გამგებელი ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. შეხვედრას გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა ესწრებოდნენ.
ფონდმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო  პროექტის: „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისთვის - ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განხორციელება.
პროექტი მიზნად ისახავს სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ისეთი მომსახურებით უზრუნველყოფას, რაც მათ  გრძელვადიან და მდგრად რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს. 
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და მათი სამშობლოში დაბრუნებიდან არა არის გასული ერთი წელი.

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.