ხობში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება „ძუკუ ლოლუა და მისი მოსწავლეები“ გაიმართა.  პარალელურად მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს, თვითნასწავლი მხატვრისა და ფოტოგრაფის, ირაკლი შონიას ნახატების და ფოტო-ნამუშევრების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდა. გამოფენა სახელწოდებით „რწმენის ძალა“ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისადმი იყო მიძღვნილი.  გამოფენილი  ნამუშევრები რელიგიურ თემატიკაზე  მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ნახატების ნაწილს წარმოადგენს, რომლის დათვალიერების საშუალება დაინტერესებულ პირებს 27 მაისამდე შეეძლებათ.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მორიგი ღონისძიება ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 27 მაისს გაიმართება.