ხობის მერია: მიწისზედა გაზსადენი მილების გაყვანა აუცილებლობითაა განპირობებული [ფოტო]


ხობის მუნიციპალიტეტში, მთავარ მაგისტრალზე, ადგილობრივი მცხოვრებლების ეზოების წინ მიწისზედა გაზსადენი მილები გაიყვანეს. როგორც „ლაივპრესს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სამუშაოები სათანადო ნებართვით ხორციელდება.


„სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისას ადმინისტრაციული ერთეულების ცალკეულ მონაკვეთებში მიწისზედა მილების გაყვანის აუცილებლობა განპირობებულია, შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემების შესაძლო დაზიანებით“, - განაცხადეს მერიაში.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერის გიორგი დარსანიას განმარტებით, მილები „საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიამ“ გაიყვანა და ამაზე პასუხისმგებელი კომპანია არ არის. მისივე ინფორმაციით, ე.წ. საჰაერო გაზსადენების გაკეთება ხდება მაშინ, როცა მიწისქვეშა კომუნიკაციებია გაყვანილი, ან მეწყერსაშიში ზონაა.

გიორგი დარსანია არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, აბასთუმანში, ცაცხვში და სხვა მეწყერსაშიშ ზონებში ე.წ. საჰაერო მილსადენები თავადაც გაიყვანონ.

რამ გამოიწვია ხობის მუნიციპალიტეტში გაზის მილსადენების ჰაერში გაყვანა და რამდენად უსაფრთხოა ის მოქალაქეებისთვის, „საქართველოს ნავთობის და ტრანსპორტირების კომპანიაში“ „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.





ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!