:
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და მისი შედეგები რამაც რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ისედაც საკმაოდ რთული ვითარება კიდევ უფრო მეტად დაამძიმა (თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს ომი ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების ბოლოს დაიწყო და დღესაც გრძელდება);
- „ძველი კაცის“ სინდრომი, რაც აჩრდილივით მოგვდევს და ისედაც რთულ ცხოვრებას, კიდევ უფრო ართულებს.

ყველა ზემოჩამოთვლილი მიზეზი ჩვენგან ელოდება საერთო ვითარების ღრმად გაცნობიერებას და პრინციპულ მიდგომას; უკან დასახევი გზა არ გვაქვს! ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი ჩვენგან ითხოვს უდიდეს ძალისხმევას და დიდ მოთმინებას, მიზანდასახულობას და გეგმაზომიერი ნაბიჯების გადადგმას; ეს არის ჩვენი ვალდებულება ქრისტიანულიც, მამულიშვილურიც, მოქალაქეობრივიც.
უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომ 2017 წელი დაღდასმული აღმოჩნდა ე.წ. ციანიდის საქმის გამო, რამაც დიდი ზიანი მიაყენა შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საქართველოს საპატრიარქოს ავტორიტეტს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი წოდების სასულიერო პირი იქნა გასამართლებული და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ეს საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული;
საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ის მდგომარეობა, რომ ეკლესიაში მომსვლელთა რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული, რაც ჩვენგან, სასულიეროთაგან (და არა მხოლოდ სასულიეროთაგან) მდგომარეობის ღრმა ანალიზსა და თანამედროვე რეალობაში გააზრებას ითხოვს.
ჩვენს (გლობალიზაციის) ეპოქაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი თეორიული და პრაქტიკული გამოწვევების წინაშე დგას, რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ჩვენი სამომავლო გეგმების განსაზღვრის პროცესში.
ერთის მხრივ უნდა ითქვას, რომ 1977 – 2017 წლებში, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლით, მთელი ეპოქა შეიქმნა: გაიზარდა ეპარქიების რიცხვი, ქართული სამრევლოები გაჩნდა უცხოეთში, შესაბამისად, გაიზარდა მღვდელმთავართავართა და სამღვდელოების (მათ შორის ბერ-მონაზონთა) რიცხვი, აშენდა მრავალი ტაძარი და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ეკლესიის საფარქვეშ გაჩნდა საბავშვო ბაღები, სახელობო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოციალური სახლები მიუსაფართათვის და ასე ა.შ., კიდევ შეიძლება ჩამოთვლა,

თუმცა, მეორეს მხრივ გასათვალისწინებელია, რომ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ; ეს რეალობა ჩვენგან ითხოვს ეკლესიის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კონტროლის მექანიზმების დახვეწას, რაც სრულყოფს და გაზრდის მართვის ეფექტურობას; ამისთვის, ვფიქრობთ, საჭიროა ეკლესიის, როგორც საქართველოში დღეს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის, სისტემური უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება. ეს არის ჩვენს წინაშე მდგარი გარდაუვალი აუცილებლობა; თუ არა დღეს, ამის აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ დადგება ახლო მომავალში.
დღეს, როცა თვით მთელი მსოფლიო (არათუ საქართველო!) დგას დიდი გამოწვევების წინაშე, ვაცნობიერებთ რომ ეკლესიამ კვლავაც უნდა წამოიწყოს აქტიური მსჯელობა და დისკუსია იმ საჭირბოროტო საკითხების შესახებ, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. (მსგავსი საუბრები, მსჯელობები იმართებოდა საქართველოს საპატრიარქოში მისი უწმიდესობის, ილია მეორის ორგანიზებით 70-იანების მიწურულსა და 80-იან წლებში).
ეკლესია უშუალო თანაზიარი უნდა გახდეს იმ პროცესებისა, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგნად ქცეულა, ხოლო ჩვენი საზოგადოება კი, თავის მხრივ, შეძლებისდაგვარად, თანაზიარი (და თანამონაწილეც კი) უნდა გახდეს იმ მოვლენებისა, რომელსაც ადგილი აქვს თვით ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში!
კიდევ ერთ საკითხს გვსურს შევეხოთ:
ჩვენი ყოფა-ცხოვრების პრობლემების შესახებ როდესაც ვსაუბრობთ, შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყოველდღიური ცხოვრებიდან განდევნილი გვყავს ქრისტე და თითქოს, ხელსაც კი გვიშლის, რადგან მისი უზენაესი სიწმიდე ამხელს ჩვენს ცოდვებს, გადაცდომებს, დანაშაულებს.

მიუხედავად ჩვენი ადამიანური შეცდომებისა, ცოდვებისა თუ დანაშაულებისა, რის გამართლებასაც ვცდილობთ ხოლმე სხვადასხვა საბაბით და ვემალებით საკუთარ სინდისს, ერთადერთი გარდაუვალი და გადამრჩენელი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ დავაბრუნოთ ქრისტე მაცხოვარი ჩვენს ცხოვრებაში, რამეთუ ჩვენი ხსნა მასშია, რომელსაც, და მხოლოდ და მხოლოდ მას, შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა.
დროა განვიმოსოთ „ძველი იგი კაცი“ და ვეზიაროთ სინათლეს. მხოლოდ ასე გავუმკლავდებით თანამედროვეობის გამოწვევებს, მხოლოდ ასე შევუქმნით მყარ გარანტიებს ჩვენს და ჩვენი შვილების, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი სამშობლოსა და დანარჩენი მსოფლიოს უკეთეს მომავალს!
განკაცება იესო ქრისტესი არის უეჭველი დასტური იმისა, რომ კაცთა მოდგმის ხსნა ადამიანების უშუალო მონაწილეობით აღსრულდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სულიერი და ზნეობრივი სრულყოფის გზაზე, უფლისმიერ აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე გვექნება დაბრკოლებები, განსაცდელები და მათი დაძლევა შესაძლებელი გახდება მაშინ, როცა შენი ბრძოლა მიმართულია კონკრეტული მიზნისკენ და ეს მიზანი არის პოზიტიური; ანუ როცა იბრძვი, რაღაცისთვის (და არა რაღაცის წინააღმდეგ). ეს „რაღაც“ კი არის (არც მეტი, არც ნაკლები) ნამდვილი თავისუფლება. გვახსოვდეს, თავისუფლება ჭეშმარიტებაშია:
უფალი ჩვენი, იესო ქრისტე ბრძანებს : „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე... “(ინ. 14,6)
მყარად დავდგეთ ამ გზაზე და განკაცებულ მაცხოვარს შევთხოვოთ, რომ დაიცვას ჩვენი სულიერი ერთობა, ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წიაღში.
მამანო და დედანო, ძმანო და დანო, ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო, დაე ახალშობილის მადლმა აღგავსოთ თქვენ, თქვენი ოჯახები და მთელი სამყარო ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით.
მადლი და წყალობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!
+ გრიგოლი
მიტროპოლიტი ფოთისა და ხობისა
ქრისტესშობა
7 იანვარი 2018 წ.